ვუძღვნი იაკობ გოგებაშვილს
მიყვარს პატარა ჩიტი ბეღურა, ჩვენ სახლის ჭერქვეშ დაბუდებული, კრუხ-წიწილებში რომ გარეულა და ეძებს საჭმელს, გამალებული; "ჭივ-ჭავე, ჭივ-ჭავ!"-ო, დაგვძახის, გვართობს; ბოსტნებს და ბაღებს თავზედ ევლება, მწერებს და ჭიებს უწყალოდ აწყობს! გაზაფხულისა მახარებელი, უსაზღვრო სივრცე რომ გადმოთელა და კვლავ მოძებნა მხარე მშობელი; მისს მოძრაობას, დაუცხრომელსა: ცის კამარაში ტრიალს და ცურვას, ჭიკჭიკ-გალობას, დამატკბობელსა! მზის სხივებითა გაბრწყინებულის; მღერალი ყანის, მინდორ-ველისა, აბიბინებულ-ამწვანებულის; ვით ლამაზ მძივებს, აბნევს ტკბილ ხმასა, მსმენელს ახარებს, თვითონა ცხარობს, თითქო აერთებს მიწას და ცასა! ეკლის ბარდებში რომ იმალება და, დროსა მწუხრის ტკბილად მსტვინავი, თითქოს ლოცულობს, აგალობდება. მისი უმანკო გულუბრყვილობა, მისი ღუღუნი, გრძნობით დამტკბარი, მისი სიმტკიცე და ერთგულობა! იქ, ღრუბლებს ზევით, მარტოდ მფრინავი; გედიც, მშვენება მოელვარე ტბის, ყელ-მოღერებით, კოხტად მცურავი; მისი წკრიალა ხმა გულსა სწვდება; მწყერიც, მიწას რომ ფეხს არ აცილებს, პურის ყანიდან გვეჭუკჭუკება! მგოსანი ტურფა მაისის ღამის, რომ აჟღერდება, აღფრთოვნებული, თითქო ისმისო ხმა ციურ ქნარის! უცნაურ ძალთა დიად ბუნების, მხიბლავს, მატყვევებს, გრძნობის მომგვრელი, ამშლელი ათას ტკბილ ფიქრ-ოცნების!.. |
პოეზიის გვერდი • • • • • • დუტუ მეგრელის პოეზია |