კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
პარასკევი, 22 ნოემბერი 2024 03:13

 

 

 

...და კვლავ იწყება ახალი წელი...

და ისე, როგორც ძველი, თავდება;

დღე მომავალი, დღე ხვალინდელი

გუშინდელ დღისგან არ განსხვავდება.


ირგვლივ კაცთ სახე დაღონებული

ხვალინდელ დღესაც არ განშორდება.

მოწყენილობა და წუთების თვლა

ხვალაც იგივე განმეორდება.


ძლივს შესამჩნევი სხვადასხვაობა

ვერ შეცვლის ერთ მთელ არარაობას...

აი, ცხოვრება! მე მასში ვრაცხდი

დიდს, განუსაზღვრელ სანახაობას;


ვრცელ ასპარეზად მიმაჩნდა იგი,

მოქმედებისთვის ფართო და სრული;

ნამდვილად... იგი ბილიკი არის

ვიწრო, ეკლებით შემოსაზღვრული.


მე მჯეროდა, რომ ბედნიერება

სუფევს კაცთათვის გაჩენილ დღეში,

და ნამდვილად კი ბედნიერ დღეებს

სულ ათს თუ დავთვლი ჩემს სიცოცხლეში.


მე მჯეროდა, რომ შვება სუფევდა

უჩინრად სადმე: ქვეყნად თუ ცაში,

ნამდვილად იგი არსად არ სუფევს,

არც ცის სივრცეში, არც ქვეყანაში.


დავასამარეთ ფუჭი ოცნება,

მოწყენილობა დარჩა უცვლელი,

ძლივს ძველი წელი საფლავს მივეცით,

მაგრამ კვლავ მოდის მსგავსივე წელი!

 

პოეზიის გვერდი   • • •     • • •   გალაკტიონ ტაბიძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ