კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 02:33

 

 

 

1


სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,

ყოველ ახალ წელიწადს მარად მომაგონდები.

შორი გზიდან მოსული, მამა-პაპის ჯილაგი – 

უცხოდ განათებული პატარა ჩიჩილაკი.


უცხოდ განათებული, სხვაზე არ გასაცვალი:

მწვანე სუროს ფოთოლი... კურკანტელას მარცვალი...

უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი გუგუნებს,

ბავშვი გაოცებული, მხოლოდ შენ შემოგყურებ.


დგახარ დამშვენებული, ქამარ-ხანჯალ-ყაწიმით,

როგორც თეთრჩოხიანი იმერელი ყმაწვილი.

ფოჩიანი კანფეტიც ზედ გასხია მასრებად,

ალბათ, ცაში თუ მოხდა შენი გალამაზება!


უზარმაზარ ოდაში მუხის ცეცხლი ჩახჩახებს,

ძველი „მრავალჟამიერ“ აღებს ყველა გასაღებს.

მე ხან პაპის წვერს ვუმზერ, ხან შენ გიმზერ, ჩიჩილაკს,

და ვიღვრები ბინულის ნაკადივით სიცილად.


სულაც ვერ გამიგია, რა მახარებს, რას ველი

ასე თვალგაურყვნელი, სიხარულით თვალსველი,

მხოლოდ შენ შემოგყურებ, შენი შუქის მჯერა მე,

შორი გზიდან მოსულო, ვარსკვლავეთის მცენარევ!


სანამ არ ჩაქრებიან იმერეთის ოდები,

ყოველ ახალ წელიწადს მარად მომაგონდები!


2


რიონის პირად შფოთავს ქალაქი, ათას ჭირში და ლხინში ნაქები,

ყოველ წელიწადს საგულდაგულოდ განათებული ჩიჩილაკებით.

მის განთიადებს ნუ დაივიწყებ და არასოდეს არ დაბერდები.

ის თეთრი ჩოხა ისევ გაცვია, ისევ პრიალებს წუღა-მესტები,


ისევ მესხეთის ქუჩით მიდიხარ და მოგძახიან იგივ სწორები,

შეგხვდება ვინმე ოჯახიშვილი, კოხტა ყმაწვილი, მოეწონები,

ხელში აგიყვანს, შუბლზე გაკოცებს, უზალთუნს მოგცემს, აგრე დაგლოცავს:

„მრავალ ახალ წელს დაესწარ, შვილო, და ესახელე იმერლის ოჯახს!“


რიონის პირად კი ქუხს ქალაქი, ათას ჭირსა და ლხინში ნაქები,

ყველგან ნახევრად ღიაა კარი და ციმციმებენ ჩიჩილაკები,

მხოლოდ ბაგრატის ტაძრის ნანგრევი გარინდებულან მკვდრულ მყუდროებით,

მათ შთაგინერგეს შენ სიყვარული, ყრმაო, გარდასულ იმა დროების!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   ლადო ასათიანის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ