მეთერთმეტე გაკვეთილი დაეთმობა ნასწავლი სიტყვებიდან პირველი ხუთი სიტყვის განმეორებასა და განმტკიცებას. ეს სიტყვებია: „ხე“, „მზე“, „ჭა“, „ია“ და „ჩაი“.
დაფაზე აწყვია ან მიმაგრებულია სურათები. მაგიდაზე არეულად, გადაბრუნებულად აწყვია სიტყვები. თითოეულმა ბავშვმა უნდა აიღოს რამდენიმე ბარათი, წაიკითხოს სწორად და დადოს შესაბამისი სურათის ქვეშ.
შემდეგ პირიქით მოხდება განლაგება. დაფაზე გაიკვრება ნაწერები, მაგიდაზე კი დაეწყობა ნახატები. გამოძახებულმა ბავშვმა ნაწერებს სწორად უნდა მიუწყოს შესაბამისი სურათები.
მომდევნო ეტაპზე პედაგოგი დაფაზე დაალაგებს (ან მიაკრავს) სურათებსაც და ნაწერებსაც, მაგრამ არეულად, არასწორად. გამოძახებულმა ბავშვმა უნდა შეძლოს სწორად მოათავსოს სურათები და ნაწერები ერთმანეთის ქვეშ. ასე გაამეორებინებს მასწავლებელი ბავშვებს რამდენჯერმე, სანამ ყველა ბავშვი არ შეძლებს დავალების შესრულებას. საჭიროების შემთხვევაში შესაძლებელია განსამტკიცებელი მეცადინეობის განმეორებაც.
სახელმძღვანელოში სამუშაო მიეცემა მთელს ჯგუფს: წაიკითხონ თითოეული დაწერილი (სიტყვა), მოძებნონ მათი შესაფერისი ნახატი და შეაერთონ ისინი ისრით.
ია | მზე | ხე | ||
ჭა | ჩაი |
პროზისა და პოეზიის ნიმუშები
(მშობლებო, წაუკითხეთ და ასწავლეთ თქვენს პატარებს!)
ბავშვების დაინტერესებისა და სამუშაო პროცესის უფრო საინტერესოდ წარმართვის მიზნით, პედაგოგი საკითხთან დაკავშირებით პოეზიისა და პროზის ნიმუშებს შემოიტანს გაკვეთილის პროცესში. პატარებიც, შესწავლილი სიტყვების ირგვლივ შეაგროვებენ ინფორმაციებს: დაისწავლიან ლექსებს, მოისმენენ უფროსებისგან მოთხრობებსა, ამბებს და ჩაერთვებიან შემაჯამებელი გაკვეთილების მსვლელობაში.
შეიძლება ასეთი თამაში შესთავაზოთ ბავშვებს: როდესაც ბარათს აიღებენ (რათა სიტყვა ამოიკითხონ და დაფაზე შესაბამისი ნახატი მოიძიონ), რა წარწერაც შეხვდებათ, შესაბამის თემაზე ლექსი ან რაიმე ამბავი მოუთხრონ თავიანთ ამხანაგებს.
არყის ხე
ტრიალ მინდვრად არყის ხე დგას
ობლად... განმარტოებით.
წვიმს... მიწამდე დაუხრია გაწუწული რტოები.
ქარი კი ქრის და ატოკებს,
ფოთლებს აცლის და არყევს.
არყის ხე დგას, დგას მარტოკა
და არ ხედავს სხვა არყებს.
ნუშის ხე
რას აყვავდი, ნუშის ხეო,
ჯერ ყვავილი სადა თქმულა?!
მოგატყუა ოქტომბერმა,
თავი მოიგაზაფხულა.
არ ვტყუვდები, საყვარელო,
ნაყოფისთვის ჩემი დრო მაქვს,
ასე უცებ თუ ვყვავილობ,
მიხდება და იმიტომა.
სურო
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
ხეს მიადგა სურო ფორთხვით.
- ნუ აწუხებ მუხას, თორემ,
სურო, ჩემი ხელით მოგთხრი!
ერთი, ორი, სამი, ოთხი,
შინ წავიდა სურო ფორთხვით.
კაკლის ხეივანი
კაკლის ხეივანი ახლა შენია.
არ გაახმო, იგი ახალშენია!
კაკლის ხემ თქვა: - მეო...
ვერ მჯობნის სხვა ხეო.
მიწას კაკლით მოვფარავ,
რტოს რომ დავარხევო.
ჩემზე კარგი მერქანი
აბა, სად ნახეო!
მეფეების ტახტი ვარ,
მეფეთ მეფე ხეო.
პატარა ვარ
პატარა ვარ, მაღალ ხეზე ასვლა ჯერ არ დამიწყია,
ვაშლმა, მსხალმა და ატამმა ტოტი თვითონ დამიწია.
შიგპასუხა
ახე - მახე, ტყეში ვნახე, ტანი აქვს და არ აქვს სახე.
ზოგმა სიბრძნის წყარო მომცა, ზოგმა მომცა საქოხმახე.
(ხალხური)
მზე დედაა ჩემი, მთვარე მამა ჩემი,
ეს წვრილ-წვრილი ვარსკვლავები - და და ძმაა ჩემი.
*******
მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო.
უყივლია მამალსაო, მზევ, შინ შემოდიო.
ჩვენ ვაჟი დაგვბადებია, მზევ, შინ შემოდიო,
მზე შინა და მზე გარეთა, მზევ, შინ შემოდიო.
*******
მზეო, მზეო, ცხრათვალა, ვის უგალობ, ვისა?
შენ გიგალობ, პატარავ, დილა მშვიდობისა!
*******
მზეო, ამოდი, ამოდი, ნუ ეფარები გორასა!
სიცივეს კაცი მოუკლავს, საწყალი აგერ გორავსა.
მზე იცინის
მზემ თვალები გაახილა, იცინა და იცინა,
ველზე ია შეამჩნია, ია თვალებციმციმა.
ყაყაჩოსაც გაეღიმა, მორცხვად თავი დახარა,
მზე სიცილად დაიღვარა, გაზაფხული გვახარა.
ქეთინოს ვედრება მზისადმი
მზეო დაბრუნდი, დაბრუნდი, ნუ ჩაეშვები ზღვაში.
ზღვას ცეცხლი წაეკიდება, ჩემი მამა ზის ნავში.
იმას რომ რამე შეემთხვეს, რა მეშველება მაშინ?!
მზეო დაბრუნდი, დაბრუნდი, არც მე დაგრჩები ვალში,
დილით რომ ამობრძანდები, შეგეგებები ტაშით!
მზე და ცისარტყელა
შხაპუნა წვიმამ გადაიღო, ცა მოიწმინდა, მზემ გამოაშუქა და ცაზე მშვენიერი შვიდფეროვანი ცისარტყელა გადაიჭიმა. ხალხი სიამოვნებით უყურებდა მას.
ცისარტყელამ თავი მოიწონა და დაიტრაბახა:
- მე მზეზე ლამაზი ვარ!
მზემ უპასუხა:
- მართალია მშვენიერი ხარ, მაგრამ ნუ დაივიწყებ, რომ შენი სილამაზე ჩემს სხივებზეა დამოკიდებული!
ცისარტყელამ ყური არ ათხოვა მზის საუბარს, მეტი და მეტი თავმოწონებით მაღლა იწევდა და მედიდურობდა. უეცრად მზე ღრუბლებს შეეფარა და ცაზე ჩვენი ლამაზი ცისარტყელას ნიშანიც კი აღარ დარჩა.
(ხალხური)
„იამა გშობა შობითა, ვარდმა გაგზარდა ნებითა,
ნარგიზმა ძუძუ გაწოვა, შეგამკო სურნელებითა“.
გაზაფხული
„გაიღვიძებს ენძელა, გაიღვიძებს ია.
ამ სითბოს და სიხარულს გაზაფხული ჰქვია“.
ია
დავუკრიფე ლიას ია, ახლა ია ლიასია!
ია
„რა ყვავილს ვგავარ, თუ იცით?
კარგად შემომხედეთ, აბა...
ცისფერი ქუდი მახურავს, მაცვია ლურჯი კაბა.
ბაღში ვარ, ხელით მატარებს ჩვენი მებაღე ძია,
თავზე პეპელა მაზის და იცით? მე ია მქვია“.
აი, ია
„აი, ია, აი, ია! რა ლამაზი ყვავილია,
მინდორშიაც, ბაღჩაშიაც, ჩემს წიგნშიაც ყვავის ია!
სადაც თვალით შემიხედავს,
სადაც ფეხით გამივლია,
ყველგან ვნახე და ყველგან ვთქვი:
- აი, ია, აი, ია!
ია თურმე დედის ცრემლზე
ამოსული ყვავილია“.
ია
„იას უთხარით, ტურფასა მოვა და შეგჭამს ჭიაო,
მაგრე მოხდენით, ლამაზო, თავი რომ აგიღიაო.
თუ შენ გგონია სიცოცხლე სამოთხის კარი ღიაო;
ნუ მოხვალ, მიწას ეფარე, მოსვლაში არა ყრიაო.
ნუ ნახავ მზესა, ინანებ, განა სულ მუდამ მზეაო!
მიწავ, შენ გებრალებოდეს ეს ჩემი ტურფა იაო,
შენ უპატრონე, ემშობლე, როგორიც შენი ზნეაო“.
ია
„ველზე ია ამოვიდა,
მიიხედა, მოიხედა,
- მწყურიაო! - ჩუმადა სთქვა,
- დაძახება ვერ გაბედა.
ველში ია ცქრიალებდა,
კლდეზე წყარო ჩხრიალებდა,
მთა და ბარში გაზაფხულის
უხვი მადლი ტრიალებდა . . .“
ორი ია
- მე ია ვარ!
- მეც ია ვარ, თეთრი ია!
- თეთრი ია არ არსებობს.
- მე თეთრი ია ვარ და ვარსებობ!
მაჯამურა
დავუკრიფავ დაიასა, ენძელასა და...
„ვარდს გაეფურჩქნა კოკორი, გადახვეოდა იასა,
ზამბახსაც გაღვიძებოდა და თავს უხრიდა ნიავსა... „
გაზაფხული
„გაზაფხულდა, ბუჩქის ძირას თავს იწონებს ნაზი ია;
ჩვენს სალხენად კოკობ ვარდსაც ეშხით გული გაუღია“.
დედას
„დედის ჩაწვეთებულ ცრემლზე ია ამოდისო! - ასე იტყოდნენ ჩემს ყრმობაში.
ჩემი სოფლის ტყის პირებში ყოველ გაზაფხულზე ია ბღუჯებად ამოდიოდა, არემარე სულ გადაიბურებოდა ხოლმე.
მეგონა, მთელი ქვეყნის დედებს აქ ეტირნათ, იმდენი ია ამოსულიყო ჩემი სოფლის მშვენიერ მიდამოებში.
იის სიყვარული დედამ შთამაგონა, იასავით სპეტაკი ადამიანი იყო“.
მაჯამურა
მოვიარე რაჭა,
წყალს მასმევდა რა?
- ჭა!
ჩაი და მაწონი
ლევანიკომ და ნოდარმა
გატეხეს ჩაიდანია,
ბებო გაგიჟდა, საღამოს
ჩაი რომ ვეღარ დალია.
ლევანმა გადუჩურჩულა ნოდარს,
მის გვერდით დაწოლილს:
ჩვენ რომ გვაძალებს ძილის წინ,
ახლა თვითონ სვას მაწონი.
ჩაიდანი
„ჩაის ჩაიდანი ვარ,
დაბალი და მსხვილი,
აქეთ ყური მაბია,
იქით - კოხტა ცხვირი,
ოღონდა ჭიქა ვნახო და
დიდის ამბით ვყვირი:
„აბა, ჩაი ვის გინდათ -
მაგარი და ტკბილი?!“
ჩაიდანი დუღს,
ბუღს აყენებს, ბუღს.
ჩაი რომ არ დავლიე,
ალბათ ამას წუხს