უკვე ყველანი ვუცდიდით ზამთარს: ფოთლები გაქრნენ, ხოლო ჩიტებმა კვლავ გადალახეს მისჯილი ცხრა მთა, ბუნების გულის დასამშვიდებლად.
თითქოს შეცვლიდა რამეს ზამთარი, ან თითქოს მისი მძიმე სხეული არ იყო ჩვენი გადასატანი.
ვერ მოვუნახე აზრი მოლოდინს, თუმცა ყველაზე მეტად ვღელავდი და შეთქმულივით ვდუმდი ბოლომდის.
ბორგავდა სულში და მოითხოვდა გამომჟღავნებას და ხალხში გავლას, ანუ ყინვაში გასვლას სითბოდან.
განუსაზღვრელი ძალა წერტილის, და ალბათ მაშინ გადაწყდა მართლა, რაც კი მეგონა გადაწყვეტილი.
ყველასგან უკვე ბევრჯერ ხილული: ძლივს აითრია ფეხები ღამემ და აბრჭყვიალდა მზეზე ყინული. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |