ვინ რა იცის, ეს ასაკი რა სასწაულს მომიტანს, ღმერთო ჩემო! დედავ ღმერთო! სიყვარული მომინდა. გამოვშორდი გაზაფხულებს, მადლიანს, თუ ცოდვიანს, შემოდგომას სხვანაირი აყვავება სცოდნია...
და მეც!... შემოდგომისფერი აყვავება მომინდა. სულში რაღაც შორეული, შუქი გადაფოფინდა, კაი ქალი მომენატრა, - სიყვარული მომინდა. მშვენიერი მომენატრა, - ისე ჩემთვის იჩქითად, ლამაზი და ხოშფანდურა აგერ რამდენიც გინდა...
მოკამკამე ღვინისფერი სიყვარული მომინდა!... არც არავინ არ ბრუნდება ერთგულების ომიდან, დალახვრული ციხისფერი სიყვარული მომინდა.
თორემ ქევქევ წმაქაწმუქი, აგერ რამდენიც გინდა. ვაი სულო! ბრმა ვნებები გამიკეთილშობილდა, სულ სხვის სანთელს ვეჩურჩულე, შენს ვარსკვლავზე შობილმა,
სიყვარულით გამწარება! - გამგზავრება მომინდა. ნეტავ ვინ ხარ! ვინაც ხვალე, ამ დიდებას მომიტან, ღმერთო ჩემო! სასიკვდილე სიყვარული მომინდა! გამოვშორდი გაზაფხულებს მადლიანს, თუ ცოდვიანს, შემოდგომას სხვანაირი აყვავება სცოდნია... |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზურაბ გორგილაძის პოეზია |