კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 04:38

როგორ ავირჩიოთ კომპიუტერის თაგვიკომპიუტერის მართვის პირველ და მთავარ ინსტრუმენტს თაგვი (“მაუსი”) წარმოადგენს.

სწორედ მისი საშუალებით ხორციელდება სისტემაში არსებულ მოქმედებათა და ოპერაციათა დიდი ნაწილი.

სხვაგვარად რომ ვთქვათ, კომპიუტერის მართვის დროს თაგვი „მარჯვენა ხელი“ და „ერთგული მეგობარი“ უნდა იყოს, რადგან არ გიმტყუნოთ მუშაობის პროცესში.

ამიტომ მისი სწორად შერჩევა ძალიან მნიშვნელოვანია.

დღესდღეობით, სამომხმარებლო ბაზარზე მრავლადაა წარმოდგენილი ათეულობით სხვადასხვა შეერთების ინტერფეისის, ფუნქციის, ზომისა და დიზაინის „მაუსები“ და ზოგჯერ ძალიან რთულია არჩევნის გაკეთება რომელიმე ერთ მოდელზე.

მაუსების ფუნქციები, ჩართვის ინტერფეისი ისე სწრაფად იცვლება, რომ ზოგჯერ მხოლოდ სახლში მიტანის და კომპიუტერთან შეერთების შემდგომ აღმოაჩენთ ხოლმე, რომ ეს ის არ არის რაც გჭირდებოდათ.

იმისათვის, რომ თავოდან აიცილოთ იმედგაცრუება და უსიამოვნო განცდა, რომელიც შესაძლოა მოჰყვეს წაუმატებლად შეძენილი მაუსის მუშაობას, აქ მოყვანილია ის ძირითადი ფუნქციები და კრიტერიუმები, რომელიც უნდა გააჩნდეს თქვენთვის იდეალურ თაგვს („მაუსს“).

ჩართვის (შეერთების) ინტერფეისი

თაგვის შერჩევის დროს, პირველ რიგი უნდა იცოდეთ, მოსახერხებელი იქნება თუ არა მისი კომპიუტერთან შეერთების ინტერფეისი და საერთოდ, ჩაირთვება თუ არა თაგვი თქვენს კომპიუტერზე.

ძირითადად სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ კომპიუტერის თაგვებში გვხვდება ორი სახის შეერთება:

სადენიანი;

უსადენო;

სადენიანი შეერთებით - თაგვი კომპიუტეტს უკავშირდება USB  ან PS/2  სადენის საშუალებით (თუმცა ეს უკანასკნელი პრაქტიკულად აღარ გვხვდება).

უსადენო შეერთებით - თაგვი კომპიუტერს ან ნოუთბუქს შეიძლება დაუკავშირდეს შემდეგი სახით:

სიგნალის რადიოსიხშირული გადაცემა;

 Bluetooth;

ინდუქციური ხალიჩა (პედი);

ინფრაწითელი პორტი;

 Wi-Fi ;

 Wireless+USB;

ნუ შეგაშფოთებთ უსადენო შეერთების სიმრავლე, რადგან არჩევანი უნდა გააკეთოთ პირველი ორი ტექნოლოგიიდან ერთ-ერთზე (სიგნალის რადიოსიხშირული გადაცემა ან Bლუეტოოტჰ).

სამომხმარებლო ბაზარზე გვხვდება  შემდეგი სახის ინტერფეისები:

PS/2 - ამ სადენიანმა ინტერფეისმა პრაქტიკულად ამოწურა თავისი თავი და დღესდღეობით იშვიათად გვხვდება.

რა თქმა უნდა PS/2 ჩამრთველიანი („შტეკერიანი“) თაგვის შეძენას არ გირჩევთ, რადგან თუნდაც თქვენი კომპიუტერის სისტემურ ბლოკს ჰქონდეს შესაბამისი PS/2 - ის პორტი, შესაძლოა პროგრამული უზრუნველყოფის განახლების შემდეგ თაგვმა არ იმუშაოს და ახალი „მაუსის“ შეძენა გახდეს საჭირო.

USB - ყველაზე გავრცელებული და მოხმარებადი სადენიანი შეერთებაა.

USB ჩამრთველი დღესდღეობით აქვს და ალბათ კიდევ ძალიან დიდი ხანი ექნება ყველა თაობის კომპიუტერსა და ნოუთბუქს.

ხარისხით ასეთი თაგვები არაფრით ჩამოუვარდება და ზოგ შემთხვევაში უთანაბრდება კიდეც უსადენო თაგვებს. ის, რომ განსხვავება მათ შორის მხოლოდ სადენია.

ამიტომ, თუ თქვენთვის სადენიანი შეერთება პრობლემას არ წარმოადეგენს, არჩევანი სწორედ USB ინტერფეისის შეერთების მქონე თაგვზე უნდა გააკეთოთ. მითუმეტეს, რომ ასეთი თაგვები გაცილებით იაფიც ღირს.

გარდა ამისა არსებობს სადენიანი თაგვები, რომლის სადენი იხვევა და შედის თაგვის კორპუსში. ასეთი „მაუსის“ სადენი არ შეგაწუხებთ და მცირე ადგილსაც დაიკავებს.

USB რადიოსიხშირული - ასევე გავრცელებული და ერთ-ერთი პრაქტიკული უკაბელო შეერთებაა. თაგვს კომპლექტში მოჰყვება მცირე ზომის (დაახლოებით 8-10 სმ სიგრძის) მინი USB ჩამრთველი („შტეკერი“) და მცირე ზომის სტანდარტული ელემენტები (ერთი ან ორი).

USB უერთდება კომპიუტერის ან ნოუთბუქის ნებისმიერ ცარიელ USB შესაერთებელს, რომელიც რჩება იქ და პრაქტიკულად ეუმჩნეველია კომპაქტური ზომის გამო.

ხოლო ელემენტი თავსდება თავად მაუსში. კარგი ხარისხის ელემენტმა შეიძლება იმუშაოს 6 თვიდან 1 წლამდე. საშუალო ხარისხის მუშაობს 2-5 თვე, ყველაზე ცუდი კი მინინუმ 1 თვე.

შესაძლოა თაგვს არ სჭირდებოდეს ელემენტები და მასში ჩამონტაჟებული იყოს აკუმულატორი, რომელიც დაიმუხტება და იმუშავებს განსაზღვრული დროის განმავლობაში (მუშაობის ხანგრძლივობა ერთი დამუხტვის შედეგ სხვადასხვა მოდელებში განსხვავებულია, თუმცა ერთ კვირის მუშაობა პრაქტიკულად ყველა მოდელში გარანტირებულია).

ამის შემდეგ თაგვი გამართულად და უპრობლემოდ მუშაობს ნებისმიერი სახის მოწყობილობაზე - კომპიუტერი, ნოუთბუქი, პლანშეტი (თუ აქვს  USB  პორტი) და ა.შ ყოველგვარი სადენის გარეშე.

Bluetooth - თუ თქვენ არ გსურთ შეიძინოთ სადენიანი ან USB რადიოსიხშირული თაგვი (თუნდაც იმიტომ, რომ არ გსურთ ზედმეტად დააკავოთ ზედმეტი USB პორტი), შეგიძლიათ არჩევანი უსადენო Bluetooth -ით აღჭურვილ თაგვზე გააკეთოთ.

პრინციპში Bluetooth - თაგვები ასევე რადიოსიხშირულ შეერთებას მიეკუთვნება, თუმცა ისინი უფრო თანამედროვე ვარიანტს წარმოადგენს.

ეს ინტერფეისი, გარდა იმისა რომ უკაბელოა და არ სჭირდება არავითარი სადენი, ან რაიმე სხვა სახის შეერთება, მოსახერხებელია იმით, რომ უერთება პრაქტიკულად ყველა მოწყობილობას, რომელსაც გააჩნია ბლუთუსი.

კიდევ ერთი პლიუსი Bლუეტოოტჰ-ით აღჭურვილი თაგვისა არის ის, რომ მისი საშუალებით სარგებლობა შეიძლება კომპიუტერიდან 20 მეტრის რადიუსში.

თუ ბლუთუსით აღჭურვილ თაგვს შეიძენთ, აუცილებლად შეამოწმეთ, აქვს თუ არა მას  Bluetooth 2.0 და 3.0 - ისმხარდაჭერა.

რაც შეეხებ კვების წყაროს, ისევე როგორც USB რადიოსიხშირულ უსადენო „მაუსებში“ აქაც ორი ვარიანტია სტანდარტული ელემენტებით ან აკუმულატორით.

Wi-Fi - ახალი თაობის ინტერფეისია. თაგვი კომპიუტერს, ნოუთბუქს, პლანშეტს ან სხვა მოწყობილობას უკავშირდება Wi-Fi-ის საშუალებით. ყოველგვარი კაბელისა და სხვა დამატებითი მოწყობილობის გარეშე.

„ვაი-ფაით“ აღჭურვილი მაუსები ხშირად არ გვხვდება, რადგან იშვიათად ყენდება კომპიუტერის თაგვებზე. დღესდღეობით ძირითადად Wi-FI  მაუსებს აწარმოებს კომპანია HP.

კომბინირებული - სამომხმარებლო ბაზარზე გვხვდება თაგვები, რომელთაც ერთდროულად გააჩნიათ როგორც USB რადიოსიხშირული, აგრეთვე Bლუეტოოტჰ ტექნოლოგიით აღჭურვილი უსადენო დაკავშირება.

საკმაოდ კომფორტული თაგვებია პრაქტიკულობის თვალსაზრისით, რადგან მისი მიერთება შესაძლებელია როგორც USB მინი ჩამრთველის, ასევე Bluetooth - ის საშუალებით.

ვიდრე აირჩევთ უსადენო კომპიუტერის თაგვს, დარწმუნდით, რომ მის სპეციფიკაციაში მითითებულია მუშაობის სიხშირე 2,4 გგჰც. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მაშინ, თუ თაგვი განკუთვნილია ხშირი კომპიუტერული თამაშებისთვის.

კომპიუტერის თაგვის დანიშნულება

თუ ადრე კომპიუტერის თაგვებს აწარმოებდნენ მხოლოდ კომპიუტერებისთვის, დღესდღეობით „მაუსები“ საჭიროა შემდეგი მოწყობილობებისთვის:

კომპიტერი;

ნოუთბუქი;

ნეთბუქი;

ამის გამო, თაგვის არჩევის მომენტში უნდა გაითვალისწინოთ და დაადგინოთ, აკმაყოფილებს თუ არა იგი თქვენს მოთხოვნებს.

თუ გსურთ უნივერსალურობა, რეკომენდებულია შეიძინოთ Bლუეტოოტჰ ტექნოლოგიით აღჭურვილი თაგვი.

შესაძლოა უსადენო USB ჩამრთველიანი რადიოსიხშირული თაგვით ვერ დაუკავშირდეთ სასურველ მოწყობილობას, რომელსაც არ გააჩნია USB პორტი.

Bluetooth -ით კი მარტივად დაუკავშირდებით ყველაფერს, რასაც კი გააჩნია Bლუეტოოტჰ. პლანშეტსაც კი. უკიდურეს შემთხვევაში მოგიწევთ შეიძინოთ მცირე ზომის ბლუთუს ადაპტორი.

თუ ორივე სახის შეერთება გსურთ, არჩევანი კომბინირებულ თაგვზე გააკეთეთ - USB + Bluetooth

კომპიუტერის თაგვის ტიპები

კომპიუტერის თაგვის არჩევის დროს ყურადღება უნდა გაამახვილოთ თაგვის მუშაობის პრინციპზე, რომლის სენსორის მუშაობა შეიძლება იყოს სამი სახის:

ოპტიკურ-მექანიკური - კომპიუტერის თაგვების ყველაზე ძველი ტიპია. მას სხვაგვარად ბურთულოვან თაგვსაც ეძახდნენ, რადგან თაგვის შიგნით მდებარეობდა ბურთულა, რომელიც მოძრაობის დროს გადასცემდა საკუთარი მდებარეობის ცვლილების შესახებ.

ასეთი კონსტრუქცია საკმაოდ არასაიმედოა, რადგან ბურთულაზე რეგულარულად გროვდებოდა მტვერი და ჭუჭყი, რაც მაშივე აისახებოდა ეკრანზე კურსორის მოძრაობაზე - მისი სვლა იყო წყვეტილი და საკამოდ არაზუსტი.

ასეთი თაგვები ყველაზე უხარისხოდ მიიჩნევა და შებამსად ყველაზე იაფად ღირებულია.

ოპტიკურ-შუქდიოდური - ყველაზე უფრო გავრცელებული მაუსის სახეობაა, რომელიც კარგად მუშაობს და კარგი მახასიათებლებიც გააჩნია.

ოპტიკური თაგვის შიგნით მოთავსებულია დიოდი და სისტემური ლინზების მიხედვით განისაზღვრება თაგვის მოძრაობის სიზუსტე.

ასეთი მაუსი ოპტიმალური გადაწყვეტილებაა მათთვის, ვინც ფასის და ხარისხის შესაბამისობას ანიჭებს მნიშვნელობას, რადგან ოპტიკური თაგვების ფასი საკმაოდ მისაღებია, ხარისხი კი დამაკმაყოფილებელი.

ოპტიკურ-ლაზერული - ზოგჯერ მას უბრალოდ ლაზერულ „მაუსს“ ეძახიან. მუშაობის პრინციპი კი ასეთია: თაგვის შიგნით მოთავსებულია ნახევრადგამტარი ლაზერი და სწორედ ის წარმოადგენს თქვენს კურსორს.

ლაზერული თაგვების მთავარი უპირატესობაა ის, რომ იგი არ არის პრეტენზიული და უპრობლემოდ გადაადგილდება ნებისმიერი ტიპის ზედაპირზე (სხვადასხვა ფერის და მასალის (მინაზეც კი) აგრეთვე არათანაბარ ზედაპირზე.

ლაზერული თაგვები გამოირჩევა სენსორის უფრო მაღალი გარჩევადობით და შესაბამისად გაცილებით მეტი სიზუსტით და გადაადგილების სისწრაფით, ვიდრე ოპტიკური თაგვები.

პს. ჩვეულებრივი მოხმარების დროს სხვაობა ოპტიკურ და ლაზერულ თაგვებს შორის შეიძლება ვერც იგრძნოთ, თუმცა ზოგიერთ შემთხვევაში (დიზაინერული პროგრამები, თამაშები და სხვა) ლაზერის თაგვით სარგებლობა გაცილებით მოსახერხებელი და აუცილებელიც კია.

სენსორული თაგვები - ეს არის კომპიუტერის თაგვების ახალი სახეობა.

სენსორული „მაუსების“ მუშა ზედაპირი აბსოლიტურად გლუვია და არ გააჩნია არავითარი კლავიშები და გორგოლაჭი.

ასეთი თაგვები აღიქვამენ გარკვეულ ჟესტებს, რომელთა დახმარებით შესაძლებელია სურათების გადაფურცვლა, ვებ სერფინგი და სხვა ოპერაციები.

გარდა ამისა, შესაძლებელია სისტემაში ან პროგრამაში რომელიმე მოქმედებისთვის განსაზღვრული ჟესტის მინიჭება.

სენსორული თაგვი შეიძლება მუშაობდეს როგორც სტანდარტულ ელემენტზე, ასევე აკუმულატორზე. გარდა ამისა, ზოგიერთ მოდელს აქვს მიმღები Uნიფყინგ, რომელიც საშუალებას იძლევა კომპიუტერს ერთდროულად მიუერთდეს ექვსი მოწყობილობა.

მანიპულიატორი თაგვები - პროგრესი არ დგას ერთ ადგილზე და ტექნოლოგიები ყოველდღიურად ვითარდება.

დღეს მწარმოებელი ფირმები აწარმოებენ უსადენო კომპიუტერის თაგვებს ხელზე მანიპულიატორით.

ასევე არსებობს უჩვეულო კომპიუტერული თაგვები, რომელიც მაგრდება თითზე და მუშაობს ნებისმიერ ზედაპირზე.

ოპტიკური სენსორის გარჩევადობა (DPI)

ყველაზე მთავარი კრიტერიუმი კომპიუტერის თაგვის შერჩევის დროს არის ოპტიკური სენსორის გარჩევადობა DPI (Dots Per Inch - წერტილების რაოდენობა დიუმზე). ეს მონაცემი ყოველთვის მითითებულია (ან უნდა იყოს) მწარმოებლის მიერ.

პარამეტრის არსი მდგომარეობს შემდეგში - რაც უფრო მეტია გარჩევადობა, მით უფრო სწრაფად მოძრაობს კურსორი ეკრანზე. ეს მონაცემი სხვადასხვა თაგვში განსხვავებულია და ძირითადად მერყეობს - 600-2000 DPI - ოპტიკურ თაგვებში და  1400-5200 DPI ლაზერულ თაგვებში (თუმცა არსებობს უფრო დიდი გარჩევადობის თაგვებიც).

მაგალითისთვის - თაგვით, რომლის ოპტიკური სენსორის გარჩევადობაა 800 DPI საჭირო იქნება უფრო მეტი ფიზიკური მოძრაობის გაკეთება, ვიდრე თაგვით, რომლის ოპტიკური გარჩევადობაა 8000 DPI (ასეთი თაგვით თითქმის არ მოგიწევთ განსაკუთრებული მოძრაობის გაკეთება, რათა კურსორი გადაადგილდეს).

თუმცა, თაგვის მოძრაობის მაღალი სისწრაფე ყოველთვის არ არის სასარგებლო. მაგალითად ახალბედებს და კონსერვატორულ ადამიანებს მოსწონთ თაგვები, რომლებიც ნელა და სტაბილურად იმართება. ახალგაზრდა თაობა კი უპირატესობას მაღალ სიჩქარეს ანიჭებს.

თუ თქვენ კომპიუტერის საშუალებით მუშაობთ გრაფიკულ დიზაინზე, სავარაუდოდ „მაუსის“ სწრაფი სიჩქარე არ დაგჭირდებათ (თუმცა დაგჭირდებათ სიზუსტე, რასაც უზრუნველყოფს ლაზერული „მაუსი“), მაგრამ თუ გეიმერი ხართ და კომპიუტერულ თამაშებს თააშობთ, დაბალი სიჩქარე არ გამოგადგებათ და არჩევანი მაღალი გარჩევადობის თაგვზე უნდა გააკეთოთ (თუმცა არის თამაშები, რომელთა დაბალ სიჩქარეზე თამაში უფრო კომფორტულია).

მაგალითად ყოველდღიური, ჩვეულებრივი მოხმარებისთვის თავისუფლად გეყოფათ თაგვი, რომლის სენსორის გარჩევადობაა 800 DPI, მაგრამ როცა გსურთ მუშაობის დროს თაგვის უმცირესი მოძრაობის განსაზღვრაც კი, უნდა აირჩიოთ თაგვი, რომლის გარჩევადობაა 1600 DPI და ზემოთ.

ამგვარად, ამა თუ იმ კომპიუტერის თაგვის არჩევის დროს, შეეცადეთ არჩევანი გააკეთოთ ისეთ ეგზემპლიარზე, რომლის ოპტიკური სენსორის გარჩევადობა იქნება თქვენს საქმიანობაზე და საჭიროებაზე მორგებული.

ხოლო თუ თქვენთვის ერთი კონკრეტული სიჩქარე არ არის დამაკმაყოფილებელი და გჭირდებათ „მაუსის“ მუშაობის როგორც დაბალი, ასევე მაღალი სიჩქარე, ამ შემთხვევაში შეიძინეთ ისეთი თაგვი, რომლის ოპტიკური სენსორის გარჩევადობა რეგულირებადია (ფუნქცია On-The-Fly Sensitivity™)

ღილაკები შეიძლება განთავსებული იყოს თაგვის კორპუსის ზედა ზედაპირზე, ან გვერდებზე ისე, რომ საჭირების მიხედვით გარჩევადობის გადართვა შეიძლება ძალიან მარტივად.

ერგონომიკა და დიზაინი

იმის გამო, რომ ტექნიკურად თაგვის მოწყობილობა სტანდარტიზირებული და ძალიან მარტივია, ხარისხის გარდა მწარმოებლები თავიანთ ფანტაზიას ასახავენ „მაუსის“ ერგომომიკასა და დიზაინში.

და მართლაც, მრავალფეროვანი ფორმის, ფერისა და დიზაინის თაგვების ვიზუალური იერ-სახე ნამდვილად შთამბეჭდავია. არსებობს ავტომობილების, ქალის ფორმის და უამრავი სხვა კონსტრუქციის „მაუსები“.

თაგვის ფორმა შეიძლება იყოს სამი სახის:

კლასიკური - სტანდარტული, მომრგვალებული ფორმის  თაგვი. მოსახერხებელი კონსტრუქციით. თუმცა არსადროს არ ითვალისწინებს კონსტრუქციას ცაციებისთვის.

ერგონომიური - შედარებით რთული კონსტრუქციის თაგვი. აქვს უფრო მაღალი კორპუსი და გაცილებით ზუსტად იმეორებს ხელის მტევნის ფორმას. გათვალისწინებულია ცაციებისთვისაც. თუმცა აქვს მინუსებიც. მას სჭირდება მიჩვევა, თაგვი ადვილად არ სხლტებოდეს ხელიდან.

ასიმეტრიული - განსხვავებული ფორმისაა, აქვს გამოშვერილი ნაწილები და მაქსიმალურად ითვალისწინებს ხელის მტევნის ანატომიას, რაც კომფორტულად მუშაობის და თამაშის საშუალებას იძლევა. ასიმეტრიულია ძირითადად გეიმერული მაუსები.

იმის გამო, რომ თაგვის დიზაინისა და გარეგნული იერ-სახის შერჩევა სუბიექტური პროცესია და დამოკიდეულია ადამიანის ინდივიდუალურ გემოვნებაზე, მოკლედ შევეხოთ ისეთ ერგონომიკულ პარამეტრებს, როგორიცაა „მაუსის“ ზომა და დამატებითი ღილაკების რაოდენობა.

ზომა - როგორი უნდა იყოს კომპიუტერის თაგვის ზომა? პასუხი ერთმნიშვნელოვანია - მოსახერხებელი.

რაც არ უნდა ერგონომიული იყოს კომპიუტერის თაგვი და შეესაბამებოდეს თქვენს გემოვნებას, თუ მისი ზომა ზუსტად არ არის შერჩეული, ყველა სხვა თვისება აზრს კარგავს.

თუ რომელიმე მოდელი მოგექწონათ, მაგრამ ზომა არ გაკმაყოფილებთ, იცოდეთ, რომ მწარმოებლები ხშირად სხვადასხვა ზომის ერთი და იგივე მოდელს აწარმოებენ.

მოწყობილობა უნდა შეესაბამებოდეს მომხმარებლის ხელის მტევნის ინდივიდუალურ ზომასა და აგებულებას, რათა ხანგრძლივი მოხმარების შემთხვევაში არ დაღალოს ხელი და არ გამოიწვიოს დისკომფორტის შეგრძნება.

მაგალითად, მათთვის, ვისაც დიდი ხელისგული აქვს, მცირე ზომის თაგვი არ იქნება მოხერხებული და პირიქით, პატარა ხელისგულის მფლობელებისთვის, დიდი ზომის „მაუსი“ და მისი ღილაკები არ იქნება კომფორტულად მოსახმარი.

კონსტრუქცია/მასალა/წონა - კომპიუტერის თაგვის კონსტრუქცია შეძლება იყოს სამი სახის:

მემარჯვენეებისთვის, მემარცხენეებისთვის (ცაციებისთვის) და უნივერსალური. ეს ძირითადად შეეხება გეიმერულ (თამაშისთვის განკუთვნილ) თაგვებს.

რაც შეეხება მასალას, ძირითადად კომპიუტერის თაგვები მზადდება ხარისხიანი პლასტმასისგან, რომელსაც გარკვეული დეტალები (მაგალითად გვერდითა ადგილები, სადაც ხდება მის ზედაპირთან ხელის კონტაქტი) შესაძლოა დამზადებული ჰქონდეს მაღალხარისხიანი რეზინის დეტალებით.

სამომხმარებლო ბაზარზე შეხვდებით ძვირფასი ხის მასალისგან დამზადებულ კომპიუტერულ თაგვებს.

არსებობს ისეთი თაგვებიც (განსაკუთრებით გეიმერული „მაუსები“), რომელთა დეტალები დამზადებულია მეტალის ან ალუმინის შენადნობებისგან.

როგორი უნდა იყოს კომპიუტერის თაგვის მასა? - პასუხი აქაც ერთმნიშვნელოვანია ისეთი, როგორიც უფრო მოსახერხებელი და კომფორტულია მისი მფლობელისთვის.

ეს ინდივიდუალურად და მარტივად გადაწყვეტადია, თუ ხელში აიღებთ თაგვს და მოსინჯავთ რამდენად კომფორტულია თქვენთვის მისი კონსტრუქცია, ზომა და მასა.

არსებობს თაგვები, რომელთა წონის ცვლილება შესაძლებელია. ასეთ თაგვს კორპუსში აქვს ღრუ, სადაც თავსდება სპეციალური კასეტა შესაბამისი პატარა მრგვალი ან ოთხკუთხედი ფორმის ტვირთით - 4-დან 7 გრ-მდე.

ეს ტვირთი (რამოდენიმე ცალი) მოჰყვება თაგვს კომპლექტში და მოთავსებულია სპეციალურ საფირმო მეტალის კოლოფში.

დამატებითი ფუნქციები

დამატებითი ღილაკები -  ორი კლავიში და შუაში გორგოლაჭი ეს თაგვის მართვის კლასიკური ფუნქციებია, რომლებიც უმეტეს შემთხვევაში სრულიად საკმარისია ნებისმიერი ოპერაციის შესასრულებლად.

რაც შეეხება დამატებით ღილაკებს, ისინი ჩვეულებრივ გამოიყენება ნავიგაციის შესაძლებლობების გაფართოებისთვის ან სხვადასხვა სახის საოფისე პროგრამებისა და თამაშების დამატებითი ფუნქციებისთვის.

დამატებითი ღილაკების რაოდენობა ყველაზე ფუნქციონალურ თაგვებში შეიძლება ადიოდეს 10- 20-მდეც კი.

თუმცა, ხშირად ეს ღილაკები აბსოლიტურად უსარგებლოა და მათ პრაქტიკაში ვერ გამოიყენებთ, ამიტომ, შეძენის დროს არჩევანს ღილაკების რაოდენობით ნუ გააკეთებთ და კარგად გაერკვიეთ რა არის საჭირო თქვენთვის და რა არა.

დამატებითი ფუნქციები - თანამედროვე თაგვების კორპუსის ზედაპირი შესაძლოა აღჭურვილი იყოს ანტიბაქტერიალური საფარით, სენსორული ზედაპირით, უხმაურო კლავიშებით და ა..შ

მეხსიერება ჩაშენებული მეხსიერების საშუალებით ხდება თაგვის სხვადასხვა უკვე დარეგულირებული ფუნქციების და მოქმედებების შენახვა/დამახსოვრება.

გარდა ამისა, ჩაშენებული მეხსიერება საშუალებას იძლევა 10-დან 50 - მდე მეტი მაკროსისა და სათამაშო პროფილებში დიდი რაოდენობით  - 2000-მდე და მეტი მოქმედების შენახვა.

მაკროსი - არის მიკრობრძანება (ასე ითარგმნება ინგლისურიდან), რომელიც შეიცავს თანმიმდევრულ მოქმედებებს, რომლებიც ჩაწერილია მომხმარებლების მიერ. ჩაწერა ხდება პაკეტში ჩაშენებული Mიცროსოფტ Oფფიცე - ის ენით.

რისთვის არის საჭირო მაკროსები? - იმისთვის, რომ თავიდან ააცილოს მომხმარებელს ერთო და იგივე მოქმედებების რუტინული შესრულება.

ფუნქცია საშუალებას იძლევა თაგვმა იმუშაოს ნებისმიერ კომპიუტერზე და ამასთან დამახსოვრებული ფუნქციები იმუშავებს ჩვეულ რეჟიმში.

ასევე არ გახდება საჭირო თაგვზე ფუნქციების ხელახალი დაყენება ოპერაციული სისტემის გადაყენების დროს.

ჩაშენებული მეხსიერება ძირითადად გვხვდება სათამაშო, ე.წ გეიმერულ თაგვებზე.

მოკლედ მწარმოებელ ფირმებზე

მართალია მწარმოებელი ფირმა არ წარმოადგენს მთავარ კრიტერიუმს კომპიუტერის თაგვის შერჩევის დროს, თუმცა არ იქნებოდა ზედმეტი გარკვეული ნიუანსების ცოდნა და „მაუსის“ მწარმოებელი ყველაზე სანდო და ფირმების მოკლე მიმოხილვა:

Logitech - ერთ-ერთი ყვეალზე პოპულარული და პრაქტიკული ფირმა, რომელიც გამოირჩევა მაღალი ხარისხით და სანდოობით.

როგორც წესი, სწორედ უმაღლესი ხარისხის და სანდოობის გამო ამ ფირმის კომპიუტერის თაგვებს საკმაოდ მაღალი ფასი გააჩნია იმ შემთხვევაში, თუ აღჭურვილია მაღალი ფუნქციონალობით.

თუმცა აქვს ბიუჯეტური მოდელებიც, რომელთა ხარისხი ასევე არ დგას კითხვის ნიშნის ქვეშ, თუმცა ფუნქციონალითა და დიზაინით შესაძლოა ჩამოუვარდებოდნენ კონკურენტ ფირმებს, თუმცა მათთვის, ვისთვისაც ხარისხი და სანდოობა მთავარი პრიორიტეტია, არცევანი სწორედ ამ ფირმის კომპიუტერულ თაგვზე უნდა გააკეთოს.

A4Tech - ასევე ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი და პოპულარული კომპიუტერის თაგვების მწარმოებელი ფირმაა, რომელსაც პატივს სცემენ როგორც გეიმერები, ასევე ჩვეულებრივი მომხმარებლები.

A4Tech-ის „მაუსებს“ საკმაოდ თვალში საცემი დიზაინი აქვს. ხარისხიანი დეტალების მის მოხმარებას სასიამოვნოს და მოხერხებულს ხდის, ხოლო უაღრესად ფართო ფუნქციონალი -  დამატებითი ღილაკების, განათების, მოძრაობის სიჩქარის რეგულირების სახით, თაგვს ცნობადს და მოთხოვნადს ხდის.

A4Tech-ის ფირმის თაგვები რეკომენდებულია როგორც დამწყები გეიმერებისთვის, ასევე კომპიუტერებისა და ნოუთბუქების აქტიური მომხმარებლებისთვის.

Genius - ერთ-ერთი ცნობილი კომპიუტერის თაგვების მწარმოებელია ფირმა, რომელიც განთქმულია ხარისხიანი ბიუჯეტური მოდელებით.

Genius-ის მაუსები საკმაოდ კონკურენტუნარიანია ბიუჯეტურ სეგმენტში და გააჩნია ძალიან ფართო ასორტიმენტი, მიმზიდველი დიზაინი და მუშაობის ხანგრძლივი ვადა.

ასეთი თაგვები შესანიშნავი არჩევანია მათთვის, ვისაც სურს მინიმალური თანხით მიიღოს მაქსიმალური სანდოობა.

Apple - როგორც ცნობილია Aპპლე პრესტიჟული და განთქმული ბრენდია, რომლის მხოლოდ სახელწოდებაც კი გულგრილს არ ტოვებს ნებისმიერ მომხმარებელს.

აღსანიშნავია რომ Apple აწარმოებს კომპიუტერის თაგვებსაც, თუმცა სანამ არჩევანს ამ ფირმის „მაუსზე“ გააკეთებდეთ, უნდა იცოდეთ, რომ ისინი პრაქტიკულად უსარგებლოა ისეთ კომპიუტერებზე, რომლებზეც დაყენებულია ოპერაციული სისტემა ვინდოუსი.

ასეთ შემთხვევაში, იმისათვის, რომ Apple-ს თაგვმა იმუშაოს, საჭიროა დამატებითი პროგრამის დაყენება, თუმცა ამ შემთხვევაში თაგვის შესაძლებლობები ძალიან იზღუდება.

Microsoft - ფირმის მიერ წარმოებული კომპიუტერის თაგვების კარგად მუშაობს ოპერაციულ სისტემა ვინდოუსზე, მაგრამ ფასების დიაპაზონი ასეთ თაგვებზე საკმაოდ მაღალია, რაც ნიშნავს იმას, რომ ზედმეტი თანხის გადახდის შემთხვევაში, თქვენ ყიდულობთ არც მეტი, არც ნაკლები -  ბრენდის ლოგოტიპს.

დანარჩენი თვისებებით, Microsoft-ის მაუსები არათუ  უკეთესია და მაღლა დგას ზემოთ ჩამოთვლილ ბრენდებზე, არამედ პირიქით, ჩამორჩება კიდეც ფუნქციონალით და სხვა თვისებებით.

იგივე თანხით, რა  მაგალითად უნდა გადაიხადოთ Microsoft-ის თაგვში, შეგიძლიათ შეიძინოთ გაცილებით უკეთესი ფუნქციონალის Logitech-ის ფირმის თაგვი.

ამიტომ, Microsoft-ის თაგვის შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ამ ბრენდის თავგადაკლული მომხრე ხართ და გსურთ ფლობდეთ ყველაფერს, რასაც ამშვენებს მისი ლოგო.

Razer - ეს არის მწარმოებელი ფირმა, რომელიც ძირითადად სპეციალიზირებულია ნამდვილი გეიმერული კომპიუტერული თაგვების წარმოებაზე.

დაბალ ფასად მისი შეძენა არ მოხერხდება, რადგან საკმაოდ ძვირადღირებული და პრესტიჟულია.

უარყოფითი თვისებები ამ ფირმის „მაუსებს“ პრაქტიკულად არ აქვთ, თუმცა მათი შეძენა რეკომენდებულია მხოლოდ იმათთვის, ვისაც ძალიან უყვარს კომპიუტერული თამაშები და ეს გატაცება თითქმის ყოველდღიური ცხოვრების ნაწილია.

ასეთი „მაუსების“ ბევრ მოდელს აქვს როგორც windows-ის, ასევე Mac OS-ის მხარდაჭერა.

ღაზერ მრავალფეროვენ მოდელებს აწარმოებს, თუმცა არ გირჩევთ ძალიან ძვირადღირებული ეგზემპლიარების შეძენას, რადგან ხშირად ისინი სხვადასხვა, აბსოლიტურად უსარგებლო დამატებითი ფუნქციებითა და ოპციებითაა აღჭურვილი, რომელთაც პრაქტიკაში ვერ გამოიყენებთ. 

გეიმერული თაგვები

პრინციპში ჩვენ უკვე ვისაუბრეთ რა თვისებები, კონსტრუქცია და ერგონომიკა უნდა ქონდეს თამაშისთვის განკუთვნილ „მაუსებს“, თუცა მაინც შევეხოთ და თვალი გადავავლოთ რამოდენიმე მთავარ ფაქტორს.

როგორც უკვე ავღნიშნეთ, ძირითადად გვხვდება სამი სახის გეიმერული თაგვი: მარჯვენა ხელისთვის, ცაციებისთვის და უნვერსალური.

ერგონომიკა ყველასთვის ინდივიდუალურია, თაგვის ზომა უნდა შეესაბამებოდეს ხელის მტევნის ზომას, ისე, რომ ხელისგული თავისუფლად, დაძაბვის გარეშე თავსდებოდეს ზედაპირზე და მარტივად წვდებოდეს ყველა ღილაკს.

ღილაკების რაოდენობა ასეთ თაგვებზე მერყეობს 2 -დან 10-მდე და განკუთვნილია სხვადასხვა ოპერაციების შესასრულებლად. კარგად დააკვირდით, რომ ღილაკები არ იყოს უხეში და კარგად რეაგირებდეს დაჭერაზე.

ზოგიერთ გეიმერულ თაგვს გააჩნია თამაშის დონის, ან შესრულებული მოქმედების მიხედვით განათების ცვალებადობა, რაც საკმაოდ მოსახერხებელია თამაშის პროცესში.

გეიმერულ მაუსებში ძალიან მნიშვნელოვანია მაუსის რეაქციის (გამოხმაურების) დრო, რომელიც არ უნდა იყოს 1 მილი წამზე ნაკლები. ეს მონაცემი მითითებული უნდა იყოს ინსტრუქციაში და იგი მიბმულია სკანირების ტექნოლოგიაზე:

125 Hz – 8მ/წმ

500 Hz – 2 მ/წმ

1000 Hz  - 1 მ/წმ

ამასთან, მნიშვნელოვანია გეიმერული „მაუსის“ მაქსიმალურად დასაშვები აჩქარება არ იყოს 3,5 G-4G -ზე ნაკლები (ეს მონაცემიც მითითებულია ინსტრუქციაში).

თამაშისთვის განკუთვნილი გეიმერული თაგვი აუცილებლად უნდა იყოს ლაზერული, ოპტიკური სენსორის გარჩევადობა (DPI) ჰქონდეს რაც შეიძლება მაღალი 1000-5700 (DPI) და მეტი.

ბევრ თანამედროვე თაგვს აქვს გადამრთველი რომლითაც შეიძლება გარჩევადობის რეგულირება (On-The-Fly Sensitivity™)

რისთვის არის საჭირო თაგვის მაღალი გარჩევადობა კომპიუტერული თამაშების დროს? - DPI-ის მაღალი მაჩვენებელი იძლევა ზუსტად დამიზნების, სწრაფად შემოტრიალების, ზუსტი ნახტომის და სხვადასხვა მანევრების მაღალ სიზუსტეს.

ხშირად ერთმანეთში ერევათ თაგვის გარჩევადობა და მისი მგრძნობელობის პარამეტრი ოპერაციული სისტემის ინსტრუმენტების პანელის მიმართ.

თაგვის ფუნქციებში, მართვის პანელიდან შესაძლებელია სენსორის ქვედა ზედაპირის მასშტაბის ხელოვნური შეცვლა, ხოლო თაგვის გარჩევადობა - ეს რეალური, ფიზიკური სიდიდეა.

გეიმერული თაგვისთვის მნიშვნელოვანია ისეთი ფუნქცია, როგორიცაა Always-On™, იგი საშუალებას იძლევა არ გამოირთოს თაგვი მაშინაც კი, თუ კომპიუტერთან არ ხართ რამდენიმე საათის განმავლობაში.


წარმატებულ შენაძენს გისურვებთ!

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ