კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 21 ნოემბერი 2024 22:21

 

 

კარგა ხანია მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში (აშშ, საფრანგეთი, იტალია, შვეცია, ბელგია, კანადა, იაპონია და ა.შ.) აქტუალობა მოიპოვა ადრეული ასაკის ბავშვებისათვის კითხვის სწავლებამ.

მკვლევარები სვამენ კითხვას: ნუთუ ექვსი წელია ოპტიმალური ასაკი კითხვის სწავლებისათვის? ისინი თვლიან, რომ მეტყველებასთან ერთად ბავშვს შეუძლია კითხვის სწავლაც, რადგან სმენითი ხატის დაუფლება არ უნდა იყოს მხედველობითი ხატის დაუფლებაზე ადვილი.

მყარი სენსორული კომპონენტის არსებობა წერილობით მეტყველებაში მას ანიჭებს ისეთ სტაბილურობას, რაც არა გვაქვს ზეპირი მეტყველების დროს; ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია სენსომოტორულ სტადიაზე მყოფი ბავშვებისათვის, რადგანაც აქტუალურ აღქმით ველში არარსებული საგნები მათ ცნობიერებაში მატერიალიზდებიან მხედველობითი ხატების (დაწერილი სიტყვების) სახით.

შემდგომ პერიოდში ეს ინტერესი ქრება და ექვსწლიანები დაწერილს აღიქვამენ სულ სხვაგვარად. ე. ი. ხუთი წლის ასაკში ბავშვი შეეხება ცხოვრების ერთ-ერთ ყველაზე განსაცვიფრებელ აბსტრაქციას - მას შეეძლება წაიკითხოს სიტყვები ნახატთან მიმართებაში. ექვსი წლის ასაკიდან, უკვე დაწყებითი საფეხურის პირველი წლებიდანვე, იგი მზად იქნება შეგნებულად დაეუფლოს კიდევ უფრო ძლიერ აბსტრაქციას - ანბანის ცალკეულ ასოებს, მარცვლებს, სიტყვებს, წინადადებებს, ზოგადად, ანბანის სწავლებას ანალიზურ - სინთეზური მეთოდით.

2001 წელს საბავშვო ბაღებში შემოვიდა ათფურცლიანი ბროშურა „ვასწავლოთ პატარა ბავშვებს სწრაფი კითხვა ქართულად“ (თუმცა გაუგებარი იყო საქართველოში „ქართულად სწავლების“ მცნების შემოტანა). იგი მ. ასლანიშვილის კვლევის შედეგს წარმოადგენდა 4 – 5 წლიანი ჯგუფის ბავშვებთან.

მას დასავლური მასალების საფუძველზე შედგენილი ჰქონდა ექვს ეტაპიანი პროგრამა თითოეული ასევე ექვსი პროცედურით, ჩამოყალიბებული - სამუშაო სქემა, თუმცა, მისივე სიტყვებით რომ ვთქვათ, „ზემოთ აღნიშნული ეტაპების განსახორციელებლად აღმზრდელებს ესაჭიროებათ დაწვრილებითი მეთოდიკა და მასალები“, რაც ცხრა წლის განმავლობაში არავის წარმოუდგენია.

რადგან ამ თვალსაზრისით საბავშვო ბაღებისთვის ჯერ კიდევ არ არის შემუშავებული სპეციალური მეთოდური გამოცემები, ხოლო ბავშვებისათვის - სასწავლო სახელმძღვანელოები. წლების განმავლობაში პედაგოგები ბაღებში ამ ბროშურის დახმარებითა და საკუთარი შემოქმედებითი პოტენციალის გამოყენებით ცდილობდნენ მუშაობის წარმართვას.

სწავლების პროცესის გასაადვილებლად და მეთოდისტების აზრის გათვალისწინებით გადავწყვიტე დამეწერა დაწვრილებითი მეთოდიკა და დამერთო შესაბამისი მასალები.
სახელმძღვანელო შედგა მოცემული ბროშურისაგან ნაწილობრივ განსხვავებული მიდგომითა და გარკვეული ცვლილებებით. კერძოდ:

1. სახელწოდება, „ვასწავლოთ პატარა ბავშვებს სწრაფი კითხვა ქართულად“, რომელიც 4-5 წლის ბავშვებისათვის იყო გათვალისწინებული, შეიცვალა ფორმულირებით: „შევაყვაროთ პატარებს მშობლიური ენა და კითხვა“. იგი 5 – 6 წლიანი ჯგუფის პატარებისთვისაა გამიზნული.

2. გამოირიცხა აღნიშნული სახელმძღვანელოს მეორე ნაწილის შექმნის აუცილებლობა, რომელიც ვარაუდობდა ტექსტებზე მუშაობას. ბუნებრივია ასეთი მასალა პირველი კლასის პროგრამასთან სერიოზულ შეუსაბამობაში მოვიდოდა.

3. იმის გათვალისწინებით, რომ ხუთი წლის ასაკის ბავშვებში დადასტურებულია გაძლიერებული აქტუალური აღქმითი ველი, რომელიც ხელს უწყობს სიტყვების გააზრებას ნახატებთან მიმართებაში, სახელმძღვანელო გადავაქციეთ წინა სასკოლო პერიოდის სასწავლო - სამეტყველო და შემეცნებით - ვიზუალური სავარჯიშოების კრებულადაც. ამით საბავშვო ბაღის სახელმძღვანელოს დაწყებითი საფეხურის სკოლის სახელმძღვანელოებისაგან განსხვავებული მეთოდი, წყობა და მიდგომა გამოარჩევს. ამავე დროს, აქ ნასწავლი მრავალფეროვანი მასალა, სასიკეთოდ წაადგება პატარებს სკოლაში შესვლისას.

4. ფსიქოლოგიურად დადასტურებულია, რომ ხუთი წლის ასაკში ბავშვს საკმაოდ მაღალ დონეზე შეუძლია მიიღოს ინფორმაცია; რაც მეტ ინფორმაციას ითვისებს ბავშვი ამ ასაკში, მით უფრო მეტს იმახსოვრებს; ფლობს ენერგიის უდიდეს მარაგს, რისი საშუალებითაც ექმნება შემეცნების დაუოკებელი სურვილი და არა მარტო შეუძლია, არამედ სურვილიც უჩნდება კითხვისა, თუ პოეზიისა და პროზის ნიმუშების შესწავლისა. ამიტომ, სიტყვების დასწავლის შემდგომ, შემაჯამებელი მეცადინეობებისათვის შერჩეული და სახელმძღვანელოში შეტანილია ინფორმაციები და ცნობილი ქართველი კლასიკოსი და საბავშვო მწერლების საუკეთესო პოეზიისა თუ პროზის ნიმუშები: ლექსები, პატარა მოთხრობები, ზღაპრები, იგავ-არაკები, გამოცანები, შიგპასუხები თუ მაჯამურები, რომლებიც ნასწავლი სახელების ირგვლივ საინტერესო თხრობის საშუალებას მისცემს მათ.

5. გამოცემა გაჯერებულია მრავალფეროვანი თვალსაჩინო მასალით, შერჩეულია სპექტრული, ხალასი ტონები, რადგან ამ ფერებს დიდი მნიშვნელობა აქვს სწავლისადმი ინტერესის აღძვრაში, ცნობისმოყვარეობის წარმოშობაში, გაგებისა და დამახსოვრების, აღქმისა და გააზრების უნარის განვითარებაში (ყვითელი ფერი); ენერგიის აღდგენაში (მწვანე ფერი); დამოუკიდებლობისა და საკუთარი ძალის რწმენის ამაღლებაში (ნარინჯისფერი); ნებისყოფისა და სასიცოცხლო ენერგიის გაძლიერებაში (წითელი); ინტუიციისა და წარმოსახვის უნარის განვითარებაში (ლურჯი); არტისტული ნიჭისა და კრეატულობის გაზრდაში (იისფერი); დამამშვიდებელი ეფექტის მიღებაში (ცისფერი).

6. გათვალისწინებულია ბავშვთა მხედველობითი ჰიგიენის საკითხებიც, რაც ნათელი, კაშკაშა ფერებითა და სხვადასხვა ზომისა და მდებარეობის თვალსაჩინო მასალასით არის განპირობებული.

7. ამავე დროს შეივსო და დაიხვეწა ის ხარვეზები, რითაც აღნიშნული ბროშურა იყო გაჯერებული. კერძოდ, დაემატა ასო-ბგერა „ჟ“-ს შემცველი არსებითი სახელი და შესაბამისი ინფორმაცია, რაც, რატომღაც, საერთოდ არ იყო გათვალისწინებული; მწყობრი სახე მიეცა პროცედურებსა და ეტაპებში ურთიერთგამომრიცხავ მასალებს, დაზუსტდა სიტყვათა რაოდენობა და ა. შ.

8. შენარჩუნებულია წარმოდგენილი პროცედურები და ეტაპები, ე. წ. მეთოდური ხერხები და მიდგომები. მთელი სასწავლო პროცესი ექვს ეტაპად გადანაწილდა:

პირველი ეტაპი - ერთმარცვლიანი სიტყვების მიწოდებაა სურათის დახმარებით. მიმდინარეობს ვარჯიში სურათსა და ნაწერს შორის ასოციაციის დასამყარებლად (პირველიდან მეცამეტე მეცადინეობის ჩათვლით).

მეორე ეტაპი - ორმარცვლიანი სიტყვების წაკითხვაა, სადაც პირველი ან მეორე მარცვალი უკვე ნაცნობია ბავშვისათვის (მე-14-დან მე-20 მეცადინეობის ჩათვლით).

მესამე ეტაპი - ნაცნობი სიტყვებისა და ერთმარცვლიანი ზმნის შეერთებით მოქმედებებისა და მდგომარეობების კითხვით შესწავლაა (21-ან 23-ეს ჩათვლით).

მეოთხე ეტაპზე - შესაბამისი ნახატების დახმარებით შეისწავლება მხოლობითი და მრავლობითი რიცხვი (25-ე - 30-ე მეცადინეობები).

მეხუთე ეტაპი - ბავშვებისათვის ნაცნობი გარემოდან აღებული სიტყვების გაცნობაა - სურათების გამოყენებით (31-დან 34-ე მეცადინეობის ჩათვლით).

მეექვსე ეტაპი - მრავალმარცვლოვანი სიტყვების გაცნობაა, რომელთაგან უმრავლესობა ერთნაირი , განმეორებადი მარცვლებისგანაა შედგენილი (ყაყაჩო, პეპელა, თავთავი, ფაფა, კაკაბი...) - 35-დან მე - 40-ე მეცადინეობების ჩათვლით.

მეცადინეობის მიმდინარეობის დროს გამოიყენება შემდეგი პროცედურები:

პირველი პროცედურის მიზანია ნახატისა და ნაწერის გარჩევა; იწარმოებს ინდივიდუალური და ჯგუფური მუშაობით.

მეორე პროცედურა ორი ვარიანტიდან შედგება: დაფაზე მიმაგრებულია სურათები და ბავშვმა მასწავლებლის მიერ მიწოდებული ნაწერი სიტყვა უნდა მოათავსოს ნახატის ქვეშ და - პირიქით.

მესამე პროცედურაა - თამაში „აკვარიუმი“.

მეოთხე პროცედურა - განსამტკიცებელი მუშაობაა.

მეხუთე პროცედურისას - დაფაზე გაიკვრება ხუთი სიტყვა, რომლებშიც უკვე ნასწავლი და მომავალში შესასწავლი სიტყვებია შერეული. მოსწავლეს ევალება მასწავლებლის მიერ მითითებული ნაცნობი სიტყვის ამორჩევა და დასახელება.

მეექვსე პროცედურა - მხოლოდ ახლად ნასწავლი სიტყვების კითხვაზე ვარჯიშობაა, სადაც მისაღებია ნახატის ჩამოშორება, თუ ამის შესაძლებლობას ბავშვის შემეცნებისა და ათვისების უნარი მოგვცემს.

9. პირველიდან მეათე მეცადინეობის ჩათვლით სახელმძღვანელოში ექვსივე პროცედურა დაწვრილებითაა ჩამოყალიბებული, რაც წაადგება მასწავლებლებსაც და მშობლებსაც (რათა სწორი მეთოდური მიდგომით შეძლონ ბავშვების მეცადინეობა ოჯახის პირობებში). დანარჩენი მეცადინეობებისას პროცედურები წარიმართება უკვე გამომუშავებული გამოცდილების გამოყენებით - სახელმძღვანელოში ზეპირი, ხოლო დაფასთან - ჩვეული მეთოდური სამუშაოების სახით.

10. სახელმძღვანელო მოიცავს 40 საგაკვეთილო მასალას კვირაში ორი სასწავლო საათის მოცულობით. თითოეულ თემატიკას (საგაკვეთილო მასალას) დაეთმობა არანაკლებ ორი საათისა. საჭიროების შემთხვევაში მასწავლებელმა შეიძლება დამატებითი მეცადინეობები დაუთმოს გამეორებასაც.

11. რამდენიმე გვერდი დაემატა ნასწავლი სიტყვების გამოყენებით შედგენილ პატარა წინადადებებსა და გაბმულ ფრაზებს.

სახელძღვანელო წარმოადგენს კომპლექსურ სახელმძღვანელოს, რითაც ერთდროულად ისარგებლებს მოსწავლეც, მასწავლებელიც და მშობელიც.

გამოყენებული ლიტერატურა:

მ.გელოვანის, შ. ნიშნიანიძის, გ. წერეთლის, გ.ტაბიძის, რ. ინანიშვილის, ვ.ფშაველას, ო. ჭილაძის, გ. ჭიჭინაძის, ო. იოსელიანის, ვლ. ასლამაზიშვილის, მარიამ ტყემალაძე-ალექსიძის, ალ.ჭავჭავაძის, მ. ლებანიძის, ე. კვიტაიშვილის, ი. გოგებაშვილის, ჯ. ჩარკვიანის, მ. მრევლიშვილის, გრ. აბაშიძის, მ. ფოცხიშვილის, ს.ს. ორბელიანის, შ. მღვიმელის, გ. ქუჩიშვილის, რ. ერისთავის, გ. შატბერაშვილის, ა. წერეთლის, გ. წერედიანის, თ. ხვედელიანის პოეზიისა და პროზის ნიმუშები; კრილოვის, ეზოპეს იგავები. აგრეთვე, გამოცანები, შიგპასუხები, ზღაპრები და ხალხური ზეპირსიტყვიერების მარგალიტები.


მალვინა შანიძე

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ