კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 14 მარტი 2025 19:02

 

 

 

ჰეი, შავ-შავო ბიჭებო! რას შვრება თქვენი კახეთი?

რა ჟრიამული დამდგარა - იქნება ზვრებში გახვედით?!


იქნება ზვრებში გახვედით, იქნება უკვე რთველია?

გორგორებზე ჰკრებთ ნამყენსა და რუისპირში ძველიანს!


რთველია, რთველი ნამდვილად, დაგირეცხნიათ ქვევრები,

ღიმილით იცქირებიან ვაზის ფოთლიდან მტევნებიც -


ვაზის რქის უღელს შებმული მოზვრები ყევარ-ყევარი,

ჰკრეფავთ და აღარ ილევა - რა გახდა დაულევარი?


ეჰეი, გურჯაანელნო, შვიდნო კი არა, ათასნო,

თქვენმა ვაზებში ტრიალმა ლამის უღვინოდ დამათროს!


შემოდგომაა, ძარღვებში ბობოქრობს სისხლის მაჭარი, -

სახლიკაცივით გიხვდებათ ვაზი რქებშემონაჯარი.


ჭრელ-ჭრელი პეპლებივითა ვაზებთან ნაფართქალები,

თვალებს მოგჭრიან შუქივით თავსაფრიანი ქალები.


შავთვალა ქალავ, ქალშავავ, ცისკარს რომ გევხარ ამ დილით,

ქალო მკერდბარაქიანო, კახური მიწის მადლივით

რომელი უფრო წითლად ჩანს - რქაწითელი თუ მანდილი?


საწნახელს გაუღიმია - ადრე თუ ღიმილს მალავდა,

გოდრები, როგორც აღლუმზე, ჩამწკრივებულან მარანთან.


ხელიხელგადაჭდობილნი და შარვალ-აკაპიწებით,

საწნახელებში ჩამდგარან მზით დარუჯული ბიჭები.


ზოგს შვენის შუბლზე ნახმლევი, ზოგს - ხშირი წარბშეყრილობა,

ზოგს ტახის ნაეშვარივით მუხლთან ატყვია ჭრილობა.


პაპა ჩამდგარა შუაში და ცეცხლი ცვივა ფეხიდან,

ბუბუნებს ხარი მოზვრებში - ჭერი ზანზარებს ჭექითა:

- "ესროლა ბერმა პაპამა - ჯიხვი რქით გადმოეკიდა!


ჰეი შავ-შავო ბიჭებო, რადა ღირს თქვენი დანახვა!

თქვენი ნაწურის ღვართქაფმა, ქვევრების ძირი დალახა,


ვაჟკაცურ მუხლებს გიკოცნით, რა გამოგილევთ არაქათს?

დაწურეთ, - ღმერთმა დალოცოს კახური მიწის ბარაქა!

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ