ნეტავ რა ხელმა ახარა ამდენი ხე და ხეხილი, ათასფრად აყვავებული, ერთმანეთს გადაგრეხილი?
მიწა ნაყოფით ნაქები, ცისარტყელებად გაშლილი ვენახები და ბაღები...
ქვეყანაა თუ ზღაპარი - ქართლის, კახეთის მშვენება და იმერეთის მთა-ბარი.
რაჭა-ლეჩხუმი, სვანეთი, აფხაზეთი და აჭარა დამშვენებული მწვანეთი.
რა ვენახები, რა ხილი, "დაწერე ხილთა ქებანი!" მესმოდა მათი ძახილი.
მეც უნდა დავყვე ნებასა მათი სურვილით, ბავშვებო, დაგიწერთ ხილთა ქებასა!
"მე ვარ პირველი, ლალისფერ ნაყოფს გპირდებით, გაზაფხულდება თუ არა, ოქროს ყვავილით ვირთვები!"
"გაჩუმდი, შენზე ნაკლები როდი ვარ, თოვლისფერ კაბით მორთული მეც ხომ შენ შემდეგ მოვდივარ!"
"მეზობლებს დავუჩაგრივარ, ლალისფერიც ვარ, ტკბილიც ვარ, ბუნებას დავუშაქრივარ.
ტყემალი კბილის მკვეთავი?... შინდიც ნუ ამიხირდება, შემოდგომაზე მწიფდება!
თუმც შემოდგომით ვმწიფდები, მაგრამ შენც, მარწყვიც, მაყვალიც ამაოდ გამეჯიბრებით!
ღვინის დედაც ვარ, დაფასებული ასწილად, თავს რატომ იქებ, პატარავ, ქებას ხომ კიტრის ფასი აქვს!"
კიტრი, წოლისგან დაღლილი, აყვირდა, წამოეშალა ხორკლები ტანზე დაყრილი: "რა გინდათ, მე რად მახსენებთ, ჩემზე რამ გაგაგულისათ?... მე ვარ ვაჟკაცის მალამო, გამგრილებელი გულისა!"
საზამთროს გაეცინება; ეტყვის: "რას ამბობ, ვაჟკაცებს შენ არ შეჰყარე ციება?! ხილიც მე ვარ და მალამოც, ხილთა სათავეს მე ვზივარ, ტკბილი ვარ, ჩაშაქრებული, განა უნდილი ნესვი ვარ!"
მარცხვენენ, თავსა მჭრიანო. თქვა: "ერთი ჰკითხეთ, გაბერილს საზამთრო რათა ჰქვიაო? შემოდგომამდე ბერდება, ვაშლების შურით სივდება, ყურს ნუ ათხოვებთ, ავყიას ტრაბახი არ მოსწყინდება".
ხის ტოტებს მოსწყდა, დაგორდა, ცალი ყბით იღიმებოდა, ან სატირალი რა ჰქონდა მიგორავდა და ამბობდა: "ქალწულის ლოყას მადარეს, მე ვარო ქართლის მშვენება, - ქვეყანა უბით მატარებს!"
სიცილით ბაგე გააპეს, კომშს გადახედეს ამაყად, ჩუმი ჩურჩული გააბეს... ლეღვის ხეს თვალი ჩაუკრეს, ნუ ჩავებმებით ომშიო, თორემ ან ფშატი დაგვჩაგრავს, ან მახრჩობელა კომშიო!
აევსო წვრილი თვალები, მაგრამ ჩაჩუმდა... უეცრად თავს წამოადგნენ ბალები, - დაშაქრებული ნაყოფით ლალისფრად ნაბრიალები, იცინოდნენ და ლხინობდნენ, თავს დახვეოდნენ ქალები.
"რა არის, ხილი არის თუ ღილია, ხან ნაბდით დადის, მორცხვია, ხან გულმკერდგაღეღილია!"
"ჩემი ბარაქა ხალხმა მშვენივრად გაიგო, ჩემი პაწაწა ნაყოფი ცხრა ძმამ საჭმელად გაიყო!"
ლამაზი ბროწეულები, ბაგეს ხლეჩავდნენ, უჩანდათ კბილები ძოწეულების: "შენ თუ ვარდისფრად ირთვები, ჩვენ გვამკობს იაგუნდები, ჩვენ ერთმანეთი გვიყვარდეს, ერთმანეთს ნუ შევძულდებით!"
კვრინჩხი, ზღმარტლი და პანტაცა; მსხალმა იწყინა, შესძახა: "გაჩუმდით, თქვენსა გაზრდასა! სადაც უნდა და არ უნდა, თქვენც ცხვირი უნდა გახიროთ, სწორედ თქვენზეა ნათქვამი: აბა ჩვენც ნახირ-ნახირო! მორცხვი ვარ, მიტომ გავჩუმდი, თორემ სავსე ვარ თაფლითა, ასე რამ გაგაგულისათ, რას შემომკნავით დაბლიდან?"
თქვა: "მეც ხომ თაფლის წვეთი ვარ, მეც მათქმევინეთ რას ჩხუბობთ, რა თავი აგიწყვეტიათ?"
ინდოეთიდან მოსულმა, აქამდის დადუმებულმა და განრისხებით მოცულმა -
ქართლ-კახეთს შენ, მართალია, ხილი ხარ, აბა ლიხს იქით იკითხე, რა სახელგატეხილი ხარ!"
თან მორცხვად თავი დახარა, შეირხა, ტკბილი ნაყოფი დაბლა ცრემლებად დაყრა. წამოეშველნენ თუთის ხეს წაბლი, ჟოლო და ქლიავი: "ნაზია, ჩამოეხსენი, არ მიაკარო ნიავი!"
"აბა თქვი, ვინა ხარ, ანდა რა ხილი!" მაგრამ შეჩერდნენ, მოესმათ მათ უცნაური ძახილი...
ხეები ნარინჯიანი, ისმოდა მათი სიმღერა, ხმაშეწყობილი შრიალი.
თურინჯი ჭექდა მეორეს, მხედრულს ამბობდა ლიმონი, გულს უმხნევებდა მეომრებს.
"ჩვენ გვეძახიან ციტრუსებს, გასცილდა ჩვენი სახელი საქართველოს და დიდ რუსეთს! შორეულ მხარეს გაისმის ჩვენი ბუკი და ნაღარა, ოქრო ვართ დაუთვალავი, ქართველმა კაცმა გვახარა!"
გაისმა მწყობრი გუგუნი, შეხმატკბილდნენ და ამღერდნენ ზოგი ხმით, ზოგი დუდუნით.
გაიშრიალა ხმიანად, ხილთა ქვეყანას დასძახა გუგუნით, ომახიანად: "თქვენა ხართ ჩემი შვილები, მე თქვენი ბერი პაპა ვარ. მე ხომ თვით საქართველო ვარ, ბანის სათქმელად მზადა ვარ!
ფესვი მიწას მაქვს გადგმული, მე თქვენ პაპის პაპა ვარ, საქართველო ვარ განთქმული!
ტკბილად დამწიფდით, ქართველი კაცი ახარეთ. ოქროს და ლალის ნაყოფი ჩვენს მიწას გადააყარეთ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • გიორგი შატბერაშვილის პოეზია |