როცა დაიწყებს წყარო საუბარს, მზეს რომ მისწვდება ირმის ბღავილი, შემოასკდება როცა ალუბალს მუხლზე კაბა და გულზე ყვავილი.
როცა სიმღერას იტყვი სასურველს, როცა ირმები დაფეთდებიან, მზეს შეხედავენ, რქებში ჩაწურვილს.
როცა მიწაზე მზე და დარი დგას, ირემი აპრილს კარებს შეუმტვრევს და ატმის რტოებს რქებად დაიდგამს.
საგვირილოდ და საენძელოდა, ირემი ირემს ბალახს გაუწვდის და რქას მიურტყამს სადღეგრძელოდა.
და აკოცებენ ვაზებს ხარდნები, შევხედავ ზეცას ნატვრისთვლებიანს, ავტირდები და ავხარხარდები.
აბუბუნდება ქვეყნად ყველა მთა, გავდიადდები, გავსულდიდდები და ავენთები მამულს კელაპტრად.
ერთს გადავხედავ დღეებს გაფრენილს, მერე მოვკვდები ისე ლამაზად, ვით დაიბადა ეს ყველაფერი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ჯანსუღ ჩარკვიანის პოეზია |