თეთრი სამკაული, ჩემი ქუთაისი. მწვანე ყვავილა, გელათის შარა-გზა. ბაგრატის თვალებში ნასვენი აისი, მხურვალე ლოცვებით ნაკურთი თეთრი ბზა. ოღასკურაზე მკვდარი საფლავები, წყალწითელისკენ იშლება ნახირი. რიონის რკინის წელი, ფოლადის მკლავები, ბალახვანში ცრუ პარიკმახერი, ქალაქის ბაღში ქალვაჟთა მწკრივი, ღამემ თუ იცვალა უეცრად ნირი საფიჩხიაზე ატყდება კრივი, მოყვება ჭორები ათასნაირი. ცეცხლად დაიწვება სიცივით სავალი. ზამთრის მჭლე სხეული ჩამოხმება ზეზე, თუ გაზაფხულის აენთო თვალი. ყინულიან დილას ჯვარს დასწერს მზეზე. მწვანე ბაზარი, პარასკეობა, უგნური თვალები სოფლური ქცევით. დატეხილი სიტყვების ცალცალკეობა რბილდება მაისის მზის გადაქცევით. წინდა წინდის ჩხირი, მეძველე ურია. უზალთულად ჩითები, ყურძნობა, ყაფანი. ქაღალდის თუმანი სპილენძის შაურია. დოქები, ხელადები, გაცვდა ქალამანი. ჩემი ქუთაისი... ჭურები, მარნები. იწვის აზიურად, იწვის სიზმარივით. მოხვეული ქუჩები ფერწასულ ფარნებით წელზე ერტყმებიან ქალაქს ქამარივით. |