ნახატისა და ნაწერის გარჩევა
პირველი პროცედურა
ამ მეცადინეობაზე ორი ახალი სიტყვა შემოდის გასაცნობად. ესენია: „ტყე“ და „და“. პედაგოგი დაფაზე გააკრავს ტყის სურათს და შესატყვის წარწერასაც დაუდებს ქვეშ.
პირველ რიგში პედაგოგი ბავშვებს რამდენიმე შეკითხვის საფუძველზე გაამეორებინებს მერვე მეცადინეობაზე შესწავლილ სიტყვებს ქვასა და ძმას. გაკვეთილის მომავალი პროცედურებისათვის კი შერჩეულია უფრო ადრე ნასწავლი სიტყვა - ბზა.
ტყე გეოგრაფიული ლანდშაფტის ნაწილია, იმ ხეების, ბუჩქებისა და ბალახების, აგრეთვე - ცხოველებისა და მიკროორგანიზმების ერთობლიობაა, რომლებიც თავიანთი განვითარების პროცესში ურთიერთდაკავშირებულნი არიან ბიოლოგიურად და ახდენენ ზეგავლენას როგორც ერთმანეთზე, ასევე გარემოზეც.
ის მრავალრიცხოვანი რესურსის (მერქნის, ქერქის, ტოტების, ფოთლის, ნაყოფის, თესლის, სოკოს...) უმდიდრესი წყაროა. უკეთ, თვითონვეა უმდიდრესი ბიოლოგიური რესურსი, რომელსაც აღდგენის უნარი ახასიათებს და, ამასთანავე, აქვს დიდი წყალშემნახავი, ნიადაგდაცვითი, კლიმატმარეგულირებელი, სანიტარულ-ჰიგიენური მნიშვნელობა, ამიტომაც ტყის დაცვასა და მის რაციონალურ გამოყენებას უდიდესი სახელმწიფოებრივი, სამეურნეო და სასიცოცხლო მნიშვნელობა უნდა ენიჭებოდეს.
პედაგოგი ჯერ ბავშვებს უჩვენებს ტყის გამოსახულებას და ეკითხება, თუ რა არის მასზე (ან წიგნის შესაბამის გვერდზე) გამოსახული?
სავარაუდო პასუხებია: აქ ხატია ტყე; დაფაზე გაკრულია სურათი ტყის გამოსახულებით; ეს არის ტყე... შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე დაწერილ სიტყვაზე „ტყე“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „ტყე“, ხოლო დაფაზე გაკრულია ნახატი ტყის გამოსახულებით, ანუ ტყის პეიზაჟი. პედაგოგი ბავშვებს ეკითხება:
რა წერია ქვემოთ?
სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია ტყე; იქ წერია ტყე;
აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი ტყის გამოსახულებაზე.
სავარაუდო პასუხები: აქ ხატია ტყე; დაფაზე გაკრულია ტყის პეიზაჟი; ნათელი ტყე; დაბურული ტყე; შემოდგომის ტყე.
პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია ტყე, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „ტყე“.
ბავშვებო, ტყეში დადიხართ ხოლმე?
ჩვენს ქალაქს, ქუთაისს, შესანიშნავი მუხნარის ტყე ესაზღვრება; მე ცემში ნაძვის ტყეში ვისვენებდი; მე - სურამში; მე - ბორჯომში; ტყე სასარგებლოა ჯანმრთელობისათვის; იგი შთანთქავს მანქანების გამონაბოლქვ შხამიან აირებს...
ტყე |
ნახატისა და ნაწერის გარჩევა
ტყის გამოსახულებისა და ნაწერის გაცნობის შემდეგ მასწავლებელი ახალ სიტყვასა და ნახატს შემოიტანს შესასწავლად. ესაა - „ და“.
დის გამოსახულებაც პირობითია, რადგან იგი განასახიერებს ნებისმიერ გოგონა, რომელსაც ჰყავს დედმამიშვილი, არის "და". პედაგოგი დაფაზე გააკრავს გოგონას სურათს წარწერასთან ერთად და ცდილობს მოახერხოს, ბავშვებს გოგონას გამოსახულება „და“ გააცნოს. შემდეგ ეკითხება: ვინ არის სურათზე გამოსახული?
სავარაუდო პასუხებია: აქ გამოსახულია დის პორტრეტი; ეს არის და; იგი ძალიან ჰგავს ჩემს დედას...
შემდეგ ყურადღებას გაამახვილებინებს მუყაოზე დაწერილ სიტყვაზე „და“ და განუმარტავს მათ, რომ აქ წერია სიტყვა „და“, ხოლო დაფაზე გაკრულია ნახატი დის გამოსახულებით. პედაგოგი ბავშვებს ეკითხება:
რა წერია ქვემოთ?
სავარაუდო პასუხები: ქვემოთ წერია და; იქ წერია და;
აქ რა ხატია? - მიუთითებს პედაგოგი დის გამოსახულებაზე.
სავარაუდო პასუხები: აქ ხატია და; დაფაზე გაკრულია ერთ-ერთი ბავშვის დის პორტრეტი; ეს დის გამოსახულებაა.
პედაგოგი უდასტურებს, დიახ, აქ ხატია და, ხოლო ქვემოთ წერია სიტყვა „და“.
ბავშვებო, თქვენ გყავთ და? პედაგოგი ბავშვებს მისცემს მცირეოდენ დროს, რომ თქვან, თუ რომელს ჰყავს და.
და |
მეორე პროცედურა
ვარიანტი - ა
დაფაზე მიმაგრებულია ორი ახალი სურათი. პედაგოგი რიგრიგობით გამოიყვანს ბავშვებს და აწვდის მუყაოს ფირფიტებს წარწერით „ტყე“ და „და“, რათა ჯერ ხმამაღლა წარმოთქვან, თუ რა წერია მასზე, ხოლო შემდეგ მოათავსონ შესაბამისი ნახატის ქვეშ.
სახელმძღვანელოში ყველა მათგანს მიეცემა ასეთი დავალება: შეაერთონ ნაწერები „და“ და „ტყე“, ტყისა და დის შესაბამის სურათებთან ისრით ან თითით.
ტყე | და |
ვარიანტი - ბ
ამჯერად დაფაზე მიმაგრებულია ორი ნაწერი. ამ შემთხვევაში პედაგოგი ბავშვებს თანმიმდევრობით მიაწოდებს ტყისა და დის გამოსახულებებს, რათა შესაბამისი ნაწერების ქვეშ მოათავსონ.
დავალება სახელმძღვანელოში: ტყისა და დის გამოსახულება ისრით ან თითით დაუკავშირონ შესაბამის ნაწერებს!
მესამე პროცედურა
თამაში - „აკვარიუმი“
აკვარიუმში ხუთი მუყაოა მოთავსებული. ორი ახლადშესწავლილი სიტყვა „ტყე“ და „და“, სამიც წინა გაკვეთილებზე ნასწავლი სიტყვები: ძმა, ქვა და ბზა.
ბავშვი ხელით ან „ანკესით“ ამოიღებს ერთ - ერთ ფირფიტას, ხმამაღლა წაიკითხავს, დაფაზე გაკრულ სიტყვებს შორის გვიჩვენებს შესატყვის სახელს და მოათავსებს მის ქვეშ. ასეთივე პროცედურები გაიმართება დანარჩენი სიტყვების ამოღების შემდეგაც.
დავალება სახელმძღვანელოში: მასწავლებლის მითითებით ბავშვები შეარჩევენ ყველა ნაცნობ სიტყვას, თითს დაადებენ ტექსტს და წაიკითხავენ ხმამაღლა და ჩუმად.
ტყე | ძმა | ქვა | ბზა | და |
მეოთხე პროცედურა
ცოდნის განმტკიცება
პედაგოგს მაგიდაზე უწყვია ქვისა და ძმის სურათებთან ერთად გასამეორებელი სიტყვები: სკა, მთა უთო. დაფაზე მოთავსებულია ნაწერები.
მასწავლებელი გამოიძახებს ნებისმიერ ბავშვს მაგიდასთან და ავალებს, რომ ამათ შორის ამოირჩიოს ქვის სურათი და ქვეშ დაუდოს შესატყვის ნაწერს. იგივეს გაიმეორებს ძმისა და დანარჩენ სურათებზეც სხვა ბავშვების გამოძახებისას.
მომდევნო ეტაპზე შეიძლება სიტუაციის შეცვლა საპირისპიროდ: პედაგოგი დაფაზე ათავსებს ნახატებს, მაგიდაზე კი - ნაწერებს. გამოძახებული პატარებიც რიგრიგობით აიღებენ წარწერიან მუყაოებს, წაიკითხავენ ხმამაღლა და მოათავსებენ შესატყვისი გამოსახულების ქვეშ.
სახელმძღვანელოში: დაადებენ თითს ჯერ სურათს, შემდეგ შესაბამის წარწერას და ხმამაღლა წაიკითხავენ. მომდევნო ეტაპზე - ჯერ წაიკითხავენ წარწერას, შემდეგ კი მოძებნიან მათ შესაბამის სურათებს.
ტყე | ქვა | და | ბზა | ძმა |
მეხუთე პროცედურა
პედაგოგი დაფაზე განათავსებს ამ ორ ახლადნასწავლ სიტყვასთან ერთად რამდენიმე იმ სიტყვასაც, რომელიც მომდევნო გაკვეთილზე უნდა შეისწავლონ.
ბავშვს (ან ბავშვებს - სახელმძღვანელოში) ევალება ამ სიტყვებიდან უკვე ნაცნობი სახელების ამორჩევა. მაგ.: ამოირჩიე ნაცნობი ნაწერი „ტყე“ (შემდეგ - „და“) და წაიკითხე ხმამაღლა (ან ჩუმად). წიგნში მონახეთ ნაწერები, თითი დაადეთ ნაცნობ სიტყვებს და წაიკითხეთ!
სკა | ხელი | ტყე | უთო | ხევი | ძმა |
მეექვსე პროცედურა
პედაგოგი დაფაზე დებს მხოლოდ ახლად ნასწავლ სიტყვებს: „ტყესა“ და „დას“ და მთელს ჯგუფს ერთდროულად აკითხებს.
თუ ბავშვებმა სიტყვები ვერ წაიკითხეს, აღნიშნულ სიტყვებს შესატყვის სურათებთან ერთად კვლავ ერთად გააკრავს დაფაზე და თავიდან შეასწავლის მათ ყველაფერს.
სახელმძღვანელოშიც მოცემულია ორივე სიტყვა შესაბამის სურათებთან ერთად, რაც წიგნზე მუშაობისათვის კარგ საშუალებას მისცემს პედაგოგს.
ტყე | და |