ოცდათხუთმეტი საუკუნეა, რაც სიყვარულად მოედინები, შენ, საქართველოს მძლავრო დუღაბო, ნუ მოგვეშალოს შენი იმედი. წარღვნამ და დელგმამ ბევრჯერ დალახვრა, მაგრამ ყოველთვის აღსდექ მკვდეთით და დარჩი ჭეშმარიტ ქართულ ქალაქად. წყარო ხარ წმინდა და ოაზისი, ყოველ საღამოს ნანას გიგალობს და ყოველ დილით პირს გბანს ფაზისი. ხარ მშობლიური, და ხარ კეთილი, გადარჩენილი თეთრი ბაგრატი დღესაც თავს გადგას ნათლის სვეტივით. ვიცი, ჩემამდეც ბევრი დაბუგე, მეც შენს წიაღში ავიდგი ფეხი, მანდ დამრჩა ყრმობა და სიჭაბუკე. მე შენ ყოველთვის ასე მიყვარდი, და სულ შენს გულში მინდოდა ყოფნა, მაგრამ ცხოვრებას სხვაგან მივყავდი. ბროწეულების დამსკდარ მარჯნებით, მაინც ჩემში ხარ, როგორც იყავი და სამუდამოდ ჩემში დარჩები. ჩემში ხარ მუდამ, წვიმს თუ ქარია, ჩემში ხარ ახლაც, მიჭირს თუ მილხინს, ჩემში ხარ, მტკივა თუ მიხარია. და ნეტარების ცრემლი მერევა, მე ბედნიერი შენთან ვიყავი ახლა სადღაა ბედნიერება. დღეს უამრავი უმზერს ტურისტი, მაგრამ შენ მათთვის ეგზოტიკა ხარ, მე კი სისხლს დავღვრი შენი გულისთვის. თუმც რა ხანია მახრჩობს სათქმელი, მე ხომ გელათის დიად ტაძარში ავანთე ჩემი რწმენის სანთელი. ისე ისევ ელავს და არ ჩაქრება, აღარ მეღირსოს კვლავ შენი ხილვა, თუ გიერთგულო სხვაზე ნაკლებად. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ენვერ ნიჟარაძის პოეზია |