სულს ვეღარ ითქვამს მიწა ორთქლიანი. უშველეთ, გამჩენი იწამეთ. დილაა, მზე არის ახალი ამდგარი, პირდაბანილია სიმწვანე.
ჰაერი ყელამდეა ყვავილთა სურნელით. სინათლე ულევია, სინათლე ულევია, სიცოცხლე, - ულევზე ულევი.
ალბათ მისამართი შეშლია. რძემოწყურებული მზეა ყველაფერში, ხოლო ყველაფერი - მზეშია.
კვირტები ასკდება ერთმანეთს. ყვავილთა ტკბილი რძე მოსწყინდათ ჩიტებს, ჩიტის რძე არ აკლიათ ყვევილებს, ღმერთმანი.
ალანქერებული ტალღები ალაღებს. ტანს იყრის რძიანი ბალახი ლორთქო, სურნელნასხურები, ჩვილსისხლა ბალახი.
სიტკბო მაბრუებს ნახნავი მიწის. ვსუნთქავ სისხლისფერ ვარდების სურნელს, ვუცინი რძიან კვირტების სიცილს, ფუტკრებს ერთი წუთი არა აქვთ მოცლა. ვდგავარ, ქვეყანაზე სიცოცხლეს ვლოცავ. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზაურ ბოლქვაძის პოეზია |