კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:08

ნახატისა და ნაწერის გარჩევა

მეთოთხმეტე მეცადინეობიდან უკვე ორმარცვლიანი სიტყვების შესწავლაზე გადაგვყავს პატარები. ისეთი ორმარცვლიანებისა, რომლის პირველი მარცვალი მათთვის უკვე ცნობილია. კერძოდ, ეს სიტყვები იქნება: „ხელი“ და „ხევი“.

სასურველია, ბავშვმა თვითონ გამოიცნოს ახალი სიტყვა ნასწავლი პირველი მარცვლისა და სურათის მეშვეობით. რადგან ორივე სიტყვის პირველი მარცვალი „ხე“-ა, ჩვენც, შესაბამისად, ამ სიტყვის გამეორებით დავიწყებთ გაკვეთილს.

ამის შემდეგ პედაგოგი ბავშვებს უჩვენებს ხელის გამოსახულებას და ეკითხება, თუ რა არის მუყაოზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია ხელი; დაფაზე გაკრულია სურათი ხელის გამოსახულებით; ეს არის ხელი... შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე დაწერილ სიტყვაზე „ხელი“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „ხელი“, ხოლო დაფაზე გაკრულია ნახატი ხელის გამოსახულებით.

პედაგოგი ბავშვებს ეკითხება:

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ხელი; იქ წერია ხელი;

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ხელის გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ხელი; დაფაზე გაკრულია ადამიანის ხელის სურათი;

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია „ხელი“  ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ხელი“.

ბავშვებო, ჩვენ ყველას გვაქვს ხელები. რაში გვეხმარება იგი?

ხელით ვჭამთ საჭმელს; ხელებით ვიბანთ პირს; ხელით ვხატავთ; ხელით ვაგებთ ქვიშის სასახლეებს; ხელს ვიყენებთ კომპიუტერის თამაშისას; ხელებით ვაძინებთ თოჯინას...

არა მარტო ამ  გაკვეთილის, არამედ  ყველა მომდევნო გაკვეთილების ექვსივე  პროცედურა იმ ანალოგიური მეთოდით შეიძლება წარმართოს პედაგოგმა, როგორადაც ერთმარცვლიან სიტყვებში ვავარჯიშებდით!

მეთოთხმეტე მეცადინეობა - ხელი

 

ხელი



ნახატისა და ნაწერის გარჩევა

გავაცნობთ ახალ სიტყვასა და სურათს - „ხევი“. სასურველია, ბავშვმა თვითონ გამოიცნოს ახალი სიტყვა ნასწავლი პირველი მარცვლისა და სურათის დახმარებით. იმისათვის, რომ გამოიცნოს ეს სიტყვა, პედაგოგმა ორიოდე სიტყვით უნდა ისაუბროს, თუ რა არის ხევი და სად მდებარეობს ის. მაგალითად:
ხევი საქართველოს ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა. იგი მდებარეობს კავკასიონის ჩრდილო ფერდობზე თერგის აუზში და მოიცავს თრუსოს, ბაიდარის, სნოსწყლის და დარიალის ხეობებს. აღმოსავლეთით მას ესაზღვრება ხევსურეთი, სამხრეთით - მთიულეთი, ჩრდილოეთით - ოსეთი, დასავლეთით კი - შიდა ქართლის მთიანეთი.

- ხევი განთქმულია თავისი საოცარი ბუნებით, სადაც დარიალის ვიწრო ხეობაში იბრძვის და გუგუნებს შმაგი თერგი. ირგვლივ ცამდის აწვდილი სალი კლდეებია, ძირს კი ვიწრო ბილიკები მიიკლაკნება, რომელთაც აქაფებული თერგის ზვირთები გამალებით ეხეთქება. მთის მაღალი წვერიდან ამაყად გადმოგვყურებს ბახტრისა და დარიალის უძველესი ციხეები, თუმცა ხევის სიამაყე მაინც მყინვარწვერია.

ხევის ამ დიადი ბუნებით დამტკბარს, არაერთ პოეტსა თუ მწერალს უძღვნია ქება-დიდება მისთვის (ლერმონტოვი, პუშკინი და სხვა). ხევი ხომ უცხოელი სტუმრებისა და მთამსვლელების აღთქმის ქვეყანაა, რომლებიც მყინვარწვერის ხშირი სტუმრები არიან. მხარის ცენტრია დაბა სტეფანწმინდა, სადაც დაიბადა ჩვენი პატრიარქი ილია მეორე.

ამის შემდეგ  პედაგოგი ბავშვებს უჩვენებს სტეფანწმინდის ხევის გამოსახულებას და ეკითხება, თუ რა არის მუყაოზე ( ან წიგნის შესაბამის გვერდზე) დახატული?

სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია ხევი; დაფაზე გაკრულია სურათი სტეფანწმინდის ხევის გამოსახულებით; ეს არის ხევი... შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე დაწერილ სიტყვაზე „ხევი“ და წარმოათქმევინებს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „ხევი“, ხოლო დაფაზე გაკრულია ნახატი ხევის გამოსახულებით.

პედაგოგი ბავშვებს ეკითხება:

რა წერია ქვემოთ?

სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ხევი; იქ წერია ხევი;

აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ხევის გამოსახულებაზე.

სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ხევი; დაფაზე გაკრულია სტეფანწმინდის ხევის სურათი;

პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია „ხევი“ ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ხევი“.

ბავშვებო, თუ ყოფილხართ საქართველოს ხევებში?

მე დარიალის ხეობაში ვიყავი მშობლებთან ერთად; მე - სტეფანწმინდაში; თუმცა უმეტესობა ხევს სურათებით გაიცნობს.

მეთოთხმეტე მეცადინეობა - ხევი

 

ხევი

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ