გზა სპირალივით ზედიზედ უხვევს... არ ჩანხარ, მაგრამ გადმომდგარ მუხებს და მწარე კვამლით გაჟღენთილ შუკებს შენი იმედი ეტყობათ უკვე.
მადლობის მეტი რა მეთქმის ახლა. მადლობელი ვარ და ამ კვამლივით მეც შეუმჩნევლად მივიწევ მაღლა.
ჩემს სასარგებლოდ ჩემდება დღესაც და სრულყოფილი ხდება დუმილიც, სიტყვაც და საქმეც, ცრემლიც და კვნესაც...
და კიდევ მრავალ ხასიათს შეცვლის... თითქოს სექტემბრის ფერადი ცეცხლიც სილამაზისთვის ედება მუხებს.
დგანან მუხები (დე, იდგნენ მარად). მე მუხის გამხმარ ფესვზეც ვეტევი, მეც და მდინარეც, მზეცა და ფარიც.
ვის რაში უნდა, რაც უკვე უთქვამთ... და ჩემი სული, როგორც ანტენა, იჭერს გარდასულ ხმასა და სუნთქვას.
მდინარის პირას გაზრდილი ქარი, მდინარესავით მხნე და კეთილი... ხოლო ფოთოლი სისხლის წვეთივით მეცემა გულზე...
როგორც ბრძოლებში გამდნარი დროშა... და აი, უკვე იწყება წვიმაც და შენი თეთრი გუმბათი მოჩანს. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |