მოცოცავს, მოცოცავს მთებზე გაზაფხული, ვაი, მომამტვერა ყვავილის მტვერი... ჩემი მოსისხლე და სამტროდ გაწაფული, ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი.
თბილისშიც ჯერ შტოზე კვირტი მაქვს დათვლილი, აპრილი - ნორჩი მხატვარია, ფანქრები ცუდადა აქვს წათლილი.
მწვანე აბლაბუდა იბლანდება... აგერა, ტყემლები თეთრად მორთულები - ქვეყანა ახლად იბადება...
"ჩუ-ჩუო!" - ერთმანეთს აჩუმებენ; მთელ ღამეს უძილობით ვიქანცები, ეგ თურმე - კვირტები ფაჩუნობენ...
სენაკს მოაშურეს ნაცნობს, გაზაფხული - ჩემი წაწალია, ვაიმე, რარიგად წაწლობს!
ვაი, მომამტვერა ყვავილის მტვერი... ჩემი წაწალი და მოსისხლე გაწაფული, ჩემი მეგობარი და ჩემი მტერი! |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |