შემაჯამებელი მუშაობა
(წაუკითხეთ და შეასწავლეთ თქვენს პატარებს)
აღნიშნული მეცადინეობა დაეთმობა წინა სამ თემატიკას - ექვსივე პროცედურითა და მოცემულ სიტყვებზე პროზისა და პოეზიის ნიმუშების წარმოდგენით.
დედა
დედა ჰქვია დედაციხეს,
დედაქალაქს, დედამიწას.
დედაბოძს თუ დედაენას
დედის ძალა დედამ მისცა!
დედა უძღვის წინ ყველაფერს,
ჩვენს სალოცავს, ჩვენს საფიცარს...
რადგან ძალა დედამ მისცა,
დედა იცავს დედამიწას.
დედიკოს ვფიცავარ
წერა - კითხვა ვისწავლე,
აი, უკვე დიდი ვარ.
არ წამიყვანთ სკოლაში?
ბაღში აღარ მოვდივარ!
თვლა ხომ ვიცი ასამდე,
თანაც ექვსი წლისა ვარ,
პატარა რომ ვიყავი,
განა ისევ ისა ვარ!
სულ ათებზე ვისწავლი.
ჩემს დედიკოს ვფიცავარ!
ქეთინო, გამოიცანი!
გამოცანა:
მტერია სიბნელის, მტერია წყვდიადის.
ყველაზე ლამაზი, ყველაზე თბილი,
დიადი, ზვიადი, ნაზი და კეთილი
იძინებს ღამით და იღვიძებს დილით.
პასუხი:
ყველაზე ლამაზი? ყველაზე კეთილი?
ზვიადი? დიადი? რა არის ნეტა?
შენ თუ მზე გგონია არა ხარ მართალი,
ეს გახლავთ ჩემი და მანანას დედა.
დედა
როცა ვინმე წარბშეკრული გვიწყრება,
დედა გვიცავს, დედა გვიდგას თავდებად,
ყოველი გზა დედის კალთით იწყება,
ყოველი გზა დედის გულთან თავდება.
დედა შინ და დედა გარეთ...
დედა ჯდება საჩეჩელთან,
აღარ ახსოვს სად დაიწყო,
აღარ ახსოვს სად შეჩერდა.
ბოსტნის კვლებს და ვაზებს უვლის,
აცხობს, ხარშავს, კერავს, რეცხავს...
გარეთ დადის ვეფხვის გულით,
ჩიტის გულით უზის კერას.
დედა შინ და დედა გარეთ,
დედა ყველგან არის მართლაც;
აკვანს თავზე დაჰკანკალებს,
ქარს უფარებს კაბის კალთას.
ცალი ხელით ჩვილი მიჰყავს,
ცალი ხელით კრეფს და არჩევს,
დედა უფრო მისთვის გვიყვარს,
ნატკენს ჩვენსას კოცნით არჩენს.
დედა შინ და დედა გარეთ,
ბრმაც რომ იყოს, გულით გვხედავს...
ლხინში ჩვენთან დანარნარებს,
გასაჭირშიც ვუხმობთ დედას...
რომ გავიდეს ასი წელიც,
დედისთვის ვართ მაინც ბავშვი,
თურმე ენით როცა გვწყევლის,
ძუძუებით გვლოცავს მაშინ.
დედა შვილებს გვიდგას გვერდით,
დედამ იცის მუნჯის ენაც,
დედა არის ქვეყნად ერთი
და ვერავინ ვერ ცვლის დედას.
„ლამაზად შვილის გამზრდელი დედა მიცვნია ღმერთადა“
ვიდრე დედა გყავს
ზოგჯერ თუ სევდა დანისლავს თვალებს,
ვერ დაიოკებს ცრემლებს ჟინიანს,
ნუ შეგაშინებს უძირო ღამეც,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.
თუ გაგიხუნებს მეწყერი ფერებს
და ზამთრის სუსხი მხრებზე დაგათოვს,
გულს ნუ გაიტეხ, რა ვუყოთ მერე,
დედის გული და კალთა გაგათბობს.
ნუ შეგაშინებს მეხი იერით,
მეხი უფესვო ხეებს ერევა,
ვიდრე დედა გყავს, შენ ხარ ძლიერი,
ვიდრე დედა გყავს, ვინ მოგერევა.
ჭირთათმენა და დიდი იმედი,
დედა სიცოცხლის თვალისჩინია,
ვიდრე დედა გყავს, ხარ ბედნიერი,
ვიდრე დედა გყავს, ნუ გეშინია.
*******
„მეც ამატირა ბევრჯერა
შენს თვალზე ცრემლის დენამა.
ნეტავი, ბევრი გაზარდოს
შენისთანები დედამა“!
*******
"ზღარბო, ზღარბო ქაცვია,
ეს რა ქურქი გაცვია?
დამაკაწრეს ხელები,
მაგ ჩხუტუნა ეკლებმა.
ნეტა შენი დედიკო,
როგორ გეალერსება“?
*******
“ვემსახუროთ სამშობლოს
ღვთის და ერის ნებითო.
კარგი შვილის გამზრდელი
ცხონდეს დედა ქებითო".
*******
„- მანანოებო, მითხარით,
რასა ღუღუნებს ამდენსო?
- დედიკოს სიყვარულისთვის
- მადლობას სწირავს გამჩენსო".
*******
„ამ სკოლას რომ შესევიან,
გულხატულა მერცხლებია,
თუ ათებზე არ ისწავლეს,
დედ - მამასთან შერცხვებიან“.
სათვალე
- მამიკო, მეც მიყიდე სათვალე!
- რად გინდა, შვილო?
- შენსავით წიგნები უნდა ვიკითხო.
- კარგი, - უთხრა მამამ და უყიდა ანბანი.
მამის ლოცვა
დაჩი სკოლიდან დაფიქრებული დაბრუნდა და მამას უთხრა: დღეს მზიამ აიჩემა, რა უცნაური სახელი გქვიაო. მამიკო, რატომ მქვია დაჩი?
- დაჩი ჩვენი დიდი მეფის - ვახტანგ გორგასლის შვილს ერქვა. როცა მეფეს ვაჟიშვილის დაბადება ახარეს, მან პატარა უფლისწული ხელში აიტაცა და ასე დალოცა: მრავალჟამიერ იყოს მეფობა შენი, ჩემო ვაჟკაცო. ჩემ შემდეგ შენ დარჩი და ამრავლე კეთილი საქმე. დაჩი მიწოდებია შენთვის, დამილოცნიხარ მამობრივი გულითა და სიყვარულითო. ეს მამის ლოცვაა, ჩემო დაჩი, - დაასრულა მამამ საუბარი, - ამიტომაც დაგარქვი ეს სახელი.
მეორე დილით დაჩი უკვე ამაყი და ბედნიერი მიაბიჯებდა სკოლისაკენ. იცოდა, რომ მამის ლოცვა თან მიჰყვებოდა.
*******
„ბებომ იმდენი მაშინა,
- მოვა და შეგჭამს ბუაო, -
მე მგონი თვითონ შეშინდა
და წნევამ გააბრუაო.
ნუ გეშინია, ბებიკო,
მაგას ვასწავლი ჭკუასა
და შენი შეშინებისთვის,
მე თვითონ შევჭამ ბუასა“.
*******
ჩემს პატარებს
ისე მიყვარხართ, ისე,
მიჭირს გრძნობების ახსნა,
თქვენ ხართ ცხოვრების აზრი,
სიკვდილისაგან დახსნა.
მიყვარხართ მთელი გულით,
მინდა გახსოვდეთ მარად,
მაგრამ ვერ გხედავთ ხშირად
და ეს გულში მაქვს დარდად.
რა შემიძლია მეტი:
გლოცავთ დღითა და ღამით
და მაღლა უფალს შევთხოვ
წმინდა გაპკუროთ წყალი.
თქვენი ბებო
*******
„- რატომ გიყვარს ბებიკო? -
ნიკას ჰკითხეს ციყვებმა.
- იმიტომ, რომ ტკბილ ზღაპრებს
ყოველღამე მიყვება“.
*******
„ჩემი ტკბილი ბებია
როგორ დამბერებია,
სავარძელში ჩამჯდარა,
ტკბილად ჩასძინებია.
მე რომ ჭამის დრო მომდის,
სულ არ გახსენებია“.
*******
„მერი ბებო დიდია, მე პატარა მერი ვარ,
თოჯინებით ვერთობი, ბებო ჩემით ერთობა,
მითხრა ბევრი ზღაპარი, წამიკითხა წიგნები,
მეც რომ დიდი გავხდები, მერი ბებო ვიქნები“.
*******
„- თბილ ქვეყნიდან მერცხლები მალე მოფრინდებიან,
გაზაფხულდა! - შვილიშვილს ეუბნება ბებია.
შვილიშვილი ღიმილით ეკითხება ბებიას:
- აქ რომ გაზაფხულია, იქ ვინ გააგებინათ“?!
*******
„წავიდაო ზამთარი, ამბობს ჩემი ბებია,
მაგრამ საით წავიდა, ეს ვერ გამაგებინა“.
*******
„მე რომ მიყვარს მოფერება
შენი თეთრი თმებია,
ნუღარ დამიბერდები,
საყვარელო ბებია.
მოფუსფუსე ხელები
მუდამ მენანებიან,
მუშაობით ნუ იღლი,
ჩემო ტკბილო ბებია!
მეტი საქმე მოგვეცი
შენს საყვარელ პატარებს,
თორემ, ჩემო კეთილო,
ცივ ნიავს არ გვაკარებ.
ზიხარ შუქურვარსკვლავად
შვილიშვილთა გულებში,
ჩვენ ვართ შენი იმედი
და მომავლის ნუგეში“.
*******
„ორი ბები - ბებიკო, ორი ბაბუ - ბაბუკო,
ერთი დედა - დედიკო, ერთი მამა - მამიკო,
ორი კარგი - დაიკო, ხუთი კარგი - ძამიკო...
ერთად ვცხოვრობთ იმ სახლში, მამიკომ რომ აგვიგო,
რამდენი ვართ, მაიკომ, თვალა და ვერ გაიგო“.
ბაბუას საცეკვაო
რაშოვდა, რაშოვდა!
ნეტავ იმ დროს რა სჯობდა?
ჭყინტი ტაროს ულვაში,
როდესაც ულვაშობდა,
მუხლი, როცა მუხლობდა,
ჯოხი, როცა რაშობდა.
დაუკარგავს ბავშვობა,
ვინც კი არ თამაშობდა,
ითამაშეთ, ბავშვებო,
ტაში, ტაში, რაშოვდა!
პაპას მუხლო, თოხარიკო
პაპას მუხლზე შემჯდარიყო
პაწაწინა ომარიკო,
იძახოდა: - აჩუ, ცხენო,
პაპას მუხლო, თოხარიკო.
კარებთან მეზობლის ბიჭი
ცრემლიანი მომდგარიყო,
გულს უკლავდა მისი პაპა
დღეს ცოცხალი რომ არ იყო.
ილიას შეგონება
„კაცად მაშინ ხარ საქები,
თუ ეს წესი წესად დარგე:
ყოველ დღესა შენს თავს ჰკითხო,
- აბა, მე დღეს ვის რა ვარგე“?
*******
„ნუ მიენდობი, ერიდე
კაცს გაიძვერას, მელასა.
ოღონდ ვაჟკაცი ვარგოდეს,
რა უშავ ჩოხას ძველასა“.
ერთგული პატარა ქალი
პატარა მაროს დედა ავად გაუხდა. ექიმმა ავადმყოფს მწარე წამალი მისცა დასალევად. დედას ამ მწარე წამლის დალევა ძალიან უჭირდა. მარომ ეს რომ შენიშნა, უთხრა:
- დედიკო, ეგ მწარე წამალი მე მომეცი, შენ მაგივრად მე დავლევო.
ძილის წინ
- სანამ შენი გავხდებოდი, სად ვიყავი, დედა?
- იმ ღაღანა ვარსკვლავებთან, ცის თაღზე რომ ხედავ!
- მერე როგორ ჩამოვედი, ფრთები მქონდა წინათ?
- ანგელოზმა მოგიყვანა, ჩემო პაწაწინა!
- ანგელოზი როგორია? მინდა ვნახო, დედა!
- დაიძინე და სიზმარში შენთან მოფრინდება!
*******
„იყო, მართლა იყო, იყო ბიჭი ნიკო...
თითისტოლა ბავშვი, წაიყვანეს ბაღში.
მერე ჩვენი ნიკო, დასტურ ასე იყო,
სიხარულით სავსე, პირველ კლასში დასვეს...
*******
„მე ბიჭს ვაქებ, როგორსა?!
რომ არა ჰგავს გოგოსა,
თორემ ქუდი ახურავს
თავზე რკოს და სოკოსაც.
გოგოს ვაქებ, როგორსა?
მართლაც რომ ჰგავს გოგოსა.
თვალი რომ უკრიალებს
მოწმენდილი როგორც ცა! . .
ჩვენც კარგებივიქნებით
მისი ეშხი რომ მოგვცა“!
და და ძმა
მამამ პატარა სოსოს სათამაშო ცხენი აჩუქა. მარომ სოსოს ცხენს უცაბედად ფეხი მოსტეხა.
გაბრაზდა სოსო, მოიღერა მუშტი, მივარდა მაროს და ცემას უპირებდა.
- მე კი გაკოცებ, - უთხრა დამშვიდებით დამ ძმას.
სოსო შედგა, სახე გაუნათდა, თვალები გაუბრწყინდა და თქვა:
- მეც გაკოცებ, - და მოეხვია დას.
ანდაზა: ვინც მოითმენს, ის მოიგებსო.
ვინ რა თქვა?
ძუნწმა თქვა: - პური გაცივდეს,
ცხელი იჭმება ბევრიო...
პურადმა ცხელი მოგვართვა:
- უკვე იჭრება ქერიო...
გლეხმა თქვა: - შიმშილს კი არა,
გადაგდებულ პურს ვტირიო...
პურმა თქვა: - პირს არ დავეძებ,
თვითონ მომძებნის პირიო.
პური და უქნარა
მშრომელმა დახნა, დათესა,
დაფარცხა, მორწყა, გამომკა;
გალეწა, გაანიავა,
ღელის წისქვილში გამოფქვა;
გაცრა, მოზილა, ჩააცხო...
როდესაც კარგად გამოცხვა,
უქნარა გოჭი დააცხრა
და გემრიელად გამოძღა;
ამდენ ნაშრომს და ნაღვაწზე
მადლობაც კი არ წამოცდა.
*******
"თუ გამეჯიბრე გუნდაში,
ისე აგიწვავ ყურებსა,
როგორც თონიდან ამოყრილ
კოხტად დაბრაწულ პურებსა“!
ბაღი
მე ბაღი ბაღი მეგონა,
ყვავილებით და პეპლებით,
აქ კი რა დამხვდა? - მაგიდა,
წიგნი და მასწავლებელი.
ვაშლის ფაფა და სტაფილო,
კატლეტები და სუპები,
არა, ბატონო, ამ ბაღში
უთუოდ "დავიღუპები".
*******
„- ფაფა?
- არა, არ მინდა!
არ მოხარშო მამიდა!...
უკვე დიდი ბიჭი ვარ,
მგონი, გასაგებია,
ერბო-კვერცხი შემიწვი”.
*******
“გადასძახა შაშვმა შაშვებს -
დამეწვიეთ ფაფაზე,
შემდეგ შაში ვითამაშოთ
საჭადრაკო დაფაზე”.
*******
„ყველი და პურიო,
კეთილი გულიო“.
წარწერა წყაროზე
ნუ აამღვრევ
წმინდა წყაროს,
მწყურვალისკენ
მიწანწკარობს.
დალის ნალი
- ნალი, - ნალი, - ნალი! -
გაიძახის დალი.
თურმე ნალი კი არა,
დალის უნდა წყალი.
ვაშლის ხემ მითხრა მადლობა
ვაშლით დახუნძლულ დახრილ ტოტს
ბიჯგი შევუდგი მიჯრითა,
ვაშლის ხემ მითხრა მადლობა:
- ტოტის დაჭერა მიჭირდა...
*******
„მაღლა, ფოთლებში ელვარებს
ვაშლი სისხლივით წითელი;
მას აქეთ-იქით აქანებს
სიო საამო და ნელი“.
კოჭლმაჯამა
თურმე უყვარს ძეწნას წყალი
და ვერ მივხვდი მე საწ...
ასე როგორ გახმებოდა,
რომ ყოველდღე მესხა...