კატეგორიები

წერილის გაგზავნა

lock პაროლის შეხსენება
ჯერ არ ხართ რეგისტრირებული?
უკვე ხართ რეგისტრირებული?
210 C
ხუთშაბათი, 19 სექტემბერი 2024 04:51

 

 

 

თუკი ვინმეს მოესურვა

ძველი წყლული გაგვიმთელოს

და ამ გრძნობით მოევლინა

ჩვენს პატარა საქართველოს.

თუ კვლავ სისხლით აღარ მორწყავს,

მის მთა-გორებს, მინდორ-მდელოს

თუ უხეშად ხელს არ ახლებს,

ჩემს სატრფოს და სამლოცველოს,

თუ რომ იგი უკუაქცევს

შემოტანილ ხმალს და ხიშტებს,

თუ სიფლიდეს არ შევწამებ,

თუ მტრულად არ შემოგვიტევს,

თუ ვიხილავთ ქართლ დროშას,

თუ მოვისმენ კვლავ დიდებას,

და ადგილი არ ექნება

აქ პირადულ განდიდებას.

თუკი იგი საკუთარ ხალხს,

რასაც ამბობს, იმას მისცემს.

და ამავ დროს ქართველობას

შეურცხვენლად დაამტკიცებს.

თუ დაიცავს ეროვნულ სულს

ბრძოლის ცეცხლში გამოვლებულს,

არ ვიხილავ ჩემს სამშობლოს

გოლგოთაზე ჯვარცმულს, ვნებულს, -

მაშინ, მაშინ მეც მათთან ვარ,

წინ ვერ გამისწრებენ სხვები,

დაჩაგრულთა სამსხვერპლოზე

მე პირველი დავიწვები.

მაგრამ ვინმე თავხედურად

თუ ჩვენს საზღვარს გადმოლახავს,

ჩემს სამშობლოს დამიმცირებს,

შემიგინებს, შემილახავს,

დამიჩაგრავს, დამიღონებს,

ცრემლს დაადენს უმიზეზოდ

და ჩვენს ლამაზ ბაღ-წაკლოტებს

გადააქცევს მტრების ეზოდ,

ძალადობას გაგვიბედავს,

მანდილს მოხდის ქართველ დედას,

ციხე-კოშკებს შეგვიგინებს,

ჯაჭვ-ბორკილებს გაგვიჭედავს.

მწუხარებას შემოიტანს,

მწუხარებას - შავ ფრთა გაშლილს,

აატირებს მთაწმინდაზე

ილიას და ბარათაშვილს.

შავს ჩააცმევს მეფე თამარს,

ძაძით მორთავს სათნო ნინოს,

მაშინ, დაე, ჩვენმა მტერმა

საპასუხო მოისმინოს.

იცოდეს, რომ ვერ დაიპყრობს

ძალით ჩვენს სულს ვერასოდეს,

არ გვსურს ვაჟას ნორჩი ნუკრი

კვლავ სისხლიან ბალახს ძოვდეს.

იცოდეს, რომ ვერც ერთ ჩვენგანს

ის მტრობით ვერ შეიერთებს,

თაყვანს არ ვცემთ არვის კერპებს,

არ ვიწამებთ არვის ღმერთებს.

ჩემი ერი ამაყია

და ის მონა არ გახდება,

თუ აქამდე არ მომკვდარა,

მომავალშიც არ მოკვდება.

მწამს, მსოფლიო ასპარეზზე

ის გაიტანს ზღაპრულ ლელოს

და კვლავ ვნახავთ მკვდრეთით აღმდგარ,

გამარჯვებულ საქართველოს.


პოეზიის გვერდი   • • •  პოეზია - საფო მგელაძე  • • •   საფო მგელაძის პოეზია

მსგავსი თემები

შეიძლება დაგაინტერესოთ