კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:42

 

 

 

ძველი რექვიემი კვნესის

ნიშნად თაობათა შეცვლის.

ზარით იუწყება სკოლა განა გაკვეთილზე შესვლას,

მოდი, სჭირდებაო მოვლა ყოფილ მასწავლებელს შენსას.


ძველი რექვიემი კვნესის,

ნიშნად თაობათა შეცვლის.

ზარს ხმა უმძლავრდება უფრო, როცა აიტაცებს მაღლა

ყვითელ ფოთოლივით კუბოს, ყოფილ მოწაფეთა ტალღა.


ძველი რექვიემი კვნესის,

ნიშნად თაობათა შეცვლის.

და მეც მეუფლება ღელვა, უტყვი სინანული მკაწრავს,

ერთად დავუბივართ ყველა სიმწრის უჩინმაჩინ ბაწარს.


ძველი რექვიემი კვნესის

ნიშნად თაობათა შეცვლის.

და ღრმად გაჭრილია, ალბათ, მწვანე დედამიწის ბურთი,

სადაც ვიძირებით სწრაფად, როგორც ჟამთასვლაში წუთი.


ძველი რექვიემი კვნესის,

ნიშნად თაობათა შეცვლის.

ამ გზით წამიღებენ ასე, მაგრამ მასწავლებელს ჩემსას

მაქვს საწყაული სავსე, ხსოვნას უკვდავებად შესვამს.


მე რას გავიყოლებ საგზლად, გარდა შაურიან ლექსის.

ჩვენი ბედისწერის მსგავსად ძველი რექვიემი კვნესის.

მიდის პროცესია დინჯად, კუბოს მორიდებით მივდევ.

ვნატრობ: მოწყურებულ ბიჭად სკოლას მოვევლინო კიდევ.


ძველი რექვიემი კვნესის,

ნიშნად თაობათა შეცვლის.

სხვა გზას დავადგები, სულ სხვას, დღეის სიმძიმილით სავსე.

ჩემგან განსწავლულთა ნუსხას რკინით ამოკვეთენ ქვაზე.


ხმა, შორს დარეკილი ზარის, თითქოს ცხედარისგან მესმის:

- ასმაგ ურთულესი არის - ქვაზე ამოკვეთა ლექსის.

ძველი რექვიემი კვნესის

ნიშნად თაობათა შეცვლის.


რაღაც საოცარი განცდა ცივი გარემოცვით მგესლავს,

თითქოს მასწავლებლის ნაცვლად ყრმობას მივასვენებ ჩემსას.

ძველი რექვიემი კვნესის,

ნიშნად თაობათა შეცვლის.


მე ვინც უძველესი ქვეყნის წრფელად შემაყვარა მიწა,

წევს და სიკვდილითაც ჩემთვის ერთგულ მასწავლებლად იქცა.

ძველი რექვიემი კვნესის,

ნიშნად თაობათა შეცვლის.


და მეც ვუერთდები ყველას, მწარე სინანული მკაწრავს,

მთელი პროცესია თელავს ჩემი სიგარეტის ნამწვავს.

ძველი რექვიემი კვნესის,

ნიშნად თაობათა შეცვლის.

 

ლექსები მასწავლებელზე  • • •   პოეზია - ოთარ ჭილაძე  • • •   ოთარ ჭილაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ