შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე, დღე ნაღვლიანი, ღონემიხდილი: როგორ ეკვრება ცას ბნელი ჩრდილი, როგორ ირხევა გაძარცული ტყე... შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე.
გაყვითლებული, უდროოდ მჭკნარი; დაბერავს რისხვით, დაბერავს ქარი, გაყვითლდა მდელო, გაყვითლდა მოლი... ცვივა და ცვივა ხეებს ფოთოლი.
გამოუთქმელი მიტაცებს შვება! რა არის იგი? ბედნიერებით გამოწვეული უბედურება, თუ უბედობა სიმწარე ვნებით.
ვინმე ამქვეყნად... დამშვიდდი, გულო! წავა დღეები უსიხარულო, ისევ აღდგება გამქრალი ვნება, ჩემო ოცნებავ და სიყვარულო!
რისთვის გამშორდა, რისთვის წავიდა... გამიქრა სულის ოცნება წმინდა, ილულება მზე, იძარცვება ტყე... შემოდგომის დღე, შემოდგომის დღე. |
პოეზიის გვერდი • • • • • • გალაკტიონ ტაბიძის პოეზია |