კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 20:02

 

 

 

გაუმარჯოს თბილის ქალაქს,

ძმობის ქალაქს, ტრფობის ქალაქს,

იმ აშუღს და იმ მეზურნეს,

იმ მექისეს და იმ დალაქს.


ყველას, ვინც აქ ჩამოვიდა,

იქნებ წავიდ-წამოვიდა,

მაგრამ ბოლოს აქ დარჩა და

მისგან კაცი გამოვიდა.


ვინც თბილისის ცა მოხატა,

ვინც უმღერა თბილისელებს,

კრძალვით ქუდი მოუხადა

ლამაზმანებს, გულის მკვლელებს.


ვისაც ახსოვს საოცარი

თბილისური ეზოები,

ყველა ჯურის, ყველა გვარის

თან შეზრდილი მეზობლები.


ვისაც ახსოვს სანუკვარი

დუქნები და ყაფაზები,

მტკვარზე - ტივი, ტივზე - კვარი,

სირაჯები, ხაბაზები;


ვინც იხსენებს: "საათნოვა,

რომ მღეროდა შაითანთან",

ვისაც ტრფობამ დაათოვა

და თბილისით დაიშანთა;


ვისაც ახსოვს ანაიდა,

ერთა ძმობის მომღერალი,

გულმართალი, სათნო, წმინდა,

სიყვარულით სავსე ქალი;


გაუმარჯოს, ვინაც მტკვარში

თავი გაიმამაცურა,

თავის დროზე, ბავშვობაში,

ვინაც მტკვარი გადაცურა;


ვინც თბილისი შეიცნო და

მისი ტრფობა დაინათლა,

ვინც თბილისი შეიგრძნო და

თბილისელად მოინათლა.


გაუმარჯოს თბილისელთა

ნაირ-ნაირ გვარ-სახელებს,

ვინც ლოცულობს თავის ღმერთთან,

მაგრამ თბილისს ასახელებს.


ყველას, ვინც აქ ჩამოვიდა,

მაგრამ სამტროდ არ მოვიდა,

ვინც შეირგო თბილისი და

თბილისელი გამოვიდა;


გაიხარეთ, თბილისლებო,

დიდებო და პატარებო,

ჩვენო დებო, ჩვენო ძმებო,

ხელის გულზე სატარებო.


გაუმარჯოს თბილის ქალაქს,

ძმობის ქალაქს, ტრფობის ქალაქს,

იმ მეეტლეს, იმ მეჩექმეს,

იმ მექუდეს და იმ დალაქს;


ყველას, ვინც აქ ჩამოვიდა,

იქნებ წავიდ-წამოვიდა,

მაგრამ ბოლოს აქ დარჩა და

მისგან კაცი გამოვიდა!

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ