ეს წელიც გაქრა, უკვალოდ გაქრა და არა მხოლოდ ჩემთვის - ყველასთვის. მეც უნდა გული მწყდებოდეს, მაგრამ მოლოდინით ვარ სავსე ყელამდის.
როგორც გადაღლილ ხსოვნაში ჭორი, ანდა ვარსკვლავი რომ ქრება დღისით, გადაყვარებულ ქალივით შორი.
თავის ბუნაგში ცხოვრობს ქალაქი, იხურება და იღება კარი, საფეხურებზე ხმება ტალახი.
როგორც უთვალავ ლანდებში ლანდი, როგორც ღრუბლებში მწვერვალის წვერი, როგორც გაქურდულ ტაძრიდან ხატი.
გაჩერებებზე გროვდება ხალხი და უნებურად ფიქრობს და ცდილობს დამალოს მკაცრი ნაკვთები სახის.
დაღლილი ყალბი ცრემლით და ფიცით, და ყველა ჩქარობს, რომ ბებერ მთვარეს მიუჯახუნოს კარები ცხვირწინ.
ფანჯრებზე ბზინავს ნაძვის ტოტები და საახალწლო ვნებებით სავსე, კიდევ ერთი წლით გიახლოვდები. |
პოეზიის გვერდი • • • • • • ოთარ ჭილაძის პოეზია |