კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ოთხშაბათი, 05 თებერვალი 2025 18:51

 

 

 

როგორც ტაძარში, შემოვდივარ აქ მოწიწებით,

სადაც წინაპართ დიდი სიბრძნის შუქი ანთია.

რამდენი თავი შეუმოსავს ამ შუქს დიდებით,

რამდენი ბნელი უმეცრება გაუფანტია!

რჩეულ აზრების და გრძნობების სალარო დიდი

სავსეა სიტყვის ფერადოვან ძვირფას თვლებითა.

ყოველი წიგნი ზის ბუდეში, მტრედივით მშვიდი,

შეარხევ - ელვას გამოანთებს გაშლილ ფრთებიდან.

და როგორც სკაში ითაფლება ყვავილთ ნექტარი, 

ფუტკრის მანანად უჯრედებში მოოქროვილი,

ისე იზრდება ხალხთა სულის ნამოქმედარი

და ათას წიგნში ინახება აქ მოგროვილი.

თუ პოეტის შუბლს ქვეყნის მადლი გადაეფინა,

იმაზე უფრო დიდი ჯილდო მან რა ინატროს,

რომ მისმა სიტყვამ იქ იპოვოს ბრწყინვალე ბინა,

სადაც მსოფლიოს უნათლესი აზრი ბინადრობს!

ეს არის ჩემთვის სანუკვარი და სანატრელი,

რომ დავიწყების შავი ღამე ვერ მომერიოს,

ამ დიდ ტაძარში ჩემიც ენთოს ერთი სანთელი,

ამ სიბრძნის თაფლში ერთი წვეთი ჩემიც ერიოს.


ლექსები დედა ენაზე  • • •  პოეზია - ალექსანდრე აბაშელი  • • •   ალექსანდრე აბაშელის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ