ადამიანები ყოველთვის ისწრაფვიან სიმყუდროვისა და კომფორტისკენ, ცვლილებებისა და სიახლისკენ. ამიტომ ისინი დიდ დროს უთმობენ ამა თუ იმ შენობის ინტერიერის გაფორმებას, რომელიც ყოველთვის დაკავშირებულია სხვადასხვა ტიპის საკითხების გადაწყვეტასთან, შენობის მოსაპირკეთებელი მასალის სწორად შერჩევასთან.
სწორედ მასალის ფერზე, ტექსტურაზე და ხარისხზეა დამოკიდებული, იქნება თუ არა შენობა მყუდრო და კომფორტული.
კედლების გაფორმების ერთ-ერთ ოპტიმალურ საშუალებად ითვლება შპალერი.
არსებობს ძალიან დიდი რაოდენობის, ფერისა და ტექსტურის შპალერების მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც განსაზღვრავს არა მარტო შენობის ესთეტიკურ მხარეს, არამედ მოქმედებს მასში მცხოვრებთა ჯანრთელობაზე, აქტიურობაზე, შრომისუნარიანობაზე.
გარდა ამის შპალერი ხელს უწყობს შენობის აღქმას, მაგალითად თუ კედელზე გააკრავთ ვერტიკალურ ზოლებიან შპალერს, შენობა უფრო მაღალი გამოჩნდება, ვიდრე სინამდვილეშია. ხოლო შპალერით, რომელსაც განივი ზოლები ან დიდი ორნამენტები აქვს, შენობა უფრო დაბალი, მაგრამ ფართო გამოჩნდება.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიექცეს შპალერის ფერთა გამის შერჩევას. მშვიდი, პასტელური ფერები, დადებითად, დამამშვიდებლად მოქმედებს ადამიანზე, ხოლო ძალიან ნათელი, ”მყვირალა” ფერები აღგზნებას იწვევს.
რა სახის შპალერები არსებობს დღესდღეობით და რა უპირატესობით, თუ ნაკლოვანებით ხასიათდება ესა თუ ის სახეობა?
ქაღალდის შპალერი
ქაღალდის შპალერი - შპალერების ყველაზე გავრცელებული სახეობაა. იგი ეკოლოგიურად სუფთაა, რადგან დამზადებულია ნატულარული მასალისგან, შესაბამისად კედლებიც ”სუნთქავს”.
ასეთი შპალერების ფასი, ხელმისაწვდომია მომხმარებელთა ფართო წრისათვის.
მისი გამოყენება კი შესაძლებელია ყველა იმ ნაგებობაში, რომელშიც ადგილი არა აქვს ტემპერატურის ცვალებადობას და მაღალ ტენიანობას.
ქაღალდის შპალერი ორი სახისაა:
ერთშრიანი (ეგრეთ წოდებული სიმპლექსი) - სიმპლექსს გააჩნია ნახატებიანი გლუვი ზედაპირი. მისი ძირითადი ნაკლოვანებაა დაბალი სიმტკიცე, იგი მალე ხუნდება და არ ირეცხება წყლით.
მეორე ნაკლოვანებაა ის, რომ თუ კედელი არასწორია, ყველა დეფექტი გამოჩნდება. ასე, რომ ასეთი შპალერის გაკვრის წინ, საჭიროა კედელის წინასწარი, საგულდაგულო მომზადება.
ორშრიანი (ეგრეთ წოდებული დუპლექსი) - დუპლექსი შედგება ქაღალდის ორი შრისგან, რომელიც შეწებებულია ერთმანეთზე. პირველი შრე ძირითადია, ხოლო მეორე, საფარს წარმოადგენს. მეორე შრეს, როგორც წესი, ამუშავებენ სპეციალური ხსნარით, რომელიც ხელს უშლის ნესტის შეღწევას და გახუნებას.
დუპლექსის შპალერები არსებობს გლუვი და რელიეფური ზედაპირით. დუპლექსის ძირითადი ღირსება, სიმპლექსთან შედარებით, მაღალი სიმტკიცე და ნესტის მეტი ამტანობაა. გარდა ამისა ის ფლობს ხმის დახშობის თვისებას.
წყლით არც დუპლექსის შპალერის გარეცხვა შეიძლება.
ვინილის შპალერი
შემდეგი სახეობაა ვინილის შპალერი. მისი წყლით გარეცხვა შესაძლებელია (რადგან ამ ტიპის შპალერი წყალგამძლეა). ამასთან ერთად ვინილის შპალერი ძალიან მტკიცეა და დიდი ხანი ძლებს.
ამიტომ, პრაქტიკულობის გამო, მას ხშირად იყენებენ სამზარეულოში, მისაღებში, სანიტარული წერტილებისა და შენობის სხვა ადგილებში.
ვინილის შპალერი, ისე როგორ დუპლექსი, შედგება ორი შრისგან. ქვედა შრე ჩვეულებრივ, ქაღალდის, ან ნაჭრისაა, რომელიც, როგორც წესი იფარება პოლივინილქლორიდის თხელი ფენით, ხოლო ზემოდან სურათები, ან რელიეფური ზედაპირი უკეთდება.
პოლივინილქლორიდის თხელი ფენა იცავს შპალერს ნესტისგან, მექანიკური ზემოქმედებისგან და შუქისგან.
გარდა ამისა, შპალერი იჟღინთება სპაციალური ხსნარით, რომელიც ხელს უშლის სოკოსა და ობის წარმოქმნას.
არსებობს ოთხი სახის ვინილოვანი საფარი:
აბრეშუმისებრი - ვინილის შპალერის საკმაოდ თხელი სახეობაა, იგი შედგება ორი - ზედა და ქვედა შრისაგან. ქვედა შრე ქაღალდს წარმოადგენს, ხოლო ზედა - სუფთა ვინილს, ან ვინილს აბრეშუმის ძაფებით. ზედა შრე შეიძლება იყოს გლუვი, ან რელიეფური.
სახელი აბრეშუმისებრი, ამ ტიპის შპალერმა მიიღო თავისი გარდამავალი და ბზინვარე ფერის გამო, რითაც ის ძალიან წააგავს აბრეშუმის ქსოვილს. ეს ეფექტი კი მიიღწევა ძალიან მცირე ზომის, უწვრილესი ჭდეებისგან, რომლების აირეკლავენ სინათლის სხივებს.
სტრუქტურული - ვინილის შპალერის გაცილებით მყარი და სქელი სახეობაა. სიმყარე და სისქე მიიღწევა იმის ხარჯზე, რომ მისი ზედა შრე ვინილისაა (პოლივინილქლორიდი), რომელიც თერმული დამუშავების შემდეგ, ქმნის შპალერის ზედაპირზე ნათლად გამოხატულ ფაქტურას.
ასეთი შპალერი შეიძლება იყოს ბზინვარე, გააჩნდეს სხვადასხვა ფაქტურა და ფერი. ის ძალიან კარგად ფარავს უსწორმასწორო კედელს, მის ნაკლოვანებებს. ქმნის რელიეფური ბათქაშის ეფექტს.
მყარი - მყარი ვინილის შპალერი წარმოადგენს თხელ, მაგრამ ძალიან მტკიცე შრეს, რომელიც მყარი და ამტანია მექანიკური ზემოქმედებისა და დაზიანების მიმართ.
გლუვი - მას ბრტყელ, ან ჩამოსხმულ ვინილის შპალერს უწოდებენ. იგი ისეთივე თხელია, როგორც მყარი ვინილის შპალერი, თუმცა მისგან განსხვავებით, ნაკლებად მყარია.
მას ამზადებენ ქაღალდის საფუძველზე პოლივინილქლორიდის რამოდენიმე დაბეჭდილი შრის, პლასტიფიკატორების, პიგმენტებისა და სხვა დანამატების თანმიმდევრული დატანით.
ვინილის შპალერები იძლევა დიდი რაოდენობით სხვადასხვა მოსაპირკეთებელი მასალის იმიტაციის საშუალებას, როგორიცაა: ტყავი, კერამიკული ფილა, ზამშე, ნატურალური ქსოვილები, ხე, ბათქაში და მრავალი სხვა.
ვინილის შპალერის ძირითად ნაკლიოვანებად ითვლება ის, რომ ის ცუდად ატარებს ჰაერს. ამიტომ, მწარმოებლები აწარმოებენ მიკროფორებიან ვინილის ზედაპირებს, რათა კედლებმა შეძლიონ ”სუნთქვა.”
აკრილის შპალერი
აკრილის შპალერი შედგება ორი შრისგან: ზედა პოლიმერული და ქვედა ქაღალდის. ზედა შრის დატანა ზედაპირზე ხდება წვეთოვანი მეთოდით.
აკრილის შპალერის ზედაპირზე, რელიეფური ნახატი ტოვებს ფართო ფუნჯით წასმულის, ხოლო ზოგიერთ შემთხვევაში კი ამობურცული წერტილების იმიტაციას.
ვინილის შპალერისგან განსხვავებით, აკრილის შპალერი არ გამოირჩევა წყლის ამტანობით და ცვეთამედეგობით.
ამ თვისებების გამო, არ არის რეკომენდირებული მისი სამზარეულოში და აბაზანაში გამოყენება.
შესაღები (სტრუქტურული) შპალერი
შესაღები შპალერი წააგავს დუპლექსის შპალერს, თუმცა მასთან შედარებით გაცილებით სქელი და მტკიცეა. ზედა შრე, როგორც წესი, წარმოადგენს თეთრი ფერის ზედაპირს, რომელიც უნდა შეიღებოს ნებისმიერი, სასურველი ფერით.
არსებობს უხეშ ბოჭკოვანი შესაღები შპალერები, რომელიც შედგება მტკიცე ქაღალდის რამდენიმე შრისგან. შრეებს შორის მოთავსებულია დაპრესილი მერქნის ბურბუშელა.
გვხვდება შესაღები შპალერი პატარა სტრუქტურული ზედაპირით.
კიდევ ერთი სახობა შესაღები შპალერისა, არის ვინილის შპალერი ქაღალდის, ან ფლიზელინის ფუძეზე. ის ძალიან მყარია და გააჩნია შენიღბვის შესანიშნავი თვისება. ძირითადად ასეთი შპალერი თეთრია, თუმცა გვხვდება პასტელურ ტონებშიც.
შესაღები, სტრუქტურული შპალერების უპირატესობაა ის, რომ შესაძლებელია კედლების მრავალჯერადი შეღებვა ისე, რომ არ ზიანდება სტრუქტურის ფაქტურა. ასეთი შპალერები გამოიყენება სხვადასხვა ტიპის შენობებისთვის, ამას გარდა მას იყენებენ ჭერზე ასაკრავად.
ფლიზელინის შპალერი ძალიან პრაქტიკული და გამძლეა. განსაკუთრებულ სიმტკიცეს იგი იძენს კედელზე გაკვრისა და შეღებვის შემდეგ.
ამ ტიპის შპალერს შეუძლია თავისუფლად აიტანოს 5-ჯერ შეღებვა. იგი დამზადებულია პოლუვინილისგან, რომელსაც სპეციალური მეთოდით აწებებენ ცელულოზასა და სინთეტიკური ბოჭკოების ტილოზე.
ასეთი შპალერის ძირითადი უპირატესობაა ის, რომ მასზე არ არის საჭირო წებოს წასმა, საკმარისია წებოს მხოლოდ კედელზე წასმა და შპალერის ისე მიწებება. ხოლო თუ შპალერის გამოცვლაა საჭირო, ის იხსნება კედლიდან ძალიან ადვილად, მშრალ მდგომარეობაში ისე, რომ ტოვებს ფლიზელინის საფუძველს, რომელიც გამოდგება შემდგომი გამოყენებისთვისაც. შპალერი გამოიყენება როგორც კედლებისთვის, ასევე ჭერზე გასაკრავად.
ტექსტილის შპალერი
ტექსტილის შპალერი მზადდება ქაღალდის, ფლიზელინის, პოროლონის ან ვინილის ფუძეზე სხვადასხვა ქსოვილების დაწებების მეთოდით. არსებობს მისი სხვადასხვა ტექსტურის ფაქტურები.
ტექსტილის შპალერი შესანიშნავად გამოიყურება სხვადასხვა ინტერიერში და ანიჭებს სითბოს და სიმყუდროვეს ნებისმიერ ნაგებობას.
ამას გარდა, ტექსტილი კარგად შთანთქავს ხმას, კარგი თბოიზოლატორია.
ტექსტილის შპალერს აქვს თავისი ნაკლოვანებებიც: იგი ძალიან სუსტია მექანიკური დაზიანების მიმართ, ვერ უძლებს წყლით გაწმენდას, ადვილად ისრუტავს სუნსა და მტვერს.
მინაბოჭკოვანი შპალერი
მინაბოჭკოვანი, ანუ მინის ქსოვილის შპალერი შედგება მინის ბოჭკოვანი ძაფისგან, რომელიც მზადდება ნატურალური ნედლეულისგან - კვარცის ქვიშისგან, სოდისგან, დოლომიტისგან და კირისგან. მის საფუძველს წარმოადგენს მინა, რომლისგანაც მიიღებენ ბოჭკოს - 1200° - მდე გახურების შედეგად.
შესაძლებელია მინაბოჭკოვანი შპალერი იყოს ერთშრიანი ან ორშრიანი, სხვადასხვა ტექსტურის, რელიეფისა და ორნამენტების.
მინაბოჭკოვანი შპალერი ძნელადაალებადია. მისი შეღებვა 12-ჯერაა შესაძლებელი, რელიეფის ან ნახატის დაზიანების გარეშე.
იგი ქიმიურად ნეიტრალურია, არ იშლება და არ არის მგრძნობიარე ნესტის მიმართ. მისი ზედაპირი გაჟღენთილია სპეციალური, ნესტგამძლე შემადგენლობით, ამიტომ შესაძლებელია მისი წყლით გარეცხვა, ჯაგრისითა და სარეცხი საშუალებებით გაწმენდა.
მეტალირებული შპალერი
მეტალირებული შპალერი შედგება ქაღალდის საფუძვლისა და ალუმინის ფოლგის ძალიან თხელი მეტალის შრისგან.
ძირითადად ასეთი შპალერები არის გლუვი, ერთი ტონის ზედაპირით, რომელიც შეღებილია ოქროსფერი, ვერცხლისფერი და ბრინჯაოსფერი საღებავებით.
მეტალირებული შპალერები ერთ-ერთი ყველაზე პრესტიჟული და ძვირადღირებული შპალერის სახეობაა.
მათი მოვლა (გაწმენდა, გარეცხვა), ძალიან მარტივია. გააჩნია კარგი ხმის იზოლაცია.
ეგზოტიკური შპალერი
ნებისმიერი ადამიანის სურვილია იცხოვროს ისე, რომ მის ირგვლივ იყოს ეკოლოგიურად სუფთა გარემო. მათ შორის არც შპალერია გამონაკლისი.
დღესდღეობით, სამომხმარებლო ბაზარზე, წარმოდგენილია სხვადასხვა ნატურალური ნედლეულისგან დამზადებული შპალერები, როგორიცაა: ბამბუკის, ლერწმის, ჯუთის, წყლის მცენარეების, ბრინჯის ქაღალდის და ა.შ.
ასეთი შპალერები ძირითადად მზადდება ჩინეთსა და იაპონიაში. ზოგიერთი ტიპის შპალერს წნავენ ხელით, საქსოვ დაზგებზე.
ეგზოტიკურ შპალერებს შორის ერთ-ერთი გამორჩეულია კორპის შპალერი, იგი წარმოადგენს დაპრესილი კორპისგან დამზადებულ თხელ ტილოს, რომელიც გადაკრულია ქაღალდის ფუძეზე.
კორპის ხე ექვემდებარება თერმულ დამუშავებას, რის შედეგადაც იგი გამოყოფს წებოს თვისებების მქონე ნივთიერებას. სწორედ ამ ნივთიერებით ხდება მისი დაწებება ქაღალდზე.
იმის გამო, რომ შპალერი მზადდება კორპისგან, იგი ფლობს მის ყველა თვისებას, კერძოდ - ანტიბაქტერიულ, თბოიზოლაციურ და ჰიდროიზოლაციურ თვისებებს. ასეთი შპალერების გამოყენება შეიძლება ნებისმიერ შენობაში, თუმცა არ არის სასურველი მისი აბაზანაში და სამზარეულოში გამოყენება.
ფოტო შპალერი
ფოტოშპალერები პოპულარობით სარგებლობს ესთეტიკური თვისებების გამო. იგი წარმოადგენს ქაღალდს, ზედ დატანილი ფერადი სურათით, რომლის ხარისხიც გაცილებით მაღალია, ვიდრე გადიდებული ფოტოსურათისა.
ფოტოშპალერი ფარავს მთელს კედელს, იატაკიდან ჭერამდე, იგი შეიძლება ჩაითვალოს თავისებურ სურათად, რომელიც იწვევს დამატებითი სივრცის შეგრძნებას.
მაღალი ხარისხის ფოტოშპალერები გამოირჩევა სურათის მაღალი სიზუსტით, მკვეთრი გრაფიკითა და მდიდარი ფერთა პალიტრით.
ეს ეფექტები მიიღწევა მაღალი ტექნოლოგიების გამოყენებით, რომელიც საშუალებას იძლევა ხარისხიანად დაიბეჭდოს გამოსახულების თითოეული ელემენტი.
ფოტოშპალერით აფორმებენ საძინებლებს, სასტუმრო ოთახებს, საოფისე შენობებსა და სავაჭრო დარბაზებს.
სიუჟეტების მრავალფეროვნება, საშუალებას იძლევა ხაზი გაესვას ნებისმიერი შენობის ინტერიერს.
ფოტოშპალერები სხვადასხვა ზომისაა, მისი სიუჟეტი შეიძლება შედგებოდეს შპალერის რამოდენიმე რულონისგან.
ფოტოშპალერის საშუალებით შესაძლებელია, ზედმეტი შრომის გარეშე, მხედველობითად გაადიდოთ, ან დააპატარავოთ შენობა.
ფოტოშპალერის გაკვრა ხდება გასუფთავებულ, გლუვ კედელზე, აუცილებელია კედლის გაზომვა, რათა შპალერის სიუჟეტი ზუსტად დაემთხვეს მის ზომას.
ელექტრონული შპალერი
დიდ ბრიტანეთში ახალგაზრდა სპეციალისტების მიერ შემუშავებული იქნა შპალერის ახალი, უჩვეულო სახეობა - ელექტრონული შპალერი.
შპალერთან ნებისმიერი ელექტროტექნიკური საშუალების კონტაქტი ყოველთვის სახიფათოდ ითვლებოდა (ხანძრის თვალსაზრისით), თუმცა ინგლისელი სპეციალისტები ასე არ თვლიდნენ და მათ შეძლეს შეექმნათ უნიკალური, უახლესი ტექნოლოგია OLED.
ეს ტექნოლოგია, საშუალებას იძლევა შპალერში ჩამონტაჟდეს უწვრილესი მანათობელი სურათი, რომელიც ღამით არა მარტო ანათებს, არამედ ქმნის სხვადასხვა ფორმის უზორებს, სურათებს, ვარსკვლავებით მოჭედილ ცას და ა.შ სანამდეც კი გაწვდება ადამიანის ფანტაზია.
აღსანიშნავია, რომ განათება შეიძლება იყოს როგორც თეთრი, ასევე ფერადი.
OLED ტექნოლოგიით დამზადებული ელექტრონული შპალერი ”იკვებება” მცირე ზომის კვების ბლოკით, რომელიც შეუმჩნევლადაა მიერთებული შპალერის რომელიმე კუთხესთან.
კვების წყაროდ ასევე გამოიყენება ჩვეულებრივი ელემენტებიც, რომელიც განათებას საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში უზრუნველყოფს, რადგან მას ძალიან მცირე რაოდენობით დენი ჭირდება.
ელექტრონული შპალერის ფასი ჯერ-ჯერობით არ არის ცნობილი, თუმცა ცნობილია, რომ მისი მასიური წარმოების შემთხვევაში ფასი არ იქნება მაღალი და ხელმისაწვდომი იქნება საშუალო ფენებისთვისაც.
პს
როგორც ხედავთ არსებობს შპალერების ძალიან მრავალფეროვანი ასორტიმენტი, რომელიც ერთმანეთისგან განსხვავდება: მასალით, ხარისხით, სტრუქტურით, სიმტკიცით, ტექსტურით, ნესტისა და წყლის ამტანობით, ფასით და ა.შ.
ყველა ამ ფაქტორის გათვალისწინება, მთავარი განმსაზღვრელია სასურველი შპალერის არჩევის დროს.
მთავარია, გულმოდგინედ გაერკვეთ და არ დაგეზაროთ შერჩევის პროცესი. შპალერს ხომ ერთი დღით, თვით და თუნდაც წლით არავინ ყიდულობს, მან უნდა დააკმაყოფილოს მომხმარებლის მოთხოვნები ხანგრძლივი დროის განმავლობაში.
წარმატებულ არჩევანს გისურვებთ!
რეკომენდებული შპალერები: