უმთავრეს, უმთავრეს, უმთავრეს სამშობლოს სამშობლოს, ჩემს ჩანგს რომ აღაგზნებს პირველი, ახალ წელს, ახალ წელს, ახალ წელს ვულოცავ მე მისი მარადის ცისფერი ფრინველი.
მის ქუდს და ყაბალახს, ჯაგანს და ულოსა, მის მაღალ ოცნებას, მის ზევსურ მოწყენას, მის თავს და მოსწრებას მხურვალედ ვულოცავ.
მის ჩანგს და საჭრეთელს, მის გრდემლს და უროსა, მის თორს და ტყავკაბას, სახნავს და საკაფავს, მის ყველა კარგ ამბავს მხურვალედ ვილოცავ.
სულ სალოლიავო და საგუგუნო ცას, ახალ ფშავ-ხევსურეთს და სოფლებს მესხურებს, მის მეკვლე-მეგზურებს ვულოცავ, ვულოცავ.
დახანჯლულ მხარ-მკლავებს, დაშაშრულ ტორაღებს, მის სარაინდოს და საუფლისწულოსა, კახეთით, კოლხეთით წამოსულ ფერხვავებს, მათ ხელს და ხელხვავებს მხურვალედ ვულოცავ.
ვდგავარ გონიოსთან, სარფთან თუ ხულოსთან, დიდქართულ ტვირთებით დადრეკილ დიდბიჭებს, მის ბონდოს, მის ბაკურს, მის თენგიზს ვულოცავ.
ჩვენს ძველ სამზეოსთან, ჩვენს ძველ სარჯულოსთან, კვლავაც, რომ ბალღები ქართულად მღერიან იმ ქართულ სიმღერას, იმ ბალღებს ვულოცავ.
და კვლავაც ხამს დაბლა შემოჰკარს რბილოსა, ჩემო მარჩენალო, ჩემო დამმარხავო, ხალხო და ქვეყანავ, გილოცავ, გილოცავ! |
პოეზიის გვერდი • • • • • • ზურაბ გორგილაძის პოეზია |