ღამეა სხვათა შორის განცდათა შეჯერება, რთულია უსაშველოდ პოეტის განაჩენი, ძალიან არაფერი, უბრალოდ მეწერება და ახლა მამასავით მაკლია მამაჩემი.
ფანჯრისკენ მივტრიალდი, იმედი თუ იმედობს იქნება დანარჩენიც, დავდივარ ქუჩებში და ვრწმუნდები იშვიათი, ძალიან უმნიშვნელო ქუჩაა მამაჩემი.
ვაგრძელებ ჩვეულებრივ, ქრონიკას რეალობის ტოტები ავაჭერი, ვიღაცას არ სჯერა და მე მართლა გეუბნებით აი ეს ეპოქაა (მარტივად) მამაჩემი.
ლექსებიც ბერდებიან, შენ უკვე დამარცხდი და კუთხეში აიტუზე, მამებიც შიგადაშიგ ცოცხალი ხეებია და ქმნიან გარდაცვლილი მამების ჰაბიტუსებს.
კადრებად ვალაგებ და მშორდება იშვიათად რაღაცა ირონია, სხვას თავი დავანებოთ არც მეტი, არც ნაკლები, საბრალო მამაჩემი, აი ეს სტრიქონია.
განცდათა შეჯერება, რთულია უსაშველოდ პოეტის განაჩენი და ასე უმეტესად ძალიან მეწერება და ასე იშვიათად მეც მქვია მამაჩემი... |