კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 07:59

 

 

 

მათრობს მეტად ღვინოზე -

ცა, სექტემბრის დილა;

გაძეძგილი მტევნები

ჩემსკენ გამოწვდილა.

შორი გზა აქვს გამოვლილი

ყვავილიდან ნაყოფს;

ვიცი ხავერდგადაკრული

კომში რით ამაყობს.

გინდ ადგილზე გამაქვავე,

გინდ მაქციე ხედა...

სახე დასამარხავია,

მზემ თუ არ დახედა.

მზე მახურებს,

მახურავს

ბროწეულის ჩერო,

ლეღვი მომჩერებია -

მე მიგემე ჯერო.

ლუკმად ხომ არ მეყოფა,

არც იქნება იჯრა,

მზად ვარ - ერთი ლეღვისთვის

კლდეზე გადავიჭრა.

კმარა ერთი კაკალი,

ავებღატო ხეზე,

რაც ვიყავი, ვრჩები იმად -

ურჩი მომიზეზე.

ერთი ქალის გულისათვის

რას ჩევიდენ ისეც

ცხადი არი. ზნეა ჩემი,

ნურვინ მკითხავს მიზეზს.

დაიხსომე, ახსენე,

რასაც თვალი მოჰკრა,

შეგახსნებს დამსკდარი

შავქლიავის ოქრო.

ვეღარ მოიგერიე,

მოგერია ძილი...

იზაბელას შავ-შავი,

კიბეს დაგლესილი.

მოღერილი სატევარი...

სიმინდების ჯარო,

მიჭირს როგორ შევეგებო

ასე უაბჯარო.

ვაზს იხვევს მოაჯირი,

მზე კეფაში მაჭერს...

ქაფი ყელზე ევლება

ამღერებულ მაჭარს.

გავიწებე... მერამდენედ

ქუსლმა ჩემმა სრისა,

დაბზარული ჩენჩოებად,

სახე ბახუსისა.

ბანზე ბერტყვა - შავად, წითლად

დაფერილი ნოხის;

ბნელ დაფნასთან გოზვა ჭურის,

მკვრივის და ამბოხის.

ცეცხლი უნდა დაინთოს,

ქვაბიც უნდა დადგან...

ვერ შევხედავ უცრემლოდ

მე დასაკლავ ბატკანს.

თვალი რამდენს უძლებს და

რამდენს იტევს გული;

არ მერევა ფეხი განგებ,

დავალ დაბანგული.

მე კი მომკლავს (არ ვიცი,

რას იზამენ სხვანი)

სექტემბერი ჭკუიდან

ჩემი გადამყვანი.


პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - ემზარ კვიტაიშვილი  • • •   ემზარ კვიტაიშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ