კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 20:50

 

 

 

ცოლად მოვიყვანე დევის ქალიშვილი 

და შენ გაგაჩინა ჩემი თვალისჩინი.


- აჩუ, აჩუ ცხენოო,

შე კუდმოსაჭრელოო,

- ზურგზე შემასკუპდები,

- საით გაგაჭენოო.


აჩა-ბაჩა ცხენი ვარ,

ხან საწყალი წიქარა, 

წუთისოფლის უღრან გზებს

მეც წვალებით მივკვალავ.


- მამი, მამი, მგლის ხროვა

რომ შემოგხვდეს ღამით, 

უთოფოდ და უხანჯლოდ

მოერევი, მამი?


- სპილო თუ შეგხვედრია? - 

- შემხვედრია სპილოც. 

- მამი, დათუნიაც? 

- დათუნიაც, შვილო.

- შეგხვედრია ლომი? ვეფხვი? მგელი? დათვი? 

მართლა არ გეშინია, მამიკონა, მათი?


- აი, შე ცუგრუმელა, შე მშიშარა, მართლა, 

ნურავის გეშინია მელაკუდას გარდა. 

სპილოს, რაც შეეხება, პატივსა ვცემ სპილოს, 

ლომებთან და ვეფხვებთან ვძმობილდები, შვილო. 

მგლებისგან და დათვებისგან შორს გადგომას ვცდილობ.


- მამა ყველაზე ღონიერია! 

მამას ვერავინ ვერ მოერევა! 

მამას რაც უნდა იმას იყიდის, 

ყოვლის შემძლეა მამა... 

და ბედნიერი ბავშვის ხითხითი 

ამხელს ოცნებებს ლამაზს.


- შენს პირს შაქარი! სულ ასე გეთქვას! 

ამინ, პატარავ, ამინ! 

- დევს და ამირანს, ორივეს ერთად 

ვერ მოერევი, მამი?


- ვინაც დევი და ამირანია, - 

ვინც არი ჩემი კბილა, 

ჩემო გოგონა, დიდი ხანია, 

მესალმებიან ტკბილად.


გაიზრდებიან, შვილო, ბავშვები, 

ნახავენ ათას რამეს, 

ჰოდა, მამებში აღმოაჩენენ 

მთლად ჩვეულებრივ მამებს...


ო, ჩემო გოგო, ვერ გაგაწბილებ, 

ვერ მოგატყუებ, ვერა, 

ახლავე ვაცმევ ჩემს სიყმაწვილეს 

სასწაულმოქმედ პერანგს.


მე უნდა შევძლო შეუძლებელი, 

ტოლი ზღაპრის და მითის, 

შენს ბავშვურ რწმენას როგორც შეჰფერის, 

სწორედ ისეთი დიდი.


ღმერთო, მომხედე და ნუ დამტოვებ 

მხოლოდ ზღაპრების გუდად, 

ჩემს შვილთან ერთად თანატოლივით 

მზარდე და მზარდე მუდამ! 

 

ლექსები მამაზე  • • •   პოეზია - შოთა ნიშნიანიძე  • • •   შოთა ნიშნიანიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ