ვინც სოფლისგან და ბედისაგან არს დაჩაგრული, დღენი კეთილნი ამ სოფელში ვინც ვერა ნახა, ვისიც სიცოცხლე უვარგისად და ცრუდ დასახა, ვისაც მაღალი აღარ ესმის ბუნების ენა, - მან მომცეს ხელი, მას ავიყვან მთასა მაღალსა: ღვთიურ ცეცხლი განაცხოვლებს მის თვალს დამშვრალსა, სოფლის სიხარულს, სოფლის ტანჯვას ის კვალად იგრძნობს, კვლავ მოიგონებს ჩვენს მხიარულს ლხინს და სიმღერას. გული ძლიერად, სიხარულით დაუწყებს ძგერას, სიყვარულისა საღმრთო ალით კვლავ აღენთება, კვალად შეჰხედავს ცას და მიწას ნათლის თვალითა, - ოღონდ შეჰხედოს დაბლა ვრცელს ველს, მის წინ გარდაშლილს. ველსა ედემსა, ტურფა ედემს, ღვთისგან პირველ ქმნილს, მის წინ მთათ რიგთა, დიდებულად ცამდინ აღმართულთ, მაღლა ყინულით, ძირს ფურჩვნილის ტყეებით მორთულთ, მას ვრცელ ველს შუა მშვენიერსა დიდს მდინარესა, ზოგან კამკამით, ზოგან მჩქეფრად მომდინარესა, შეჰხედოს, ნახოს მის მდიდარი, ტურფა შვენება, და მისი გული სიცოცხლისთვის კვლავ გაიშლება! მწვანით მოსილის გომბორის მთით კვლავ გადმოგხედო, შენის მშვენებით, შენის მზერით გავიძღო თვალი, შენს სადღეგრძელოდ შენ-წინ შევსვა სავსე ფიალი! |