ბრუნდებოდა, სპა ანისით ბრუნდებოდა, სად მახვილით სამართალი ვყავით. ოცდაათი წელიწადი სრულდებოდა, აზიაში ხრმალს იქნევდა დავით. შავს ჰუნეზე ქვიშისფერი ჩაჩქნით ჯდა, და ბორცვებს სომხეთისას გაჰყურებდა დამძიმებულს საქართველოს ლაშქრით. განგვალაღებს ძლევა მტერთა ჩვენთა, მაგრამ მეფეთ უცნაური ხმაც განაგებს - უცებ დავითს მოეძალა სევდა... ნუვინ ჰგონებს - ზადია და ხინჯი! სევდა იგი პოეტების ტალანტია და მეფეთა ოდენ დიდთა ნიჭი! სხვა რა რჩება უკანასკნელ გზამდე?! უკვე გქონდა ვებერთელა იმპერია გადაშლილი, დავით, ზღვიდან ზღვამდე! მაგრამ ქრისტედ, აღდგენილად მკვდრეთით, უკვე გქონდა საქართველო მთლიანი და მთლიანზეც ბარე ორჯერ მეტი! მათრობელა ბანგი ახლავს ზმირინის; უკვე გქონდა ხანძარივით სახელი ჰრომს, აფრიკეთს, ევროპს ხმაგასმენილი! სხვად ათინად და უაღრეს მისად, უკვე გქონდა, უკვე გქონდა გელათი საყდრად ქვეყნის და საძვალედ თვისად... უკვე გქონდა წილად უფლისანი წყალობანი, წყალობანი ყოველნი, გალობანიც სინანულისანი. |
პოეზიის გვერდი • • • • • • მურმან ლებანიძის პოეზია |