მთებზე გადმოდგნენ ზამთრის ჯარები, - გადმოათეთრეს მთათა წვერები... დაფრთხნენ ვაზები, დაფრთხნენ ჭალები, დაფრთხნენ ყანები, დაფრთხნენ ველები.
და... რაც კი იყო იმჟამად ხილი: უნაბი, კომში, ატამი, ლეღვი, - ყველამ ბეღლისკენ იბრუნა პირი.
ჯდებიან გოდრებში... გარბიან ბეღლისკენ... თავპირისმტვრევით ცვივა კაკალი, - ხელებს იფარებს თავზე ლეღვის ხე.
ძარებში დიდრონი ტარონი სხდებიან: კიდობნის ახდას და კიდობნის დახურვას, - ღმერთმანი, ვეღარ აუდის ბებია.
მარანში საწნახლები ივსება ხელად. ვაშლებმა სასწრაფოდ დაცალეს ტოტები და სახლის თავზე მოთავსდა ყველა.
ურმებმა ამოავსეს შარა. წელზე შემოირტყა სასწრაფოდ ქამარი, - ყანიდან გაიქცა ჩალა.
იქ მოიკალათა ზვინებად: ნაწილმა სასილოსე ორმოს მიაშურა და დასილოსება ინება.
ისე მოსუფთავდა ირგვლივ არემარე, როგორც ვარსკვლავებით ნაჭედი ცა, როდესაც ინათლებს და წვრილნი ვარსკვლავნი მზეს დიდი მოწიწებით უთმობენ გზას. და... დარჩა საქონელს ბურთი და მოედანი...
აღტაცებას ვერ მალავენ თოვლისფერი თიკნები, ძროხებს დიდი სიხარულით გაუდიდდათ თვალები: - იალაღზე უკეთესი განა რამე იქნება?!
წიწილებივით გაფანტვია ძეწნას ფოთლები... - დამიბრუნდითო! - საცოდავი უმწეოდ კნავის, ამაოდ უხმობს გაქსუებულთ... შავი ტოტებით.
კითხულობს გაზეთს დერეფანში შუახნის კაცი. იქვე ხელამოდ აუთოვებს თეთრეულს ქალი, თავი ჩაურგავს შორიახლო წიგნებში ყმაწვილს...
სოფელს უსიტყვოდ დაჰქათქათებს მთვარე მკაფიო, - დედამიწაზე ისახება ჩრდილები ხეთა. მდუმარებაა. და - ვინ იცის, მთვარე რას ფიქრობს! - ეს მთვარე ახლა ქვეყანას ხედავს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მუხრან მაჭავარიანის პოეზია |