ხან მომშვილდული, ხან გამართული ხან აშოლტილი, ხან დახლართული, გამარჯვებულიც და დადაფნულიც, მთელს დუნიაზე სახელგანთქმული, დიდ ფარნავაზის ძველი ნათლული - შენ ხარ ანბანი ჩვენი ქართული.
ქართველნი შვებას შენში ჰპოვებდნენ, შენ ვერასოდეს მიგატოვებენ, რადგან ჩაუმქრალ ცეცხლად მოედე პოეტებსა თუ არაპოეტებს, მიმინოებსა თუ კაპოეტებს.
გამორჩეული სხვაში, ათასში წარღვნათა თქეშში, ცეცხლის ღადარში, ღმერთი და რჯული, შენით გადავრჩით. ბრწყინავ წიგნებად, როცა გადაგშლით, ვით იაგუნდი და ვით ბადახში.
შეკონილები, დახუნძლულები, იგავის, ამბის, ზღაპრის, თქმულების და სიბრძნის წყარო შენ ხარ ულევი. ჩვენი ცრემლების, ჩვენი წყლულების ნუგეშად ოდენ შენ გვეგულები.
მამულის ყველა ხატი გწყალობდეს, არ მოგეშალოს ფუძე აროდეს, რომ შვილი შენი შენით ხარობდეს, ქალი ქალობდეს, ვაჟი გალომდეს და მარადისი ტრფობით გყვარობდეს.
ხან აშოლტილი, ხან დახლართული, გამარჯვებულიც და დადაფნულიც, მთელს დუნიაზე სახელგანთქმული, დიდ ფარნავაზის ძველი ნათლული - შენ ხარ ანბანი ჩვენი ქართული. |
ლექსები დედა ენაზე • • • ![]() |