კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:47

 

 

 

ზემო კახეთში, ალაზნის პირას,

ჩემი სოფელი ალვანი ფეთქავს,

მის ფართო მკერდზე თუშური ეშხით

ახალ ცხოვრებით უმღერის ხე-ქვაც.

ცხრა ქუჩა ამკობს ჩემს მყუდრო სოფელს,

ვით ცხრა ნაწნავი ლამაზის ტანსა,

წითელ ლოყებში მზე უღიტინებს

კახურ ბაღებში ვაშლს და ატამსა.

მზის ჩასვლის მხარეს ბახტრიონი დგას,

შეხედავ, წუთით გაირინდები,

და უცებ თვალწინ გაგიშრიალებს

გაფრინდაულის ჩოხის კალთები.

თუ გახვალ სოფლის აღმოსავლეთით,

წინ შემოგვხდება ტახტის ბოგირი,

სადაც ზეზვაის საღარა მერანს

დაეგო მარად მიწის ლოგინი.

გახედავ სამხრეთს, თვალი ვერ ძღება

გომბორის მთების ზღაპრულ ფერებით

და ფრთებმობმული, ამ ლამაზ კუთხეს,

დედას შვილივით აედევნები.

ჩრდილოეთიდან კავკასიონი

უმზერს ჩემს სოფელს მწვანე თვალებით,

სადაც ნებივრად დაკუნტრუშობენ

ლაღი თუშების თეთრი ფარები.

სიყვარულს აფრქვევს ჩემი სოფელი

მიწის პირიდან, იისფერ ცამდი,

თავს ვერ გაართმევ მის სიკეკლუცეს,

ნახე, გაიცან, მოდი, მობრძანდი.

დაისიცხები? გაგაგრილებენ

ლაღი ალაზნის შმაგი ზვირთები,

შეგცივა? შეხვალ თუშის ოჯახში

და სითბოს მადლით დაიტვირთები.

ეს არის ჩემი დედასოფელი,

კახეთის თვალი, ტურფა ალვანი,

აქ მიცელქია და აქ გავცვითე

მეცხვარის შვილმა ყრმობის ქალმანი.

აქ დავიბადე, აქ აღვიზარდე

და აქვე ბუდობს ჩემი წარსული,

აქ გამოვკვეთე ლექსი პირველი,

რაღაც ბავშვური და არასრული.

ზემო კახეთში, ალაზნის პირას,

ჩემი სოფელი ალვანი ფეთქავს,

მის ფართო მკერდზე თუშური ეშხით

ახალ ცხოვრებით უმღერის ხე-ქვაც.


ლექსები კახეთზე  • • •   პოეზიის გვერდი - იოსებ ლონგიშვილი  • • •  იოსებ ლონგიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ