კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:06

როგორ ავირჩიოთ მეტალოპლასტმასის პროფილებიპროფილი - არის მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების საფუძველი - მთავარი კონსტრუქცია, რომლისგანაც დამზადებულია ფანჯრის საგდულები და ჩარჩო და რომელიც შედგება შიდა ტიხრებისგან.

სწორედ პროფილები განსაზღვრავს არა მხოლოდ ფანჯრის გარეგნულ იერსახეს, არამედ მთელი კონსტრუქციის სიმტკიცეს, სანდოობას და ხარისხს ხანგრძლივი წლების განმავლობაში.

მაღალი ხარისხის პროფილები გამყარებულია მეტალის ჩანართებით და შიგნიდან გააჩნია ჰაერის ღრუ, რომელიც ამაღლებს კონსტრუქციის თბოიზოლაციას.

ერთი შეხედვით, სხვადახვა მწარმოებლების მიერ დამზადებული პროფილები პრაქტიკულად ერთნაირად გამოიყურება, მაგრამ ეს მხოლოდ  ერთი შეხედვით…

ხარისხში სხვაობა თავს იჩენს მხოლოდ რამდენიმე თვის (შეიძლება წლის) ექსპლუატაციის შემდეგ, როცა იაფფასიანი კუსტარულად დამზადებული პროფილები იბრიცება, უჩნდება ნაპრალები და ა.შ.

აქ თავს არ შეგაწყენთ რთული პროფესიული ტერმინოლოგიით, უბრალოდ მოკლედ ჩამოვაყალიბებთ, თუ რას უნდა მოვაქციოთ ყურადღება პროფილის შერჩევის დროს.

პროფილის ხარისხი იმდენად დამოკიდებული არ არის მწარმოებელზე, რამდენადაც მასალაზე, რომლისგანაც დამზადებულია პროფილი, ხოლო ფანჯრის ხარისხი 80%-ით განისაზღვრება მინაპაკეტის მამკვრივებლის ტიპით, ფურნიტურის შესრულებით და ხარისხით.

რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს საწარმოო პროცესს. ლოგიკური, რომ მაღალხარისხიანი იქნება პროდუქცია, რომელიც დამზადებულია ულტრათანამედროვე დანადგარებით და მარალი ტექნოლოგიების სრული დაცვით.

ფანჯრის პროფილების თვისებები განისაზღვრება მათი მასალების შედეგ პარამეტრების შეთავსებით:

პროფილის თბოგამტარობა უნდა იყოს რაც შეიძლება ნაკლები, რადგან წინააღმდეგ შეთხვევაში ფანჯრის ჩარჩოდან ზამთარში შემოვა სიცივე, ზაფხულში კი სიცხე;

პროფილის სითბური გაფართოების კოეფიციენტი - λ - რაც შეიძლება ახლოს უნდა იყოს მინის სითბური გაფართოების კოეფიციენტთან. ეს განსაზღვრავს მამკვრივებლის ხანგრძლივ მუშაობას.

თუ პროფილისა და მინის სითბური გაფართოების კოეფიციენტებს (λ) შორის დიდი სხვაობაა, მამკვრივებელ რეზინებზე (ან სხვა მასალაზე) იქნება მეტი დატვირთვა, რაც მათ ნაადრევ ცვეთას და დასკდომას გამოიწვევს.

პროფილის დრეკადობის მოდული - H - უნდა იყოს რაც შეიძლება მაღალი: ფანჯრის ჩარჩო ძირითადად მუშაობს გადაღუნვის და ტრიალის სახით, ამიტომ ქარი და ტემპერატურული ცვლილებები ემუქრება მინაპაკეტს ჩარჩოდან ამოგდებით.


პროფილის მასალა


პროფილის მასალაფანჯრის პროფილების მასალა შეიძლება იყოს მრავალფეროვანი - ხე (კედარი, წიწვოვანი მასალა) ალუმინი, იზოალუმინი და ა.შ.

თუმცა, ყველაზე გავრცელებული და პოპულარული - ე. წ. მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრის პროფილები მზადდება მეტალით არმირებული პოლივინილქლორიდისაგან (პვქ).

პოლივინლქლორიდი არის მაღალმოლეკულური ნაერთი, რომელიც მიიღება ვინილქლორიდის პოლიმერიზაციით. მას იყენებენ კოროზიისაგან ქიმიური აპარატების დასაცავად, მილების წარმოებაში, კარ-ფანჯრების წარმოებაში, ელექტროტექნიკაში და სხვა...

პოლივინილქლორიდი მდგრადია დეფორმაციის მიმართ, უსაფრთხოა ადამიანისთვის და ბუნებრივი გარემოსთვის, არ ეშინია ტემპერატურული ცვლილებების, ნესტის, ზეთების, მჟავებისა და სხვადასხვა სახის გამხსნელების.

პოლივინილქლორიდისგან შესაძლებელია არა მხოლოდ სტანდარტული - კვადრატული და მართკუთხედი ფორმის ფანჯრების დამზადება, არამედ შეიძლება დამზადდეს ნებისმიერი ფორმის კონსტრუქცია - მრგვალი, ნახევრადმრგვალი, თაღი, სამკუთხედი, ტრაპეცია და ა.შ.

ბოლო დროს, მწარმოებლები თავგზას უბნევენ ხოლმე მომხმარებელს ათასგვარი ამა თუ იმ სასწაულმოქმედი მასალებისგან დამზადებული და საუკეთესო თვისებებით აღჭურვილი პროფილების შეთავაზებით. სინამდვილეში კი ეს მხოლოდ მარკეტინგული ხრიკია და მეტი არაფერი, რადგან...

პროფილის მასალა ძირითადად არის სამი კლასის:

• ეკონომი;

• სტანდარტი;

• პრემიუმი;

ეკონომ კლასის პროფილი დაბალი ხარისხის პლასტმასისგანაა დამზადებული ყოველგვარი არმირების გარეშე. იგი მარტივად დეფორმირდება, აქვს ცუდი სითბოს და ხმაურის გამტარობა. ზოგადად - ასეთი პროფილი არის უხარისხო! ამიტომ ჯობია თავის მისგან შორს დაიჭიროთ.

სტანდარტული კლასის პოლივინლქლორიდს აქვს ერთგვაროვანი ფერი. მისი ზედაპირი გლუვია, ყოველგვარი უთანაბრობების, ნაპრალების, მარცვლოვანობის, ნახჭებისა და ლაქების გარეშე. იგი აბსოლიტურად უსუნოა.

ეს საკმაოდ ხარისხიანი პროფილებია, რომელიც გამოიყენება საცხოვრებელ სახლებში, ოფისებში, აგარაკებზე და ა.შ. გააჩნია კარგი თვისებები და ხანგრძლივი ექსპლუატაციის ვადა.

პრემიუმ კლასის პროფილები დამზადებულია მაღალხარისხიანი პოლივინლქლორიდისგან, რომლის ზედაპირი შეიცავს ტიტანიუმის ოქსიდს, რაც ხელს უწყობს მზის სხივების არეკვლას, იცავს პროფილს გახუნებისაგან და ფერის შეცვლისაგან.

ასეთი პროფილების ექპლუატაციის ვადა აღწევს 50-60 წელს.

პროფილის არმირებაარმირება - პოლივინილქლორიდისგან დამზადებულმა ფანჯრებმა  - გავრცელებული სახელი „მეტალოპლასტმასი“ მიიღო იმის გამო, რომ პლასტმასის პროფილი შიგნიდან არმირებულია მეტალის საშუალებით.

არმირება ნიშნავს მასალის ან კონსტრუქციის გაძლიერებას სხვა მასალით. ამ შემთხვევაში მეტალით, რომელიც ანიჭებს სიმტკიცეს და სიმყარეს პროფილის კონსტრუქციას.

არმირება გარე თვალისთვის შემუჩნეველია, რითაც სარგებლობს ზოგიერთი კუსტარული ფანჯრის მწარმოებელი, რომლებიც კარ-ფანჯრის პროფილებს აწარმოებენ არმირების გარეშე.

იმის შემოწმება, არის თუ არა თქვენი კარ-ფანჯრის პროფილები არმირებული, ძალიან მარტივად შეიძლება ჩვეულებრივი მაგნიტის საშუალებით. თუ მაგნიტი ადვილად ნახულობს კარ-ფანჯრის ჩარჩოზე და საგდულებზე მეტალს, პროფილები არმირებულია. თუ არა - უმჯობესია მოძებნოთ სხვა, უფრო კეთილსინდისიერი მწარმოებელი.

რა თქმა უნდა მნიშვნელობა აქვს არმირების ხარისხსაც. მიღებული სტანდარტია პროფილებში მინიმუმ 2 მმ-იანი მყარი არმირების გამოყენება, რაც მათ სიმყარესა და გამძლეობას ერთიორად ზრდის.


პროფილის ეკოლოგიურობა და მავნებლობა


პროფილის ეკოლოგიურობა და მავნებლობაეს ყველაზე მთავარი ფაქტორია პროფილების შერჩევის დროს. 

საქმე იმაშია, რომ მეტალოპლასტმასის პროფილები არის მრავალკომპონენტიან ქიმიური ნაერთი, ამიტომ მნიშვნელოვანია, რომ იგი იყოს ეკოლოგიურად სუფთა და არ შეიცავდეს მძიმე მეტალებსა და სხვა მავნე კომპონენტებს.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ეს ისეთი საყოფაცხოვრებო დანიშნულების კონსტრუქციაა, რომელთანაც ყოველდღიური შეხება აქვს ოჯახის ყველა წევრს, მათ შორის ბავშვებს, ამიტომ მათი და არა მარტო მათი უსაფრთხოების თვალსაზრისთ, არ ღირს ეკონომიის ეკონომიის გაკეთება და იაფფასიანი უხარისხო პროდუქციის ყიდვა.

რომ დაფიქრდეთ - უბრალოდ არალოგიკურია, რომ  ხარისხიანი და ეკოლოგიურად სუფთა - უსაფრთხო მასალა ღირდეს დაბალი ფასი.

აღსანიშნავია, რომ თანამედროვე ტექნოლოგიებით დამზადებულ მეტალოპლასტმასის პროფილებში, ჯანმრთელობისთვის საფრთხის მიყენების რისკი მინიმუმამდეა დაყვანილი. ამიტომ, მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების შეძენის წინ, აუცილებლად მოითხოვეთ ხარისხის მართვის სერთიფიკატი - ISO 9001.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, ფაქტია, რომ არ ღირს ეკონომიის გაკეთება საკუთარი და ოჯახის წევრების ჯანმრთელობის ფასად.

მითუმეტეს, რომ მაღალი ხარისხი - ეკოლოგიურობის გარდა იძლევა მაღალი თბოიზოლაციის გარანტიას, რომლის მეშვეობითაც ფასთა შორის სხვაობას დაფარავთ ერთ-ორ წელში, ხოლო შემდგომში მუდმივად ისარგებლებთ ენერგორესურსების მნიშვნელოვანი ეკონომიით.

ზოგადად, მყარი პოლივინილქლორიდი ქიმიურად ინერტული ნივთერებაა. მიეკუთვნება რთულად წვად ნივთიერებას, მისი აალების ტემპერატურა შეადგენს 330 - 400°С-ს. შედარებისთვის, ხის აალების ტემპერატურა 210 - 270°C-ია.

პოლივინილქლორიდი თვითქრობადი მასალაა, ანუ იწვის მხოლოდ ღია ცეცხლის წყაროს არსებობის შემთხვევაში და თუ ასეთი წყარო არ არსებობს, იგი უბრალოდ დადნება და ხელს არ შეუწყობს წვის პროცესს.

პოლივინილქლორიდიდან ჰაერში ისეთი ტოქსიკური ნივთიერებების გამოყოფა, როგორიცაა - დიქოსინი და ფტალატი, ხდება მხოლოდ ძალიან მაღალ ტემპერატურებზე - 225 დან 475°C-მდე. ამიტომ, თუ თქვენი თერმომეტრის ხაზი არ სცდება 60 °C-ს, ეს მასალები აბსოლიტურად უსაფრთხოა ჯანმრთელობისთვის.

კარ-ფანჯრის პროფილების დამზადების დროს, ფხვნილისმაგვარ პოლივინილქლორიდს უმატებენ: სტაბილიზატორებს, მოდიფიკატორებს, ფერის პიგმენტებს და სხვადასხვა დამხმარე დანამატებს. მაგალითად - სტეარინმჟავას მარილები და და ტყვიის მარილები.

სწორედ ეს კომპონენტებია პასუხისმგებელი საბოლოო პროდუქტის სიმტკიცეზე, შეფერილობაზე, ტემპერატურული ცვლილებების მიმართ მდგრადობაზე, ზედაპირის ხარისხზე და ა.შ.

პოლივინილქლორიდის სტაბილიზატორები ხასიათდებიან დაბალი დიფუზიური კოეფიციენტებით, ამიტომ მათ არ შეუძლიათ მყარი პოლიმერული სტრუქტურიდან გამოყოფა იმ პირობებში, რა დანიშნულებაც აქვს პოლივინილქლორიდის პროფილებს.

იგივე ითქმის ტყვიის მარილებზე და ტყვიის სხვა შენაერთებზე (ტყვიის კარბონატი, ტყვიის სულფიდი), ეს ნივთიერებები ასრულებენ თერმოსტაბილიზატორების როლს, შედიან ქიმიურ შენაერთებში და მდებარეობენ პოლიმერრი შიგნით, ქიმიურად იზოლირებული სახით ისე, რომ არ აქვვთ საშუალება დატოვონ შენაერთი და ზიანი მიაყენონ ადამიანის ჯანმრთელობას.

ენერგო ეფექტური პროფილებიერთ სიტყვით, პოლივინილქლორიდში არსებულ ქიმიურ შენაერთებთან ადამიანის პირდაპირი კონტაქტი შეუძლებელია (თუ რა თქმა უნდა არ დაღეჭავთ პროფილს - სადილზე და ვახშამზე :-))

ზემოთ თქმულიდან გამომდინარე - მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯრების მავნებლობა არა მის შემადგენლობაშია, არამედ მდგომარეობს იმ ფაქტში, რომ ისინი არ აძლევენ ჰაერს თავისუფლად ცირკულირების საშუალებას.

მეტალოპლასტმასის კარ-ფანჯარა ძალიან ჰაერმეტულია და შესაბამისად ვერ უზრუნველყოფს შენობის ბუნებრივ ვენტილაციას. ამიტომ, ხდება ფანჯრების "გაოფლიანება", ანუ მათზე წარმოიქმნება კონდენსატი, რის გამოც იმატებს შენობის ტენიანობა და წარმოიქმნება მიკროკლიმატი, რომელიც ხელს უწყობს მიკრობების, სოკოს და ობის გამრავლებას.

ამგვარად ამ პრობლემის თავიდან ასაცილებლად საჭიროა შენობის ხშირი განიავება, ან მეტალოპლასტმასის იმგვარი კონსტრუქციის შეძენა, სადაც გათვალისწინებული იქნება სარკმელები (სარკმელების ვარიანტები საკმაოდ მრაალფეროვანია).

გარდა ამისა, როგორც უკვე ავღნიშნეთ, პროფილის ქიმიურ შემადგენობის გამო, ჯანმრთელობისთვის საშიშია პოლივინიქლორიდის წვის შედეგად გამოყოფილი მომწამლავი გაზები. ვინილოქლორიდის წვის პროდუქტები კი იწვევს ღვიძლის გადიდებას, სარკომას, ტვისნის სიმსივნეს, ქალისა და მამაკაცის რეპროდუციული ორგანოების ცუდ ფუნქციონირებას და ა.შ.


პროფილის სისქე


პროფილის სისქეპროფილის სისქე უნდა იყოს ერთი და იგივე - ძირითადად 2.5 მმ-დან 3 მმ-მდე. თუმცა, მძიმე ფანჯრის ბლოკებისთვის, პროფილის თხელი კედლები უვარგისია, რადგან ამ შემთხვევაში, შედუღების ნაწიბურები გამოვა ნაკლებად მტკიცე, რაც დააზარალებს მთელი კონსტრუქციის სანდოობას.

პროფილის შიგა და გარე კედლების სისქე ნორმირებულია. ამ ნორმებზე დამოკიდებულებით პროფილები იყოფა სამ კლასად: A, B და C კლასი.

A კლასი - პროფილის გარე კედლების სისქეა - 2.8-3 მმ-დან, შიდა კედელების სისქე - 2.5 მმ-დან.

ასეთი პროფილებისგან დამზადებული ფანჯრები მდგრადია, ისინი უზრუნველყოფენ კარგ თბოიზოლაციასა და ხმაურის იზოლაციას. სწორედ ასეთ ფანჯრებს აყენებენ საცხოვრებელ სახლებში.

B კლასი - პროფილის გარე კედლების სისქეა - 2.5 მმ-დან, შიგა კედლების სისქე - 2 მმ-დან.

ეს შემსუბუქებული პროფილებია, რომელსაც ნაკლები ტექნიკური მახასიათებლები გააჩნია A კლასთან შედარებით.

B კლასის პროფილებისგან დამზადებული კარ-ფანჯრები რეკომენდებულია არასაცხოვრებელ შენობებში. ისინი ნაკლებად მდგრადია (15%-ით) დეფორმაციის მიმართ, შედარებით ცუდად აკავებს სითბოს და ვერ უზრუნველყოფს ხმაურის საკმარის იზოლაციას.

C კლასი - ეს კლასი შეიცავს ყველა დანარჩენ პროფილს, რომლებიც არ განეკუთვნება A და B კლასს.

C კლასის პროფილების მიმართ არ არსებობს A და B პროფილებისთვის წაყენებული სტანდარტები და მკაცრი მოთხოვნები.

რა თქმა უნდა, ფაქტია, რომ რაც უფრო მსხვილია პროფილი, მით უფრო მტკიცე და ხარისხიანია იგი. თანამედროვე მატალოპლასტამისის კარ-ფანჯრების პროფილების გარე კედლების სისქე შეადგენს 3 მმ-ს (და ზემოთ).


პროფილის სიგანე


პროფილის სიგანეპროფილის სიგანე მისი ერთ-ერთი ყველაზე ძირითადი მახასიათებელია. 

სამონტაჟო სიგანის მიხედვით პროფილები იყოფა სამ ძირითად კლასად:

58-64 მმ სიგანის პროფილები;

70-76 მმ სიგანის პროფილები;

90 მმ და მეტი სიგანის პროფილები (104,124 მმ);

პროფილის სიგანე არ უნდა იყოს 50 მმ-ზე ნაკლები. ყველაზე ხშირად, ხარისხიანი პროდუქციის მწარმოებლები მომხმარებელს სთავაზობენ მეტალოპლასტმასის პროფილებს სიგანით 58 მმ - ეს კლასიკური ვარიანტია საცხოვრებელი სახლებისთვის.

შემდეგი გავრცელებული ზომაა - პროფილები სიგანით - 70 მმ (გაზრდილი სამონტაჟო სიგანით). ხარისხიანი კარ-ფანჯრის პროფილების ზომები სწორედ 70 მმ-ია.

ეს ზომები, ძირითადად სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ უზრუნველყოს სახლი სითბოთი და სიმყუდროვით.

90 მმ სიგანის პროფილები პრემიუმ კლასის პროდუქციად მიიჩნევა. ისინი გამოირჩევა ძალიან მაღალი სითბოს და ხმაურის იზოლაციით და გათვლილია მკაცრი ჩრდილოეთის კლიმატისათვის, ან ძალიან ხმაურიანი რაიონებისთვის.

ამიტომ ჩვენს ქვეყანაში მწარმოებლები იშვიათად, ან საერთოდ არ სთავაზობენ მომხმარებელს ამ ტიპის პროფილებს.

პროფილის შერჩევის დროს, დაუშვებელია ეკონომიის გაკეთება ისეთ პარამეტრზე, როგორიცაა პროფილის სიგანე. აქ ყველაფერი მარტივადაა - რაც უფრო ფართოა პროფილი, მით უფრო მეტი სითბო შენარჩუნდება სახლში.

თუმცა, გაითვალისწინეთ, რომ ფართო პროფილი, რომელსაც აქვს კამერების მცირე რაოდენობა, შეიძლება ადვილად დეფორმირდეს, რადგან კონსტრუქციას არ გააჩნია სიმტკიცისთვის საჭირო რაოდენობის ტიხრები.


პროფილის საჰაერო კამერების რაოდენობა


პროფილის საჰაერო კამერების რაოდენობაპროფილების შიგნით განთავსებულია რამდენიმე ღრუ - ე.წ. საჰაერო კამერა, რომელიც უზრუნველყოფს შენობის დაცვას სიცივისგან და ქუჩიდან შემოსული ხმაურისგან.

პირველი კამერა - აუცილებელია კონდენსატის სწორი გატარებისთვის;

მეორე კამერა - არმირებისთვის განკუთვნილი მეტალის სადებისთვის;

მესამე კამერა - ფურნიტურის ელემეტების ხარისხიანი ჩამაგრებისთვის, ჰაერის დამატებითი შუაშრის შექმნისთვის (ფანჯრის მეტი ჰერმეტულობისთვის);

კამერების მინიმალური რაოდენობაა - 3, ხოლო მაქსიმუმი - 8. ყველაზე მეტად გავრცელებულია 3 და 5 კამერიანი პროფილები.

3 კამერიანი პროფილები - გამოდგება ფანჯრებისთვის, რომელიც გადის წყნარ ეზოში და მიმართულია სამხრეთით.

5 კამერიანი პროფილები - რეკომენდებულია ისეთო ფანჯრებისთვის, რომელიც გადის ხმაურიან ქუჩაზე ან ორიენტირებულია ჩრდილოეთის მიმართულებით.

საჰაერო კამერების რაოდენობა ძალიან მნიშვნელოვანი კრიტერიუმია. ტექნიკური თვალსაზრისით, საჰაერო კამერების რაოდენობა დამოკიდებულია პროფილის სიგანეზე.

სტანდარტულ მეტალოპლასტმასის პროფილს, ნორმალური ფუნქციონორებისთვის უნდა ჰქონდეს მინიმუმ 3 საჰაერო კამერა.

მიიჩნევა, რომ რაც უფრო მეტია კამერა, მით უფრო უკეთესია თბოიზოლაცია, თუმცა არ დაგავიწყდეთ, რომ ჭარბი რაოდენობის კამერებმა გამოიწვიონ თბოგამტარობის კოეფიციენტის მომატება ტიხრების პლასტმასების გამო, რომლებიც შეასრულებენ გაგრილების რადიატორის როლს.

ამიტომ, ამ პარამეტრთან კომბინაციაში მნიშვნელობა უნდა მიექცეს პროფილის სიგანეს და მინაპაკეტების კამერების რაოდენობას.

58 მმ სიგანის პროფილს შესაძლოა ჰქონდეს მაქსიმუმ 3 საჰაერო კამერა, რაც სხვათა შორის სრულიად საკმარისია იმისთვის, რომ ნორმალურ პირობებში ფანჯრებმა შეინარჩუნონ საკმარისი სითბო.

70 მმ-იან პროფილს შესაძლოა ჰქონდეს სამი, ოთხი და ხუთი კამერაც.

ამ ორი ტიპის პროფილიდან, საცხოვრებელი სახლებისა და კორპუსებისთვის უფრო მოთხოვნადი და პოპულარულია 70 მმ სიგანის პროფილები.

90 მმ სიგანის პროფილს შეიძლება ჰქონდეს 8 საჰაერო კამერამდე, მაგრამ მისთვის ნორმას წარმოადგენს 6 საჰაერო კამერა. თუმცა, როგორც უკვე ავღნიშნეთ მათი საჭიროება ძირითადად არ არსებობს.

კამერების რაოდენობა ფანჯრის ხარისხზე მოქმედებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ პროფილი მიეკუთვნება სხვადასხვა კლასს სიგანის მიხედვით. ანუ კამერების რაოდენობა და პროფილის სიგანე ზუსტად უნდა შეესაბამებოდეს სტანდარტს.

უფრო მარტივად რომ ავხსნათუფრო მარტივად რომ ავხსნათ - ერთი და იგივე სიგანის პროფილში კამერების რაოდენობის გაზრდა მნიშვნელოვნად არ ცვლის ფანჯრის თვისებებს.

თბოიზოლაციის გაზრდისთვის საჭიროა უფრო ფართო პროფილი და არა მასში მეტი ტიხრების რაოდენობა.

რაც უფრო მეტია კამერების რაოდენობა, მით უფრო მეტი სითბო და სიწყნარეა სახლში, თუმცა სამართლიანობისთვის უნდა ითქვას, რომ სხვაობა მაგალითად - სამ და ოთხ კამერიან პაკეტებს შორის დიდად შესამჩნევი არ არის.

ამ ყველაფრიდან გამომდინარე, სრულიად არ არის აუცილებელი სახლში ყველა ფანჯარა მხოლოდ 3 ან 5 კამერიანი დააყენოთ.

მნიშვნელოვანი რჩევა - იმისთვის რომ გააკეთით გონივრული ეკონომია და შექმნათ სახლში ოპტიმალური მიკროკლიმატი, შეგიძლიათ სხვადასხვა ოთახებისთვის სხვადასხვა მახასიათებლების დამზადებული ფანჯრები შეარჩიოთ.

მაგალითად:

აივნისთვის ან ლოჯიისთვის - ერთკამერიანი მინაპაკეტი (აქ თბოიზოლაცია არც ისე მნიშვნელოვანია).

სამზარეულოსთვის - ორკამერიანი მინაპაკეტი (სამზარეულოში ჰაერის ტემპერატურა თითქმის ყოველთვის უფრო მაღალია, ვიდრე სხვა ოთახებში).

საძინებლებში და სასტუმრო ოთახში - 3 ან 5 კამერიანი მინაპაკეტი (ეზოში გამავალი ფანჯრები შეიძლება იყოს 3 კამერიანი, ხოლო ხალხმრავალ ქუჩაზე გამავალი ფანჯრები სადაც ტრანსპორტის ინტენსიური მოძრაობა და ძალიან ხმაურია - 5 კამერიანი)

გაითვალისწინეთ - როგორც უკვე ავღნიშნეთ, თვალით განსაზღვრა, თუ რომელი მეტალოპლასტმასის პროფილია უკეთესი, არ არის მარტივი ამოცანა. თუმცა არსებობს რამდენიმე თავისებურება, რომელიც კონსტრუქციის ხარისხზე, ან უხარისხობაზე მიანიშნებს.

პროფილი უნდა იყოს ერთგვაროვანი და აბსოლიტურად გლუვი. მისი მარცვლოვანი ზედაპირი ნიშნავს, რომ ფანჯრები დამზადებულია კუსტარულ პირობებში და წარმოადგენს ფალსიფიცირებულ ნაწარმს.

ერთგვაროვანი უნდა იყოს პროფილის დაფარვაც, ყოველგვარი ლაქებისა და გრადიენტების გარეშე.

იმისათვის, რომ ფალსიფიცირებულ ნაწარმში არ გადაიხადოთ საფირმო კარ-ფანჯრების ფასი, ყურადღება მიაქციეთ ქარხნულ მარკირებას ფანჯრის ჩარჩოს შიდა მხარეს.

მასზე უნდა იყოს დამღა - მწარმოებლის ფირმის სახელწოდებით და რიგი ციფრებით: ცვლის ნომერი, პოლივინინქლორიდის დამამზადებელი დანადგარის კოდი და გამოშვების წელი.

მნიშვნელოვანი რჩევა პროფილების შერჩევის დროსუნდა იცოდეთ! - ცნობილი ევროპელი მწარმოებლები - KBE, Gealan, Veka, Rehau, SCHUCO და სხვა, გვთავაზობენ მაღალი ხარისხის პროდუქციას 40 და მეტი წლის გარანტიით.

სულ სხვა სურათია თურქი და ჩინელი მწარმოებლების პროდუქციასთან დაკავშირებით.

ამიტომ, არჩევანის გაკეთების წინ, ნუ დაშინდებით და კარგად გაერკვიეთ ევროპელი და თურქი თუ ჩინელი მწარმოებლის პროდუქციის ფასებში.

შესაძლოა აღმოაჩინოთ, რომ ფასთა სხვაობა თითქმის არ არსებობს, ან სასაცილოდ უმნიშვნელოა.

თითეული მწარმოებელი გვთავაზობს არა ერთი სახის პროფილს, არამედ პროფილების მთელს ხაზს.

სხვადასხვა პროფილური სისტემები განსხვავდებიან ერთმანეთისგან სისქით, მამკვრივებელი კონტურების რაოდენობით, დიზაინით და ა.შ.

არსებობს ე.წ. „ობიექტურიპროფილები, რომლებიც განკუთვნილია არასაცხოვრებელი, საწარმო შენობებისთვის და სხვა მსგავსი ტიპის ობიექტებისთვის.

საკუთარ საცხოვრებელ, ან კორპუსის ტიპის სახლებში მათი გამოყენება არ ხდება  თხელი კედლების, დეფორმაციის მიმართ ცუდი ამტანობის, არასაკმარისი სითბოსა და ხმაურის იზოლაციის გამო.

ერთი შეხედვით, ამგვარი პროფილები არაფრით განსხვავდება ჩვეულებრივი, სახლისთვის განკუთვნილი პროფლებისგან, იმ განსხვავებით, რომ შესაძლოა დამცავ ლენტზე დატანილი ჰქონდეს წარწერა - object.

სამწუხაროდ, არც თუ ისე იშვიათად, არაკეთილსინდისიერი ფირმები, კომპანიები თუ კერძო საამქროები, რომლებიც ძალიან დაბალ ფასად სთავაზობენ მოხმარებელს საკუთარ პროდუქციას, რომელიც სწორედ ამგვარი - object-ის ტიპის პროფილებისგან არის დამზადებული.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ