მთაწმინდიდან ქარს მოჰქონდა ნუშის ნაფერთალი, ცას ვარსკვლავი ანათებდა, ვით კამეჩის თვალი. მოფრინავდა ქარი, ქალაქს ქარი მოარბევდა - მთათა სერასკარი! ქაჯავეთის ქაჯი. ცას ღრუბელი დაეყარა თეთრი, როგორც ყაჭი. მეეზოვის ქურქით და სარკმელთან კამათელი კალმახური ზურგით - ვით ყაბახის ცხენი... (სად ლპებოდა ბეჭდიანი, ვაჲ, მანანას ხელი?). - არა, ყავრის ქარი! წყნარი იყო მტრედივითა, თბილი, როგორც კვარი. გული ნამტკივარი; ყვავილებით, ზიზილებით მოშხრუოდა მტკვარი... ყვითლად მობაბანე, საღვინით და შოთის პურით მზე დაადგა ბანებს. ვით ალმასის თვალი, ქარმა ქალაქს დაუშინა ნუშის ნაფერთალი. გამომშრალი პირით, იღვიძებდა მემწვანილე გიშერთვალა ვირით. ქვეყნის სადიდებლად, შევარდენმა შეისროლა ცაში ოქროს წკეპლა. მზის შუქს გამაკურნელს და ჰყნოსავდა ლექსებისა და ტარხუნის სურნელს! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი ლეონიძის პოეზია |