დატყლაშუნობს შოლტივით ქუთაისის ქარში, მუდამ ერთი მოტივი, მუდამ ერთი მოტივი, მუდამ ერთი მოტივი - მენდელსონის მარში.
კაცად არვის უჩანს... ურიების უბანი, ურიების უბანი, ურიების უბანი - მახარაძის ქუჩა.
გადამტყდარი წვიმა; მეორმოცე ოპუსი, მეორმოცე ოპუსი, მეორმოცე ოპუსი - ორმოცი წლის წინათ.
ცრემლებივით მწუთხე... ვაი, როგორ დაცლილა, ვაი, როგორ დაცლილა, უცნაურად დაცლილა - ურიების კუთხე.
წაყოლია მერცხლებს, ძველ ქუჩაზე გაისმის, ძველ ქუჩაზე გაისმის, ძველ ქუჩაზე გაისმის - ბეთხოვენის მეცხრე.
მღერის მწარე საგა; ქუჩა გვქონდა ზიარი, ეზო გვქონდა ზიარი, სახლი გვქონდა ზიარი - რა გინდოდათ სხვაგან!
მარად საოცნებო; მენდელსონის მოტივი, მენდელსონის მოტივი, მენდელსონის მოტივი, დაკარგულო ძმებო.
მოიმღერის მთვრალი: ურიელა, შეშა და ურიელა, შეშა და ურიელა, შეშა და ურიელა, წყალი.
აელვარებს ფერებს, მეორმოცე ოპუსი, მეორმოცე ოპუსი, მეორმოცე ოპუსი - ორმოცი წლის მერე. |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • ვახტანგ გოგოლაშვილის პოეზია |