კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 18:05

 

 

 

ღირს მყოობადი ხვნად,

თესვად, ფარცხვად და თოხნად!

შვილი გაზარდე მტრად -

გამოგადგება მოყვრად!


ეს შეგონება უთქვამთ

ჩვენსას, ჩვენამდე, ძველებს -

მათ, ვინც ეკიდნენ გუთანს

და ვინც ჰკერავდნენ ცელებს.


მადლობის გრძნობა მახრჩობს,

მადლობის გრძნობა მშხამავს,

მე მამაჩემი მახსოვს,

თვალდათვალ ვხედავ მამას.


არცა ალერსით ჭარბით,

არცა მტლაშით და მტლუშით,

ავად შეკრული წარბით,

შავი სატინის ბლუზით!


ღირს მყოობადი რგვად,

თესვად, ფარცხვად და თოხნად!

შვილი გაზარდე მტრად -

გამოგადგება მოყვრად!


არ ვიცი ამას ვისზე

ამბად ჰყვებიან სხვები -

როკფელერ მამა-შვილზე

მე მსმენია და ვყვები.


მოხუც როკფელერს ერთი

მეეტლისათვის წვრილად

როსმე ორმოცი ცენტი

რომ ჩაუთვლია ქირად.


მეეტლეს უთქვამს, მისტერ,

უღრმეს მადლობას გწირავთ -

კი, გულუხვი ხართ... ისე,

თქვენს ვაჟს ვატარებ ხშირად.


არის ნამდვილი დენდი!

მამას ნამდვილად ასწრებს!

ვისი-რომელი ცენტი! -

ოცდოლარიანს მაძლევს.


დახედა თურმე მწყრალად

ბეჭდებზე ბრილიანტებს

და თქვა ბებერმა წყნარად,

- ვუტოვებ მილიარდებს!


როკფელერი ჰყავს მამა,

მაგას რა უჭირს, ჩათლახს!

მე ობოლი ვარ, ძამა,

მამა საერთოდ არ მყავს!


ღირს მყოობადი რგვად,

თესვად, ფარცხვად და თოხნად!

შვილი გაზარდე მტრად -

გამოგადგება მოყვრად!


არის თაობათ ბრძოლა,

ან - არ ყოფილა როდის!

რისხვით ხელთათმნის სროლა,

-ეს რა თაობა მოდის!


ეჯაჯღანები შვილს,

მაშასადამე - აწმყოს!

ის - ებუტება ვის?!

აწმყოს - წარსული აცხობს!


შენ წარსული ხარ მკაცრი,

ის სიმწიფეში შევა -

ელის აწმყოსაც აწი

ხვალ-ზეგ წარსულად ქცევა.


და თუ კაცი ხარ ნაღდი,

თუ გარეწარი არ ხარ,

ჩახვდება - როგორც ჩახვდი,

დადგება - სადაც დგახარ.


რაც ხარ, შენ იმად დარჩი,

არ შეყოყმანდე წუთით,

ის შენს საფლავზე ქარში,

მოვა მოხდილი ქუდით...


მადლობის გრძნობა მახრჩობს,

სესხი და ვალი მშხამავს,

მე მამაჩემი მახსოვს,

თვალდათვალ ვხედავ მამას.


ავად შეკრული წარბით,

შავი სატინის ბლუზით,

მკაცრი ცნებებით ჭარბით

და სიყვარულით მუნჯით...


ღირს მყოობადი ხვნად,

მერმე მარგვლად და თოხნად!

შვილი გაზარდე მტრად -

გამოგადგება მოყვრად!

 

ლექსები მამაზე  • • •   პოეზია - მურმან ლებანიძე  • • •   მურმან ლებანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ