მთარგმნელი: გრიგოლ აბაშიძე
ისევ მოვიდა მშვენებით სავსე, რა ლამაზია ეს ფერთა კრთომა. მიყვარს, არ ვიცი რად მიყვარს ასე, რად მიყვარს ასე ეს შემოდგომა!
გავყურებ სივრცეს მოწყენილ ცისკენ და ხმელი ფოთლის დაბლა დაცემის, ხიდან მოწყვეტის ხმაურსაც ვისმენ.
სათქმელი ჰქონდეს თითქოს ფარული, მზე დედასა ჰგავს ალერსიანი, მიწა ბავშვია ძილმოპარული.
თუმცა ძლივს ახელს თვალს ფერმიხდილი, მას დაღლილივით ძილი მოაკლდა, მას ძილი უნდა, განა სიკვდილი?!
საწოლთან უდევს, იგი მზად არი, კვლავ ჩასაცმელად დაავლოს ხელი, როგორც კი გავა ცივი ზამთარი.
მძინარიც მიყვარს მე შენი სახე და ვიდრე მოვა ზაფხულის დილა, იძინე, ტკბილი სიზმრები ნახე.
შენს ძილისპირულს არ დამღერს განა? ჩემი მწუხარე სიმღერა წყნარი მინდა გაისმას სევდიან ნანად!
ჩემს მკერდს მიეყრდენ თვალმიხუჭული, მისმინე, ვიდრე არ დაიკარგოს ჩემი ხმაც, როგორც სიოს ჩურჩული.
უხმოდ შეეხე ჩემს მწყურვალ ტუჩებს, მაკოცე ჩუმად, რომ ჩვენმა კოცნამ, არ გააღვიძოს ბუნება უცებ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • შანდორ პეტეფის პოეზია |