მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან... ხმაურობს ჭალაა, გზაა თუ კბოდეა. მოდიან ურმები, და როგორც გოდლები, ნელა მაღლდებიან ვეება გოდრები. კეთილი ფიქრივით ფუსფუსებს ფუტკარი, - ფუტკარო, მერთვლეებს მადლობა ვუთხარი. - ლეგენდა გადიხსნა? სიმღერა აფრინდა? - საიდან მოდიან? სიზმრიდან? ზღაპრიდან?!
სამეგრელო ოცნებაა - გაფრენილი ფაფარი. გურია კი სიმღერაა, ხოლო რაჭა - სიზმარი, ყველა ერთად - ვენახია ჩვენი დასაფიცარი.
ძველი საქართველოს ვაზის სიმფონია. ბუნების ღერბია, ჩანგი და ებანი მერცხლის ბუდესავით შეკრული მტევანი. ქალღმერთის ძუძუა, და განა შემშლია - წყურვილის მომკვლელი უფლის პეშვია.
ჩვენი ამერ-იმერი ვაზით გადაბურე. ამომტევნე ჩუქურთმა, ამოფოთლე სტრიქონი, შენ ვერ დაგემალები - სიმღერებში გიპოვნით. შემოდგომის უღელს მზე ხარივით უბია და ქართული სიმღერაც ვაზის ტყუპია!
ისევ სიყვარულისთვის დავამწყვდიეთ ქვევრში. ჭირში დაგვიკარგავს, ლხინში გვიპოვნია სრულიად საქართველოს ვაზის სიმფონია. . . . . . . . . . . . . . . . . . . . . ხმაურობს, გუგუნებს გზაა თუ კბოდეა: მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან...
შუბლზე გახატია მთვარე ურარტული. ხარო, შემოგბედავ ყელზე შემოჭდობას, რქებით აიტაცე მზე და შემოდგომა. გაწი ალაზნისკენ, გასწი რიონისკენ, ვაზის გვირგვინებით მოგვყავს დიონისე. მოგვყავს დოვლათის და სიხარულის ღმერთი დაე, ლხინი იყოს საქართველოს ხვედრი. ჰე, მამულო, ღმერთიც შეგვიწირავს შენთვის, ღმერთიც გავიმეტეთ, რაღა გვინდა მეტი. სადაც მზის გულია, მზის ფონია, აწვიმს საქართველოს ვაზის სიმფონია.
მოდიან... მოდიან... მოდიან... მოდიან... . . . . . . . . . . . . . . . . . . . .
გუშინ იყო თუ წარსულში, რამდენჯერ შევხვდით ერთმანეთს! ომშიც, შრომაშიც თქვენს საქმეს მისდევთ და მიეტევებით - აჰანდე, ლეგა ბიჭები - ნაღდი კახელი დევები... შალვა, ბიძინა, ელიზბარ პირს ნათელგადაფენილი, მათ ერთხელ ვაშას გრიალით ცა ჩამოხიეს ბერლინის. - ეს ვინ ჩანს თოფის კვამლივით? - სისონაია დარჩია, სავაზნესავით გრძელ-გრძელი მტევნები გადაარჩია, შუბლს ყაბალახი უმშვენებს, ტანზე ჩაქურა აცვია, - რისი ფირალი, ყაძახო, სოფლის პირველი კაცია.
- ეს ბღაჭიაანთ კაკოა, ის - ოძელაანთ არსენა. ქარვის მარცვლები კი არა, ოფლის წვეთები ღვივიან, კოფოზე მეხად შემჯდარი ეს ოთარაანთ ქვრივია. ცოტნეც აქ არი, ბიჭებო, ჭირიმე მისი ჩეროსი, - სიმხნე და სიამაყეა სრულიად საქართველოსი.
ისინი საქმით, სახელით ჩვენს საქმეს მიმატებიან... - ეჰეი, ამერ-იმერო, ღმერთების დიდო ვენახო, ვაზის ადგილის დედაო, ვაზივით გამძლე ვენახო. იყავ ვაზივით უკვდავი, იყავ ვაზივით მარადი, ვაზივით დაფესვიანდი, იმსხმოიარე, გამრავლდი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • შოთა ნიშნიანიძის პოეზია |