ცის კაბადონს ანათებს მთვარე ცეცხლად ნთებული, ვარსკვლავთ ფერხულს ღიმილით, წყნარად უახლოვდება, დახავსებულ ნანგრევთან ვდგევარ გარინდებული და ფიქრები ჩემს გულში გროვდება და გროვდება. დგება ძველი გმირები, რაზმი ქუხილით დგება, იღვიძებს მკვდართ სავანე, დამფრთხალი, გაძარცული, ხედავს ტაძარს დანგრეულს და გული ეთუთქება. აჰა, ირყევა ლოდი, გვირგვინოსანიც დგება, ყივის და ბრძოლისაკენ იწვევს მამულიშვილებს, ეძახის, მაგრამ მაინც საშველად არვინ სჩნდება! მხოლოდ ფაზისის ისმის ოხვრა აზვირთებული. სძინავს მიდამოს დაღლილს, სძინავთ ცად ატყორცნილ მთებს, და მთელი რაზმიც ჰქრება, კაეშანს მიცემული. ვარსკვლავთ ფერხულს ღიმილით, წყნარად უახლოვდება. დახავსებულ ნანგრევთან ვდგევარ გარინდებული და ფიქრები ჩემს გულში ისევ ისე გროვდება. |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |