კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 06:04

 

 

 

ახლაც მოგესმის,

ახლაც მოგესმის,

თითქოს ეს წუხელ გქონდეს ნახული;

პირველ სინათლეს რთავს რიონჰესი,

არის ზეიმი მართლაც ხალხური.

სუფრულს მაყრული მისდევს ჰაერში,

მაყრულს - რანუნი, რანუნს - ოდელი;

ჩასტუმრებული ვართ ქუთაისში,

შუაღამემდე ქუხს ,,გრანდ-ოტელი’’.

ნაშუაღამევს ატყდა ჯიქია:

- არ მინატრიხართ ფიცხელ შრომაში,

ახლა ვილხინოთ, როგორც რიგია,

ერთიც ქართულად დავსხდეთ ჭომაში.

და ლურჯ ფილაქანს ასწყდა კარეტა:

ჭომას ფხიზელი გვყავს მამობილი...

და ალავიძის დუქნის კარებთან

მიწას დააკვდა ავტომობილი.

გამოგვეგებენ ნათელ ღიმილით,

თითქოს ჯერ ძილი არ უთმენიათ;

ხმელ ლაფაროში დაკლეს ფრინველი,

მწვადი დაუდეს ამ უთენია.

მოლეულიყო უკვე ეკალა,

ვარცლზე ვერცხლისფრად ეწყო ჭანარი;

მზეს ჯერ დღე-ღამე არ გაეყარა -

მარგილზე ენთო შუშის ფანარი.

ჯერ ფრთას ბინდბუნდად,

გაუღვიძებლად,

შლიდა გუმათი, შლიდა სორმონი...

და ბრმა მეარღნემ ჩვენს სადიდებლად

დახლთან დაგუდა "740".

და რომ რიონჰესს უხვად აფენდა

ვარდს, იაშვილის სიტყვა ფერადი,

წითლად გათენდა,

წითლად გათენდა,

თეთრად დაგვადგა თავზე გელათი.

წამოვიშალეთ

და ამ ნათელში

ლხინზე კელაპტრად რომ დაგვენათა,

ერთხმად დავლოცეთ

ჯვართან - ზაჰესი

და რიონჰესი -

ბებერ გელათთან.

ჩამოგვიქროლეს ძველმა ლანდებმა,

წინ ჩაგვიგორეს ბედის ბორბალი

და რიონჰესის ფუძის დამდებმა

თქვა ძველ ოსტატთა შესანდობარი.

რა ხნის,

რა ხნის ხარ,

რა წლის, რამდენის?

ეს კვლავ შენა ხარ?

ეს კვლავ შენა ხარ?

ისევ ჯანმრთელი, ისევ ტანმრთელი,

შენ კვლავ ჭომასთან დგახარ ხელახლა.

ისევ რიონის ზეცა წარმტაცი,

ისევ იმ მთების მწვანე ლახვარი,

კვლავ გაზაფხულის ფერი ათასი,

ბგერა ათასი ახალ-ახალი.

და უსმენ... 

მაგრამ დანატრებული

ხმები, ის ხმები არსით მოგესმის...

მხოლოდ იმ ღამით განათებული

ბებერ გელათთან დგას რიონჰესი.


ლექსები ქუთაისზე  • • •  პოეზია - ირაკლი აბაშიძე  • • •   ირაკლი აბაშიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ