კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:02

 

 

 

მუხებს ტოტებზე 

აუსხიათ რკონი ვაზნებად,

ცხვირსახოცივით

იის წყალში ცა ფოთლებს რეცხავს.

შორს ალაზანი 

კამეჩივით მიიზლაზნება

და გრილი დილა

თითქოს ფრთებზე

შეუსვამს მერცხალს...

ფშვინავს მაისი,

ვარდის სუნმა სივრცე გაბურა,

არი პატიჟი,

წითელი მზე ყივის,

არ ცხრება,

უცხო გოგონამ

მოუქცია სიტყვა კახურად:

- მიირთვით ხილი,

ვიდრე შოთი პური დაცხვება!

ხილი - რა ხილი!

სუფრა - რა სუფრა!

ღვინო - რა ღვინო,

წვენი კახურის!

თავზე კახური ქუდი მახურავს,

და ჯამში წვეთავს მადლი მამულის!..

მუხის ფოთლებში ჯერ არ ჩანს მთვარე,

მთებს დადებია ფერი ბადახშის,

გაფიცხებია

ფრთა ხორშაკ ქარებს,

კრუხი კაკაბი

დაკრიახობს  მწვანე ბალახში.

მიწაზე წვეთავს ცხელი მზის სხივი, -

ადუღებული სპილენძის ღვარი

და ხანჯალივით ქვებზე ელავს

წითლად შემხმარი

ჩემი წინაპრის ალალი სისხლი...

იწვის თონეში

ხმელი ჩალა,

კვრინჩხი,

წალამი,

ცა დაბზარულა

თითქოს ალმურით,

მოაქვთ მარნიდან ხელადა სველი

და მიწას ტკბილი ასდის სურნელი...

და ვგრძნობ,

მეხვევა მხრებს სანუკველი

ვაზის შტო -

ჩემი ქვეყნის ალამი,

მუხის შტო - 

მოძმის მკლავი კახური...

ფშვინავს მაისის თეთრი დილა, -

ვარდის ნათელი.

ვეწევი უღელს,

ვით ალაზნის შავი კამეჩი.

რაც მაქვს, ყაბულს ვარ,

სხვას არაფერს შენგან არ ველი,

მაცალე ცოტაც,

ღმერთო ჩემო,

ნეტა რას მერჩი!..


ლექსები კახეთზე  • • •  პოეზია - შალვა ფორჩხიძე  • • •   შალვა ფორჩხიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ