ზაფხულია, წვიმს და დღეა ისე ჭვირვალე, ალბათ როდესმე ასეთ დღეებში იზეიმებენ პირველი კოცნის დღესასწაულებს... ქუჩაში გარბის ტიტლიკანა პატარა ბიჭი, მხრებზე აცვივა წვეთები თბილი და ხელებს ისე იქნევს ხალისით, თითქოს ცაში, ვით ყულაბაში, ოცნებებს ჰყრიდეს. გუბეში დგას გოგონა ნაზი, ფართედ გახელილ ცისფერ თვალებით გაჰყურებს სივრცეს და წუთი-წუთს ელოდება ყვავილად ქცევას... შორიდან მეხის გრიალი ისმის, თითქოს მხიარულ აუქციონზე ჩაქუჩის ცემით აუწყეს ყველას, რომ ღიმილი ბოლოსდაბოლოს ერგო სპილოსაც... დღეა ცისფერი და შავოსანი დედაბრებიც კი, ამ წუთას ჰგვანან ციდან ქოლგებით ჩამოფრენილებს... საწვიმარ მილთა ფერად ჩექმებით დგას თბილისში ზაფხულის წვიმა. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გურამ პეტრიაშვილის პოეზია/პროზა |