ვაზო, ლამაზო, ფესვო ნაკურთხო, ვაზო, ქართველი კაცის დიდებავ, ფერით ზურმუხტო, ბარაქით უხვო, შენით სამშობლო ხარობს, ირთვება.
ვაზო, შენს გამო არ ვართ მოცლილი... შემოდგომაზე, გვითხარ, ასულო რთველი არის თუ შენი ქორწილი?!
ყველა დაგხარის, თავზე გევლება. ნერგო კეთილო ქართულ ედემის, გუნდი ვარსკვლავთა გშვენის მტევნებად.
ლერწო, ქალწულის თმებით გამთბარო, შენით ჩუქურთმა არის შემკული წრომს თუ გუდარეხს, გარეჯს, სამთავროს...
ლხინში ამაყად თასი გვიპყრია, ვით არ დალოცონ ვაზი ქართული იქ, სადაც ღვინის ქებას იტყვიან.
ყველგან სიცოცხლის შუქად შრიალებ, წყაროვ დოვლათის, ლხინის სათავევ, მზით ავსებ გულებს, როგორც ფიალებს.
ვაზო, შენს გამო არ ვართ მოცლილი... შემოდგომაზე, გვითხარ, ასულო რთველი არის თუ შენი ქორწილი?! |
პოეზიის გვერდი • • • • • • იოსებ ნონეშვილის პოეზია |