კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 16:53

 

 

 

შევაჭრიალე მარნის კარი, პატრონნაქები,

აქ ყველაფერი იყო წმინდა, ალალ-გლეხურად,

და უფროს, უმცროს ქვევრებს თავზე მძიმე სარქვლები,

როგორც ქუდები ნამუსისა, ისე ეხურათ.

აქ პაპაჩემის ტრიალებდა სპეტაკი სული

და მამაჩემის ლექსის პწკარი ისევ ღვიოდა,

მხოლოდ საწნახელს ჩამოეშვა უმწეოდ ტუჩი

და დანესტილი ღაწვებიდან ცრემლი სდიოდა.

ენატრებოდა ტკბილ ბადაგით დასვრილი ტანი,

და ყურძნის ჭყლეტით გახელებულ ვაჟკაცთა ლხენა,

ცარიელ ქვერვში ჩამღერებულ ბადაგის ბანი

და ამოვსებულ ყანყრატოდან პირველის მღერა.

სავსე გოდრები ჩაკუმსული შავი ყურძენით,

და გამდიდრებულ პაპაჩემის საამო მღერა,

სახლის დედაბოძს ჩასობილი მსხვლი ლურსმნები

და ზედ ტყუპ-ტყუპად აჯაგნული მტევნების წყება.

კასრებზე მწკრივად ჩამომდგარი თიხის დოქები,

შიგ ჩაკიდული ძაბრი, როგორც გამშრალი ცური,

უდედო ღვინის მოლოდინში თეთრი ბოცები

და ნივრის მწნილით აქოთებულ ქილების სუნი.

საყრდენ კედელზე მიყრდნობილი რძის სადღვებელი,

და აქეთ-იქით დაჭყეტილი საცრის თვალები,

ზედაშეს ქვევრი, ქალებისგან ხელუხლებელი

და თეთრ ნაწნავად ჩამოშლილი ნივრის გალები...

თვალწინ დამიდგა სუფრის ტკბილი ჩამომთავრებით,

ურმის კოფოზე ჩამომჯდარი დაღლილი ღამე

სავსე ქვევრები წარა-მარა ამომთქნარებით,

და საწნახელის ვალმოხდილი მთვლემარე სახე.

ახლა კი ბეღელს დასტყობია უკაცო ხელი

აქ არც კერია ძველებურად აღარა ლხინობს,

საწნახელს, ბეღელს დასტყობიათ ნაღველის ფერი

და ზედაშეში მხოლოდ დოქით ჩაუდგამთ ღვინო.

მოვაჭრიალე პირუჩუმლად კარები მძიმე

ცრემლიან თვალზე რწმენის სხივი მაინც კიაფობს,

ფუძის სიყვარულს მოაკითხავს მალევე ვინმე

რომ საწნახელი ძველებურად აახმიანოს.

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ