საოცნებოა ქუთაისი საფირონ ქარში, ქალაქის სახე უცნაურობს მრავალ პირბადით და იზმორება აღტაცებულ ნისლის სიზმარში, სანამ გრიგალი ითარეშებს ავარულ ნადით.
ვით ცისარტყელას რაგინდრაფერ ლანდებს ემონა, მტვერის რაშებზე მიქროლავენ ამორძალები - თვით კორდელია, ჯიოკონდა და დეზდემონა…
და წყლის ქალები მიჰკივიან, ვით ფერიები. იმათ გაჰფანტავს ავი ქარი - მტვერმომფინარე და ისევ მტვერის ამაყობენ რუხი მთიები.
როგორც მიმინოს ათამაშებს ყორანს ედგარი და განრისხებულ, აჩრდილებით სავსე ეთერში გაურბის ვერლენს არტურ რემბო დაუდეგარი!
ქარის სფინკსები აშენებენ კოშკებს წუთიერს. როგორც გიჟები იძახიან: ვერ შევაფარეთ ქვეყანას თავი – გაუმარჯოს უფსკრულებს ხმიერს!
ვით სალომეა საფირონი მოცეკვავს ქარი. გაჩდება ცაზე სამართებლით თეთრი დალაქი, დაედევნება რუხ ჰამლეტებს ავი მუქარით.
და ჰქმნის ქიმერებს - თვალწარმტაცი, ჯავარიანი, რომ ეს სამყარო დაუბრუნოს მომხიბლავ ქაოსს, მკაცრად უარყოფს სინამდვილეს ქარი ფრთიანი.
ლალის დაისში აჩრდილები წარსულს სტირიან. მხოლოდ ქარის დროს შევიყვარე მე ქუთაისი, ქარის მინაში ეს ქალაქი სხვანაირია! |
ლექსები ქუთაისზე • • • • • • ვალერიან გაფრინდაშვილის პოეზია |