მოდის და ჩუმად დუდუნებს ჩვენთვის ეს ალაზანი ტალღებ ლიცლიცა, სპეროზას მთებმა ნისლი გვესროლა ცა შემოდგომის ფრად გაიცრიცა. ისმის მინდვრების ვაზის ჩივილი ეს ახმეტაა, ჩვენი ახმეტა, თავის ლხინით და თავის ტკივილით. და ბახტრიონზე წარსული ბრწყინავს, პანკისში თორღვა პანკელის ციხე ტანზე ისწორებს კიდევ ერთ დილას. აქ ერთგულებაც იციან, იჭვიც, სათქმელს ლექსებით გეტყვიან უცბად, დედის მუცლიდან დაყოლილ ნიჭით. ზვავქვეშ მდინარის რაკრაკი ისმის ბალახზე ბროლად გაშლილა ცვარი, კლდეებს ქუდებად ახურავს ნისლი. სადაც ქვასაც კი სული უდგია, დიკლო, შენაქო, ბოჭორნა, ფარსმა, თითქოს ზეციდან ჩამოუგდიათ. აქ მზეც სხვაგვარად ისწორებს ნაწნავს, თუ სიყვარულით ადუღდა გული, გვირგვინი სწორედ აქ უნდა დაწნა. ვისი თვალებიც გესროდა ქამანდს. გსურს ზეცას მისწვდე? მიჰყევ მთის ტანზე ცხენის ფლოქვებით შემორტყმულ ქამარს. და გამძლეობა გქონდეს მწყემსური, მიიღე ძმებად ქისტი და ოსი, სახლიკაცებად თუშ-ფშავ-ხევსური... ხევიდან ტყემდე, მთიდან ბარამდე, ალავერდიდან გეწიოს ლოცვა, სამარადჟამოდ ღმერთი გფარავდეს. |