კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:50

 

 

 

ახალი წელი და სევდა ძველი,

ისევ სიმწარე, ისევ ნაღველი.

ახალი წელი, უღელი ძველი,

კვლავ ხალხის ქედზე მტარვალის ხელი!

წარსულის კვალი სისხლით ნაღები

იმედს თან მიაქვს მომავალშიაც.

იგივე ბრძოლა, ცხოვრების თრთოლა

კვლავად მოგველის ჩვენ ახალშიაც.

დღეს ვერ აღვნუსხავთ გამზადებულ მსხვერპლთ,

მაშ, მოვიგონოთ შეწირულები

თავისუფლების ბაირაღის ქვეშ,

ხალხის კალთაზე გაგმირულები!

ჩუ! ამ წყვდიადში, მიწის წიაღში

საფლავი საფლავს ეჩურჩულება:

ძმავ-მეგობარო, აქ სამარეშიც

ხალხის ქვითინი კვლავ გვეყურება!

გესმის ბარს სცემენ ჩვენსა სამარეს,

გახლართულ თოკით მართავენ ბოძსა,

ქურუმი ჯვარით, ჯალათი ნიღბით

ზედ ალურსმავენ კვლავ იესოსა!

გესმის ჩხარუნი, ეს რკინა არი,

მიდის ბორკილი, მილაპარაკობს

ის ძველ სიმღერას, ჩვენ გულის ძგერას

ტყვეობაშიაც მოსთქვამს და ამბობს!

და შენც ნუ სტირი, ჩვენო მშობელო,

ძაძით მოსილი ამ ახალ წელსა,

შვილებათ ძმები შენ დაგიტოვეთ,

და ძმებად დარჩნენ იგინი დებსა!

ჩუ! ამ წყვდიადში, მიწის წიაღში

კვლავად მართავენ წამების ბოძსა,

ქურუმი ჯვარით, მტარვალი ნიღბით

ზედ ალურსმავენ კვლავ იესოსა!

ისმის ჩხარუნი, ეს რკინა არის,

მიდის ბორკილი, მილაპარაკობს

ის ძველ სიმღერას, ჩვენ გულის ძგერას

ტყვეობაშიაც მოსთქვამს და ამბობს!

- საით, ძმობილო? - იქით, საითაც

კიდევ მოგელით მამული შვილებს,

ჩვენ ვივლით ასე მუდამ სიმღერით,

ვიდრე მთა-ბარი არ გაიღვიძებს.

დიახ, ახალი, ახალი წელი,

მაგრამ გზა იგივ გულდასაწველი,

ახალი წელი, ახალი წელი

და გოლგოთა კი კვლავ ძველისძველი!

 

პოეზიის გვერდი   • • •   პოეზია - იროდიონ ევდოშვილი  • • •   იროდიონ ევდოშვილის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ